საქმე #ბს-6(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 18 მაისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შპს „...ს“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ცენტრალიზებული წესით გადაეცა სადაზღვევო კომპანია „...ას“ კონტიგენტი. მოპასუხე კი უსაფუძვლოდ ედავება, რომ შპს „...ი“ ვალდებული იყო, გეგმიური ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში, მოსარგებლეთა რეგისტრაცია განეხორციელებინა მხოლოდ მოსარგებლის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.
მოსარჩელის მითითებით, სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოსარგებლედ რეგისტრაცია ხორციელდება სპეციალური ელექტრონული პორტალით, სადაც პირის იურიდიული მისამართი უკვე აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით. სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი კი იწერება ოპერატორის მიერ თვით მოსარგებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ქალაქში (ან დაბაში) მაცხოვრებელი პირი მიეთითება ძირითად კონტიგენტში, ხოლო სოფლად მაცხოვრებელი - დამატებით კონტიგენტში; ძირითად კონტიგენტში რეგისტრირებულ პირებზე სახელმწიფო დაფინანსება 0.86 ლარით მეტია. მოსარჩელის აღნიშვნით, შპს „...ში“ ბენეფიციარები ძირითად და დამატებით კონტიგენტში სწორედ ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით დარეგისტრირდნენ. ამდენად, მოპასუხე უსაფუძვლოდ ედავება, რომ შპს „...ის“ მიერ არასწორად მოხდა ბენეფიციართა ძირითად კონტიგენტში რეგისტრაცია.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხე უსაფუძვლოდ ითხოვს კაპიტაციის პრინციპით გაცემული თანხების უკან დაბრუნებას. გარდა ამისა, მოპასუხე თავის მოთხოვნებს აფუძნებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის იმ ბრძანებებზე, რომლებიც არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და მხოლოდ შიდა მოხმარების მნიშვნელობა აქვს.
მოსარჩელის მითითებით, შპს „...ის“ საქმიანობა შემოწმდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, თუმცა მის მიმართ რაიმე დარღვევა არ აღმოჩენილა. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ მოპასუხეს არ აქვს იმავე საქმიანობის განმეორებით შემოწმების უფლება.
ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ ჰქონდა უფლება, შეემოწმებინა 5-წლიანი პერიოდი, რადგან 5-წლიანი შემოწმების ვადა განისაზღვრა მხოლოდ 2015 წლის 26 ოქტომბრიდან, მანამდე კი განსაზღვრული იყო 3 წელი, რაც, თავის მხრივ, დაწესდა 2015 წლის 23 თებერვალს.
ამდენად, მოსარჩელემ შპს „...ის“ მიერ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 10 ივლისის #04/45028 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების #2018/30/02 აქტის (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის აქტის) ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოში დავის საბოლოოდ დასრულებამდე შპს „...ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 10 ივლისის #04/45028 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების #2018/30/02 აქტის (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის აქტის) მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, ასევე, შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის - შპს „...ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 10 ივლისის #04/45028 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების #2018/30/02 - აქტის მოქმედება ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინებით გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინებაში გასწორდა უსწორობა, კერძოდ: შეჩერებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომრად მიეთითა #2018/30/03/02, ნაცვლად #2018/30/02-ისა; განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ შპს „...ის“ მიერ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 10 ივლისის #04/45028 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების #2018/30/03/02 აქტის 7.1. პუნქტის, შპს „...ის“ მიერ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 10 ივლისის #04/45028 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების #2018/30/03/02 აქტის 7.2. პუნქტის, შპს „...ის“ მიერ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 10 ივლისის #04/45028 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების #2018/30/03/02 აქტის 8.1. პუნქტისა და შპს „...ისათვის“ 1 580 079.02 ლარის უკან დაბრუნების ვალდებულების განსაზღვრის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის #04/21365 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის 1 561 635.85 ლარის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის #2018/30/03/02 აქტის 7.1. პუნქტი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის #2018/30/03/02 აქტის 7.2. პუნქტი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის #2018/30/03/02 აქტის 8.1. პუნქტი ამავე აქტის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებაში (1 561 635.85 ლარის დაკისრების ნაწილში); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ისათვის“ 1 580 079.02 ლარის უკან დაბრუნების ვალდებულების განსაზღვრის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის #04/21365 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი 1 561 635.85 ლარის ნაწილში; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმის შემდეგი გარემოებების გამოკვლევა დაევალა: ა) შპს „...ს“ თანხმობის ფორმები შეუვსებელი ჰქონდა მხოლოდ სადაზღვევო კომპანია „...ას“ ბენეფიციარებზე თუ კიდევ სხვა პირებზე; ბ) სადაზღვევო კომპანია „...ას“ იმ ბენეფიციარებზე, რომელთა ბაზაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ თვითონ უშუალოდ გადასცა მოსარჩელეს, ბრალეულია თუ არა შპს „...ი“ თანხმობის ფორმების შეუვსებლობაზე და გააჩნდა თუ არა თანხმობის ფორმების შევსების ვალდებულება ამ პირებზე; გ) იმ ბენეფიციარებმა, რომლებზეც არ არსებობს თანხმობის ფორმები, თავისი მოქმედებით გამოხატეს თუ არა ეს ნება შპს „...ში“ მკურნალობითა და სამედიცინო მომსახურების მიღებით, და შეფასდეს, ამ პირებზე თანხმობის ფორმების არარსებობა რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის; დ) იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება შპს „...ის“ ბრალეულობა თანხმობის ფორმების არარსებობაში, ამ „დარღვევებთან“ მიმართებაში მოხდეს შეფასების მიცემა შემთხვევის დასრულებიდან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების 151 მუხლის მე-2 ნაწილში კონტროლის განხორციელების ხანდაზმულობის 3 და 5 კალენდარული წლების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული პრინციპის დაცვით; ე) ასეთივე შეფასება მოხდეს ხანდაზმულობის 3 და 5 კალენდარული წლების გამოყენებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევებზე, რომლებიც ეხება მოსარგებლეთა ძირითად კონტიგენტში არასწორად რეგისტრაციას; შპს „...ის“ სარჩელი მითითებული აქტების სრულად ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია, უნდა მიენიჭებინა თუ არა ხუთწლიანი ვადის დადგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში განხორციელებული 26.10.2015წ. #522 ცვლილებისათვის უკუძალა და შესაბამისად, უნდა გავრცელებულიყო თუ არა ხუთწლიანი შემოწმების ვადა 2015 წლის 26 ოქტომბრის (ცვლილების) შემდეგ დასრულებულ თითოეულ შემთხვევაზე ინდივიდუალურად, იმ პირობებში, როდესაც ნორმატიული აქტის ძველი რედაქცია, შესაბამისი კონტროლის განხორციელებასთან მიმართებით, ადგენდა სამწლიან ხანდაზმულობის ვადას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამწლიანი ვადის ხუთ წლამდე გაზრდა არ უნდა გამხდარიყო სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. სააპელაციო პალატის შეფასებით, ხანდაზმულობის ვადის ზრდა 3 წლიდან 5 წლამდე პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხზე - ზრდის მას. აღნიშნული კი იძლევა შესაძლებლობას, შემოწმება შეეხოს შემოწმების დაწყებამდე 3 წლის წინანდელ შესაძლო დარღვევებსაც, რაც, თავის მხრიც, გამოიწვევს პასუხისმგებლობასაც. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული სასამართლო პრაქტიკიდან აპელანტის მიერ დასახელებული სხვადასხვა პრეცედენტები არ იყო რელევანტური განსახილველ საკითხთან მიმართებით, რამეთუ გაზრდილი ვადა შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ იმ სამართალურთიერთობებზე, რომლებიც ცვლილების განხორციელების შემდგომ წარმოიშობოდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო პერიოდში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა ტექნიკურ ხარვეზებს, თუმცა რიგი არსებითი მნიშვნელობის საკითხებისა გამოუკვლეველი იყო. მაგალითად, გასაჩივრებული აქტებით არ დგინდებოდა, იყო თუ არა შპს „...ი“ ბრალეული თანხმობის ფორმების შეუვსებლობაზე სადაზღვევო კომპანია „...ას“ იმ ბენეფიციარებზე, რომელთა ბაზაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ თავად გადასცა მოსარჩელეს; ვერ დგინდებოდა, ზუსტად რომელ დღეს მოხდა სადაზღვევო კომპანია „...ას“ ბენეფიციართა ბაზის შპს „...ისათვის“ გადაცემა და რეგისტრაცია; ვერ დგინდებოდა, შპს „...ს“ თანხმობის ფორმები არ ჰქონდა შევსებული მხოლოდ სადაზღვევო კომპანია „...ას“ ბენეფიციარებზე თუ სხვა პირებზეც. გარდა ამისა, არ გამოკვლეულა ბენეფიციარებს, რომლებზეც არ არსებობს თანხმობის ფორმები, შპს „...ში“ გაეწიათ თუ არა რაიმე სამედიცინო მომსახურება და თუკი გაეწიათ, საკმარისი იყო თუ არა ამ ფორმით ნების გამოხატვა მათი ამ სამედიცინო დაწესებულების ბენეფიციარებად მიჩნევისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ თუ ფიზიკურ პირზე არ არსებობს სათანადოდ შევსებული და გაფორმებული მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმა, ასეთ შემთხვევებზე განმახორციელებლებისაგან თანხის მოთხოვნა განხორციელდა საფუძვლების არარსებობის პირობებში.
კასატორის განმარტებით, კონკრეტულ მიმწოდებელთან სერვისის მიღების ნების/სურვილის გამოხატვის უტყუარობის მიზნით და მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მომსახურების დაფინანსებისათვის საჭირო პირობად კანონმდებელმა გაითვალისწინა მოსარგებლის მხრიდან თანხმობის წერილობით გამოხატვა - თანხმობის ფორმა და მასზე მოსარგებლის/წარმომადგენლის ხელმოწერა. 2014 წლის 1 აპრილიდან ამ პირობის გათვალისწინებით, გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის მოსარგებლეების რეგისტრაცია ხორციელდება სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით. თანხმობის ფორმების დაცულობით უზრუნველყოფილია მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხების მიზნობრიობისა და კანონშესაბამისობის დადასტურება. შესაბამისად, კასატორი აღნიშნავს, რომ ასეთი ფორმების არარსებობა განაპირობებს მიმწოდებლის პასუხისმგებლობას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააბრუნოს საფუძვლების გარეშე განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხა.
ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარული წლით კონტროლის განხორციელების ვადის განსაზღვრა (ნაცვლად 3 წლისა) შეუძლებელია სამართლებრივად გაუთანაბრდეს იურიდიული პასუხისმგებლობის დამძიმებას. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი რეგულაცია არ მოქმედებს მის შემოღებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რომლებიც არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება, არ ვრცელდება საჯარო სამართლის სფეროზე. კასატორი აღნიშნავს, რომ დადგენილებაში ცვლილებით არ მომხდარა აქტისათვის ნამდვილი უკუძალის მინიჭება, ვინაიდან არ გვხვდება წარსულში მომხდარი და დასრულებული ფაქტობრივი ურთიერთობები. განსახილველ შემთხვევაში, ახალი რეგულაცია შემოწმების ვადებთან დაკავშირებით ზემოქმედებს ცვლილებამდე წარმოშობილი სამართალურთიერთობების მომავალში განვითარებაზე (ზედამხედველობის ეფექტური განხორციელება), ცვლის სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, კერძოდ, მიმწოდებლის შემოწმების ვადას ცვლილების ძალაში შესვლის მომენტიდან და არ მოითხოვს აქტში მისი მოქმედების პირობის/წესის განსაკუთრებულ აღნიშვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განისაზღვრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეები) საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია შპს „...ის“ მიერ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 10 ივლისის #04/45028 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების #2018/30/03/02 აქტის 7.1. პუნქტის, შპს „...ის“ მიერ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 10 ივლისის #04/45028 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების #2018/30/03/02 აქტის 7.2. პუნქტის, შპს „...ის“ მიერ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 10 ივლისის #04/45028 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების #2018/30/03/02 აქტის 8.1. პუნქტისა და შპს „...ისათვის“ 1 580 079.02 ლარის უკან დაბრუნების ვალდებულების განსაზღვრის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის #04/21365 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის 1 561 635.85 ლარის ნაწილში ბათილად ცნობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმდა შპს „...ის“ მიერ წარდგენილი, 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შედეგად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 30 მარტს შედგა შემოწმების #2018/30/03/02 აქტი, რომლის თანახმად შპს „...ის“ სამედიცინო ცენტრში გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: ა) მიმწოდებელმა 80 186 შემთხვევაში ვერ წარადგინა გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები; ბ) გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმღებად ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული არიან სოფლად მცხოვრები პაციენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი უნდა ყოფილიყვნენ დამატებით კონტიგენტში, რის გამოც შპს „...ს“ თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიღებული აქვს 0.86 ლარით მეტი, სულ - 36 590.42 ლარი.
აღმოჩენილი დარღვევების გამო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს #2018/30/03/02 სადავო აქტით შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დაეკისრა 4 614 711.36 ლარი, საიდანაც 1 580 079.02 ლარი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შპს „...ისთვის" ანაზღაურებულ თანხას, ხოლო 3 034 832.34 ლარი - ორმაგ ფინანსურ ჯარიმას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის #04/21365 გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის #66 დადგენილების საფუძველზე, ძალადაკარგულად ჩაითვალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის #2018/30/03/02 აქტით გათვალისწინებული ფინანსური (საჯარიმო) სანქციები, გარდა ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებისა, ხოლო 1 580 079.02 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში ასანაზღაურებელ ვალდებულებად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი #1) 151 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს. საყურადღებოა, რომ 2015 წლის 26 ოქტომბრის #552 ცვლილებამდე, მითითებული დანართის 151.2 მუხლის კონტროლის განხორციელების ვადად შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამ) კალენდარულ წელს ადგენდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მსჯელობის გარეშე დატოვა, უნდა მიენიჭებინა თუ არა ხუთწლიანი ვადის დადგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში განხორციელებული 26.10.2015წ. #522 ცვლილებისათვის უკუძალა და შესაბამისად, უნდა გავრცელებულიყო თუ არა ხუთწლიანი შემოწმების ვადა 2015 წლის 26 ოქტომბრის (ცვლილების) შემდეგ დასრულებულ თითოეულ შემთხვევაზე ინდივიდუალურად, იმ პირობებში, როდესაც ნორმატიული აქტის ძველი რედაქცია, შესაბამისი კონტროლის განხორციელებასთან მიმართებით, ადგენს სამწლიან ხანდაზმულობის ვადას.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამწლიანი ვადის ხუთ წლამდე გაზრდა არ უნდა გახდეს სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის ზრდა 3-დან 5 წლამდე, პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხზე - ზრდის მას. აღნიშნული კი იძლევა შესაძლებლობას, შემოწმება შეეხოს შემოწმების დაწყებამდე 3 წლის წინანდელ შესაძლო დარღვევებსაც, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს კლინიკის პასუხისმგებლობასაც. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გაზრდილი ვადა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ სამართალურთიერთობებზე, რომლებიც ცვლილების განხორციელების შემდგომ წარმოიშობა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო პერიოდში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ტექნიკურ ხარვეზებს, თუმცა რიგი არსებითი მნიშვნელობის საკითხებისა გამოუკვლეველია. მაგალითად, გასაჩივრებული აქტებით არ დგინდება, შპს „...ი“ ბრალეულია თუ არა თანხმობის ფორმების შეუვსებლობაზე სადაზღვევო კომპანია „...ას“ იმ ბენეფიციარებზე, რომელთა ბაზაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ თავად გადასცა მოსარჩელეს; ვერ დგინდება, ზუსტად რომელ დღეს მოხდა სადაზღვევო კომპანია „...ას“ ბენეფიციართა ბაზის შპს „...ისათვის“ გადაცემა და რეგისტრაცია; ვერ დგინდება შპს „...ს“ თანხმობის ფორმები არ ჰქონდა შევსებული მხოლოდ სადაზღვევო კომპანია „...ას“ ბენეფიციარებზე თუ სხვა პირებზეც. გარდა ამისა, არ გამოკვლეულა ბენეფიციარებს, რომლებზეც არ არსებობს თანხმობის ფორმები, შპს „...ში“ გაეწიათ თუ არა რაიმე სამედიცინო მომსახურება და თუკი გაეწიათ, ამ ფორმით ნების გამოხატვა საკმარისია თუ არა მათი ამ სამედიცინო დაწესებულების ბენეფიციარებად მიჩნევისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში აღირიცხულია არაერთი ბენეფიციარი, რომელთა დიდ ნაწილსაც გაეწიათ სამედიცინო მომსახურება, რომლებიც არ არიან დაზუსტებით იდენტიფიცირებულნი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო საკითხთან მიმართებით, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება, სრულყოფილად და ჯეროვნად გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, დეტალურად და ამომწურავად დაასაბუთოს გამოვლენილი თითოეული ხარვეზი, დარღევის თითოეული შემთხვევა და მათ მიერ გამოწვეული ზიანის არსებობა, მისი მოცულობა, რამაც შეიძლება განაპირობოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ შემოწმების აქტში არგუმენტაციისა და გამოკვლევის გარეშე გარემოებების ზოგადი ასახვა არ უნდა გახდეს სამედიცინო დაწესებულებისათვის თანხის დაკისრების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 26.02.2021წ. #05477 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით, ხოლო 13.04.2021წ. #09195 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟი - 3850 ლარის ოდენობით, სულ - 4 000 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 2 800 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 26.02.2021წ. #01043 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით, ხოლო 14.04.2021წ. #01903 საგადახდო მოთხოვნით - 3 850 ლარის ოდენობით, სულ - 4 000 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 2 800 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.02.2021წ. #05477 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარისა და 13.04.2021წ. #09195 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 850 ლარის, სულ - 4 000 ლარის 70 პროცენტი - 2 800 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.02.2021წ. #01043 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარისა და 14.04.2021წ. #01903 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 850 ლარის, სულ - 4 000 ლარის 70 პროცენტი - 2 800 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა