საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-793(კს-21) 1 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ფ/პ მ. ფ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აგვისტოს განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური; მოპასუხეები - შპს „...“, შპს „მ... “).
2017 წლის 23 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს „...“-ის, შპს „მ...ს“ და ფ/პ მ. ფ-ის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს „მ...ს“ (ს/ნ...) საკუთრებაში არსებულ შპს „...“-სგან (ს/ნ ...) მიღებულ ქონებასა (3 ზედნადები) და სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს „მ...ს“ საბანკო ანგარიშებს სს „...ში“ 28459 ლარის ფარგლებში; სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა მ. ფ-ის სახელზე რიცხულ უძრავ-მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და განჩინების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 23 ივნისს წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელი მიჩნეულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავის შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობად და განისაზღვრა მისი ზემოაღნიშნული თავით დადგენილი წესით განხილვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს ,,...“ და შპს „მ...“ აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად; სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ფ/პ მ. ფ-ის, შპს ,,...“-სა და შპს ,,მ...ს“ ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი. ხსენებული ბრძანება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის ბრძანების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის ბრძანება ფიზიკური პირის მ. ფ-ის შპს ,,...“-ს და შპს ,,მ...ს“ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი ბრძანება, რომლითაც ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად იქნენ აღიარებულნი ფიზიკური პირი მ. ფ-ე, შპს ,,...“ და შპს ,,მ...“; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული ბრძანება დარჩა უცვლელად.
მ. ფ-ემ 2021 წლის 12 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა. განმცხადებელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანების განმარტება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აგვისტოს განჩინებით მ. ფ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მითითებული განჩინება მ. ფ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმება მოითხოვა. საჩივარში აღნიშნულია, რომ მ. ფ-ე 2002 წლის 2 ივლისიდან არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ბრძანება მიღებულია ფიზიკურ პირ მ. ფ-ის მიმართ. შესაბამისად, საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს ბრძანების განმარტება - ი/მ მ. ფ-ე არის თუ არა ცრუმაგიერი პირი ფ/პ მ. ფ-ისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აგვისტოს ბრძანების შესაბამისად, აგებს თუ არა პასუხს ი/მ მ. ფ-ე შპს „...“-ის, შპს „მ...ს“ და ფ/პ მ. ფ-ის საგადასახადო ვალდებულებებზე.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით მოწესრიგებულია პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობის წესები. მითითებული კოდექსის 2163 მუხლის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. ამავე კოდექსის 2165 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. ამასთან, დასახელებული მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული ბრძანება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ შეაფასებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების დავასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ გამოცემული აქტების კანონიერებას.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც იმპერატიულად განსაზღვრულია, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მართალია, ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია არა სასამართლოს მიერ მიღებული ისეთი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება, რომლის კანონიერების შემოწმებაც საკასაციო სასამართლოს შეუძლია, არამედ ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში გამოცემული ბრძანების განმარტება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, კერძო საჩივრის წარმოდგენის შესაძლებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მხარეს სააპელაციო სასამართლოს მიერ განემარტა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ფ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია, შეაფასოს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე გამოცემული სააპელაციო სასამართლოს ბრძანების კანონიერება და შესაბამისად, არც მიღებული ბრძანების განმარტების უფლება აქვს.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2163 და 2165 მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ფ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე