გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 141-დად 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის ქუთაისის პროკურორის უფროსი თანაშემწის კერძო საკასაციო საჩივარი, წყალტუბოს რაიონულის სასამართლოს 2003წ. 9 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებული მ. გ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლდა.
აღწერილობითი ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის განაჩენით მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და 353-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მ. გ. სასჯელს იხდის 2002წ. 28 აგვისტოდან, სასჯელის 1/2 მან მოიხადა 2003წ. 28 მაისს, სასჯელს იგი დაასრულებს 2004წ. 28 თებერვალს.
2003წ. 30 მაისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 2003წ. 9 ივნისის დადგენილებით წარდგინება დააკმაყოფილა და მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით ვადამდე გაანთავისუფლა.
პროკურორი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივნისის დადგენილების გაუქმებას, იმ მოტივით, რომ მ. გ.ამ ეტაპზე არ შეიძლება ჩაითვალოს გამოსწორებულად და მისი განთავისუფლება სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ნაადრევია, მით უფრო, რომ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან იგი განთავისუფლდა 1 თვით ადრე პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე.
პროკურორმა ო. რ-მ იშუამდგომლა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ მ. გ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მ. გ. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად. სასჯელის მოხდის პერიოდში მან სანიმუშო ყოფაქცევით დაამტკიცა, რომ ადგას გამოსწორების გზას და სარეჟიმო მოთხოვნები არ დაურღვევია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციამ ის დადებითად დაახასიათა და იშუამდგომლა, რომ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლდეს.
მართალია მ. გ. წარსულში ნასამართლევია, მაგრამ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო პროცესზე მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი აქვს და მოსახდელად დარჩენილი აქვს 6 თვეზე ნაკლები, საყურადღებოა ისიც, რომ გ. სასჯელის მოხდისაგან თითქმის ორი თვეა განთავისუფლდა და დაუბრუნდა ოჯახს. ასეთ ვითარებაში, სასჯელის მოხდის გასაგრძელებლად მისი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება პალატას მიზანშეუწონლად და არასამართლებრივად მიაჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივნისის დადგენილება მსჯავრდებულ მ. გ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.