Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-153(კ-21) 7 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ს-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ს-ემ 2018 წლის 10 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ამავე კომისიის 2018 წლის 18 ივლისის №938 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ქალაქ თბილისში, ...ე №19 კორპუსის მიმდებარედ 605 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის №938 განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს გ. ს-ის განცხადებასთან დაკავშირებით დაევალა, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, საქმის მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ. ს-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი, ასევე გ. ს-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ გ. ს-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე მართებულად ეთქვა უარი, რადგან არ დასტურდებოდა კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობის, ასევე მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.

კასატორის აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 10 ოქტომბრის №60-O11729090 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ გ. ს-ის დაინტერსებაში არსებული მიწის ნაკვეთი მოქცეულია სამრეწველო ზონა 1-ში და მასზე გათვალისწინებულია ...ი სპეციალური შეზღუდვა. საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ოთხი შენობა-ნაგებობა, მათგან 2005 წლის ორთოფოტოზე ფიქსირდება სამი, 2010-2014 წლების ორთოფოტოებზე - ორი. ხსენებული სამი ნაგებობიდან ერთი არის ხის, მეორე - ლითონის, ხოლო მესამე, რომელიც აზომვით ნახაზზე დატანილია როგორც შენობა №4, წარმოადგენს მშენებარე ნაგებობას. ამდენად, ზემოხსენებული კანონის ამოქმედებამდე უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მხოლოდ დროებითი შენობა-ნაგებობები, რაც წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ. ს-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) დაკავებისა და ფლობის, ასევე მასზე შენობის არსებობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის, მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი) შესაბამისად, არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში პირმა უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად თვეთნებურად ჰქონდა დაკავებული, ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.). სადავო შემთხვევაში, კომისიის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენდა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე როდიდან და რა დანიშნულების შენობა-ნაგებობა არსებობდა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო აქტით, კომისიის მიერ ქალაქ თბილისში, ...ე №19-ის მიმდებარედ არსებულ 605 კვ.მეტრზე გ. ს-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ორთოფოტოების საფუძველზე არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა, კერძოდ, მასზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობები. ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას აღიარების კომისიის წარმომადგენლმა განმარტა, რომ 2005 წლის ორთოფოტოზე ფიქსირდებოდა სამი შენობა-ნაგებობა, მათგან ორი დროებითი, ერთი კი მშენებარე. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია მოწმეების - ი. ჯ-ისა და მ. ღ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვით, გ. ს-ე 1997 წლიდან ფლობს ...ე №19 კორპუსის მიმდებარე 605 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს. მითითებულ მოწმეთა განმარტებას არ ეწინააღმდეგება მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2005 წლის აეროფოტოგადაღების მონაცემები, რომლებიც ცხადყოფს, რომ გ. ს-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი 2005 წლის მდგომარეობით შემოღობილია და მასზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერებას ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ დასტურდება კანონის ამოქმედებამდე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2005 წლის ორთოფოტო ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს გ. ს-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ფლობის ფაქტს.

საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასება და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა რიგი გარემოებები, კერძოდ, გ. ს-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელექტრონული ვერსიით, სუბსიდირების პროექტი, აგრეთვე, მეზობლების ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებები, საიდანაც ირკვევა, რომ გ. ს-ე 1997 წლიდან ფლობს და სარგებლობს ქალაქ თბილისში, ...ე №19 კორპუსის მიმდებარედ არსებული 605 კვ.მ. მიწის ნაკვეთით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიას არ დაუსაბუთებია მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გაზიარებაზე უარი, მათი არასარწმუნოობა. პალატა ამთანავე, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სადავო შემთხვევაში უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საქმეში დაცული მტკიცებულებები არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ცალსახა საფუძველს და არ გამორიცხავს მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტს. რაც შეეხება კასატორის მითითებას სადავო ნაკვეთზე ...ი ზოლის შეზღუდვის არსებობის შესახებ, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარემოება არ გამხდარა კომისიის მიერ გ. ს-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად შეისწავლოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწვეტილება მიიღოს მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით წარმართვის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული გარემოება ადასტურებს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული განკარგულების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის მართებულობას, ვინაიდან განკარგულებაში მითითებული, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე