საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-681(კ-21) 7 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ლ. შ-ა, ლე. შ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ლ. შ-ამ 2019 წლის 13 აგვიტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №2992 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ლე. შ-ამ 2019 წლის 13 აგვიტოს ასევე სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 12 თებერვლის №156 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ლ. შ-ას (საქმე №3/6366-19) და ლე. შ-ას (საქმე №3/6367-19) საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა №3/6366-19.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. და ლე. შ-ების სარჩელები დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №2992 და 2015 წლის №156 ბრძანებები და მოპასუხეს ლ. და ლე. შ-ებისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები მხოლოდ სწავლის მიზნით, დროებით ცხოვრობდნენ აფხაზეთში, რასაც ადასტურებს მათი ნათესავის ბინაში ცხოვრების ფაქტი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები დაიბადნენ, სწავლობდნენ, დაოჯახდნენ და ცხოვრობდნენ დედასთან ერთად ...ში.
კასატორის მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დანაწესის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, პირისათვის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ მას იძულებით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და არ შეეძლოს უკან დაბრუნება. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით და ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ მათში ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტების გამოცემაზე და აქტები დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს - მოსარჩელის ბიოგრაფია, დაბადების, სწავლის, მუშაობის, ოჯახის შექმნის, შვილების დაბადებისა და სწავლის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილები, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სხვა უწყებებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს და სარჩელების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ლ. და ლე. შ-ებისთვის 1992 წლამდე ქალაქ სოხუმში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით, დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
რაც შეეხება დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთს წარმოადგენს მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
დასახალებულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).
სადავო შემთხვევაში, დადგენილია რომ ლ. და ლე. შ-ებს 2013 წლიდან მინიჭებული ჰქონდათ დევნილის სტატუსი, რომელიც ჩამოერთვათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №2992 და 2015 წლის 12 თებერვლის №156 ბრძანებებით იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მათი ქალაქ სოხუმში 1992 წლამდე ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა განმარტებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელეებთან ჩატარებული გასაუბრებებისას ლ. შ-ამ აღნიშნა, რომ ... წელს დაიბადა ...ში. 1989 წელს დაამთავრა წალენჯიხის რაიონის სოფელ ...ას საშუალო სკოლა. 1991-1992 წლებში სწავლობდა ...ში. იგი შრომით საქმიანობას სოხუმში არ ეწეოდა. დევნილობამდე ცხოვრობდა ნათესავთან - გ. ბ-ესთან ერთად მისამართზე: ქალაქი სოხუმი, სოფელი ...ი. მას არ ახსოვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების თარიღი. 2006 წელს დაოჯახდა ...ს რაიონის სოფელ ...ში. ამჟამად კი ცხოვრობს დედასთან - ზ. ა-ასთან და შვილთან - დ. ჯ-ასთან ერთად. გასაუბრება ჩაუტარდა ასევე ლე. შ-ას, რომელმაც განმარტა, რომ დაიბადა ... წელს ...ში. 1987 წელს დაამთავრა ...ს ... საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ნათესავთან. შრომით საქმიანობას ქალაქ სოხუმში არ ეწეოდა. 1991 წელს ჩააბარა ინსტიტუტში ქალაქ სოხუმში. მისი განმარტებით, საცხოვრებელი ფართი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიძინა 1990 წელს, მაგრამ იქ არ უცხოვრია რემონტის გამო. დევნილობამდე ცხოვრობდა ნათესავთან - გ. ბ-ესთან ერთად. ქალაქ სოხუმის სოფელ ...ის დატოვების თარიღი არ ახსოვს. 1995 წელს დაოჯახდა ...ში. ამჟამად კი ცხოვრობს დედასთან - ზ. ა-ასთან და შვილთან - მ. ჯ-ასთან ერთად. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წერილების და გასაუბრების მასალების გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ 1992 წლამდე ლ. შ-ას მუდმივად ცხოვრების ფაქტი ქალაქ სოხუმში არ დასტურდებოდა, ხოლო ლე. შ-ასთან დაკავშირებით კომისიამ მიიჩნია, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა ...ში, ხოლო სოხუმში იმყოფებოდა ნათესავთან სწავლის მიზნით.
სადავო შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სოხუმის რაიონის კოლმეურნეობის „...ას“ კოლმეურნეთა საერთო კრების ოქმიდან 1990 წლის 25 იანვრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლე. შ-ას გამოეყო ლ. კ-ას ნაკვეთიდან 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი, რასაც ადასტურებს ასევე საქმეში წარმოდგენილი აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო სამრეწველო კომიტეტის სოხუმის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების კოლმეურნეობის თავმჯდომარის 1990 წლის 15 მარტის ცნობა. გარდა ამისა, 2019 წლის 10 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა - ჯ. ა-ამ განმარტა, რომ ლე. და ლ. შ-ები მისი ნათესავები არიან და მასთან ცხოვრობდნენ სოხუმში. მოსარჩელეთა დედა ადრე დაქვრივდა და ცხოვრობდა ...ში, სადაც მუშაობდა მაღაზიაში. მოწმის ჩვენებითვე, მათ სოხუმში სურდათ ცხოვრება და სახლიც იყიდეს. მოწმემ დაადასტურა, რომ ლე. და ლ. შ-ები ოკუპაციის მომენტისთვის სოხუმის მუდმივი მაცხოვრებლები იყვნენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში გაგზავნილ მიმართვებზე წარმოდგენილი საპასუხო წერილები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ლ. შ-ა და ლე. შ-ა იყვნენ ქალაქ სოხუმის სოფელ ...ის მუდმივად მაცხოვრებელი პირები.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა ის ფაქტი, რაც გამორიცხავდა მოსარჩელეთა 1992 წლამდე ქალაქ სოხუმში მუდმივად ცხოვრებას, მით უფრო იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმისა და მხარეების განმარტების შესაბამისად დასტურდება მოსარჩელეების - ლ. და ლე. შ-ების აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო აქტებში მითითებული გარემეოებები, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს მოპასუხის არგუმენტაცია, მოსარჩელეთა მიერ დევნილის სტატუსის მოპოვება ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს მოსარჩელეთა მიმართ დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტების უკანონობის პირობებში, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით დად ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე