საქმე #ბს-178(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 11 მარტს ჟ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას 2008 წლის 13 მაისს გაცემული #... საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უღიარა საკუთრების უფლება ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 1905 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რის შემდეგაც მოსარჩელემ აღნიშნული ნაკვეთი დაუზუსტებელი მონაცემებით დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან კი შეიტყო, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაუქმებული იყო რეგისტრაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 8 ოქტომბრის #32 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულ იქნა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 ნაწილი და განიმარტა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ...ში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის და მთლიანად რეგიონის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტიულ ზოლში.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას არც საკუთრების უფლების აღიარების და არც საკუთრების უფლების გაუქმების მომენტისთვის არ ჰქონია დამტკიცებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმა. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისთვის საკუთრების უფლების აღიარების პერიოდში (13.05.2008წ.) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავდა 51 მუხლს. აღნიშნულ კანონში ცვლილებები 2008 წლის 5 დეკემბერს განხორციელდა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღიარების კომისიამ კანონს უკუძალა მიანიჭა.
მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გასცა საკუთრების უფლების მოწმობები, რომლებიც ძალაში იყო, შესაბამისად, კომისია ერთი და იმავე სიტუაციაში არსებული მიწის ნაკვეთების მიმართ იღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებებს. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმების შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 22 დეკემბრის #01-22/5457 მიმართვის საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონში, ...ში მდებარე 3488 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. აღნიშნულ მიწის ნაკვეთშია მოქცეული სადავო 1905 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ამდენად, მოსარჩელემ 2008 წლის 13 მაისს გაცემული #... საკუთრების უფლების მოწმობის და შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილებისა და ჟ. ჯ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 8 ოქტომბრის #31 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხულ, ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 3488.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) ყადაღის დადება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით ჟ. ჯ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა, საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხული, ქალაქ ბათუმში, ...ში მდებარე 3488.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) გასხვისება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ჟ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 8 ოქტომბრის #31 საოქმო გადაწყვეტილება, ამავე კომისიის 2008 წლის 29 აპრილის #55 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, ჟ. ჯ-ის ნაწილში; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 29 აპრილის #55 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით, ჟ. ჯ-ის ნაწილში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საკუთარი ინიციატივით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების შესამოწმებლად, მათ შორის, ჟ. ჯ-ის მიმართ 2008 წლის 29 აპრილს საკუთრების უფლების აღიარებისა და #... საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერების შესწავლის მიზნით. 2010 წლის 8 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა ჟ. ჯ-ეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერების საკითხი და მიიჩნია, რომ 2008 წლის 29 აპრილის #55 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც აღიარებულ იქნა ჟ. ჯ-ის საკუთრების უფლება 1905 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, კანონის დარღვევით იყო მიღებული, რის გამოც 2010 წლის 8 ოქტომბრის #31 საოქმო გადაწყვეტილებით იგი ბათილად იქნა ცნობილი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - კომისიის 2010 წლის 8 ოქტომბრის #31 საოქმო გადაწყვეტილებაში, საერთოდ არ ყოფილა მითითებული იმაზე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები შეისწავლა და გამოიკვლია კომისიამ საკითხის განხილვისას, ჟ. ჯ-ის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის უშუალო ფაქტობრივ გარემოებასთან, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან შესაბამისობის კუთხით. ამასთან, კომისიის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ჟ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების შეუსაბამობა. მართალია, „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის #655 ბძანებულების თანახმად, სოფელი ...ი წარმოადგენს კურორტს და შესულია საკურორტო ადგილების ნუსხაში, თუმცა ეს გარემოება პირდაპირ არ ზღუდავს ...ის ტერიტორიაზე სახელმწიფოს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ეს გარემოება არც იმ მნიშვნელობით შეიძლება შეფასებულიყო, რომ საკურორტო ზონაში მდებარეობა ცალსახად ნიშნავს შეუსაბამობას სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, არამედ შესაბამისობის საკითხის გათვალისწინებად იგულისხმება სათანადო წესით მიღებულ და დამტკიცებულ კონკრეტულ გეგმასთან არსებული თავსებადობა. სააპელაციო პალატამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აპელანტ მხარეს ...ის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებისა და მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმის შესახებ არსებულ რაიმე დოკუმენტზე არც მითითება გაუკეთებია და ასეთი არც სასამართლოსთვის წარუდგენია.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჟ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების საკითხის გადასაწყვეტად, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და სადავო აქტის გამოცემისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის და შეფასების, ასევე, აქტის დასაბუთების შესახებ კანონისმიერი მოთხოვნები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, ხოლო სოფელ ...ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია მუნიციპალიტეტის და მთლიანად რეგიონის საკურორტო ინფრასტრუქტურის პერსპექტიული განვითარების ზოლში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია 2008 წლის 13 მაისს გაცემული #... საკუთრების უფლების მოწმობის, შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილებისა და ჟ. ჯ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 8 ოქტომბრის #31 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში ჟ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და სოფელ ...ში მდებარე 1905 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. კომისიის 2008 წლის 29 აპრილის #55 საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ჟ. ჯ-ის საკუთრების უფლება 1905 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. საოქმო გადაწყვეტილების თანახმად, ჟ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი დაკონკრეტებული არ ყოფილა. კერძოდ, გადაწყვეტილება შეეხებოდა რამდენიმე ფიზიკური პირის, მათ შორის, ჟ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარებას სხვადასხვა მიწის ნაკვეთებზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში, ისე სარგებლობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვთებზე, თუმცა თითოეულ პირზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი დაკონკრეტებული არ ყოფილა. 2008 წლის 13 მაისს, ჟ. ჯ-ემ კომისიისაგან მიიღო #... საკუთრების უფლების მოწმობა 1905 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის საფუძველზე, 2008 წლის 16 მაისს განახორციელა 1905 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრში.
ასევე დადგენილად არის მიჩნეული, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საკუთარი ინიციატივით დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების შესამოწმებლად, მათ შორის, ჟ. ჯ-ისთვის 2008 წლის 29 აპრილს საკუთრების უფლების აღიარებისა და #... საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერების შესწავლის მიზნით. 2010 წლის 8 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა ჟ. ჯ-ეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერების საკითხი. კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჟ. ჯ-ის საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა 1905 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობდა მუნიციპალიტეტის და მთლიანად რეგიონის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტიულ ზოლში, ვრცელდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტიულ ზონას, ამ ზონაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვა უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი წესით, კერძოდ, საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გათვალისწინებული პირობიანი წესით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომისიამ მიიჩნია, რომ 2008 წლის 29 აპრილის #55 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც აღიარებული იქნა ჟ. ჯ-ის საკუთრების უფლება 1905 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, კანონის დარღვევით იყო მიღებული, რის გამოც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 8 ოქტომბრის #31 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული მიწის ნაკვეთის და დაინტერესებული პირის მიმართ არსებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რისთვისაც საჭირო იყო იმ ფაქტების დადგენა, რასაც სადავო პერიოდში (მიწის ნაკვეთებზე დაინტერესებულ პირთა საკუთრების უფლების აღიარების დროს) მოქმედი კანონი ითვალისწინებდა. კერძოდ, გამოსაკვლევი იყო, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, ჟ. ჯ-ის მიერ წარდგენილი იყო თუ არა კომისიაში სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრული დოკუმენტები და ხომ არ არსებობდა საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, კონკრეტული გარემოებები.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - კომისიის 2010 წლის 8 ოქტომბრის #31 საოქმო გადაწყვეტილებაში, საერთოდ არ ყოფილა მითითებული იმაზე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები შეისწავლა და გამოიკვლია კომისიამ საკითხის განხილვისას, ჟ. ჯ-ის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის უშუალო ფაქტობრივ გარემოებასთან, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან შესაბამისობის კუთხით. ამასთან, კომისიის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ჟ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების შეუსაბამობა. მართალია, „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის #655 ბრძანებულების თანახმად, სოფელი ...ი წარმოადგენს კურორტს და შესულია საკურორტო ადგილების ნუსხაში, თუმცა ეს გარემოება პირდაპირ არ ზღუდავს ...ის ტერიტორიაზე სახელმწიფოს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, ამასთან, ეს გარემოება არც იმ მნიშვნელობით შეიძლება შეფასდეს, რომ საკურორტო ზონაში მდებარეობა უკვე ნიშნავს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან შეუსაბამობას, შესაბამისობის საკითხის გათვალისწინებად იგულისხმება სათანადო წესით მიღებულ და დამტკიცებულ კონკრეტულ გეგმასთან არსებული თავსებადობა.
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კომისიას ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოუკვლევია შესაბამისი ფაქტები, კერძოდ, ადგილზე გასვლით არ დაუთვალიერებია მიწის ნაკვეთი, არ გამოუკითხავს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მოსარგებლეები და მესაკუთრეები, არც რაიმე შეფასება ან დასკვნა გაუკეთებია ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის შესახებ, შესაბამისად, მისი მხრიდან უგულებელყოფილია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის და შეფასების, ასევე აქტის დასაბუთების შესახებ კანონისმიერი მოთხოვნები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა