Facebook Twitter

საქმე ბს-554(3კს-20) 25 ოქტომბერი, 2021 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - აფხაზეთის ა.რ. ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე), აფხაზეთის ა.რ. მთავრობა (მოპასუხე), შპს „...ი“ (მოსარჩელე)

მოპასუხეები - საქართველოს მთავრობა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, შპს „ა...ა“

მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2020წ. განჩინება

დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს მთავრობის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, აფხაზეთის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აფხაზეთის ა.რ. მთავრობის და შპს „ა...ის“ მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგომ მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №16-ში არსებული №1 შენობა-ნაგებობის (643,91 კვ.მ.) მე-3 სართულის შპს „ა...ისათვის“ უზუფრუქტის უფლებით გადაცემის ნაწილში საქართველოს მთავრობის 03.08.2016წ. №1575 განკარგულების და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ა...ას“ შორის 18.08.2016წ. დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქ. თბილისში, ...ის ქ. №16-ში არსებული №1 შენობა-ნაგებობის (643,91 კვ.მ.) მე-3 სართულის შპს „...ისათვის“ უზუფრუქტის უფლების გადაცემის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის დავალდებულება და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების დადების შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დავალდებულება იმავე პირობებით რა პირობებითაც შპს „ა...ას“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ. №16-ში არსებული №1 შენობა-ნაგებობის (583,13 კვ.მ.) მე-2 სართული, აფხაზეთის ა.რ. მთავრობის და აფხაზეთის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოსარჩელის დისკრიმინაციის ფაქტის აღიარება, აფხაზეთის ა.რ. მთავრობის და აფხაზეთის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1 ლარის ოდენობით.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.09.2018წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 18.08.2016წ. უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება ქ. თბილისში ...ის ქუჩა №16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1-ში არსებული 1227.04 კვ.მ ფართიდან მე-3 სართულზე მდებარე 643.91 კვ.მ. ფართის (მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად) უზუფრუქტუარის შპს „ა...ისთვის“ გადაცემის ნაწილში, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 03.08.2016წ. №1575 განკარგულება ქ. თბილისში, კალაუბნის ქ. №16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1-ში შპს „ა...ისთვის“ 1227,04 კვ.მ. ფართიდან, III სართულზე მდებარე 643,91 კვ.მ. (მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად) უზურფრუქტით გადაცემის თაობაზე, მოპასუხეებს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა დადოს უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშელკრულება მოსარჩელის მიმართ, ხოლო საქართველოს მთავრობას დაევალა გასცეს შესაბამისი თანხმობა - მოსარჩელეს გადასცეს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით ქ. თბილისში, ...ის ქ. №16-ში არსებულ №1 შენობა-ნაგებობის მე-3 სართულზე 643,91 კვ.მ. ფართი იმავე პირობებით რა პირობებითაც გადაცემული იყო შპს „ა...აზე“ ამავე მისამართზე მე-2 სართულზე მდებარე 543,13 კვ.მ. მქონე ფართი, აღიარებულ იქნა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის სახით 1 (ერთი) ლარის გადახდა, სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ა.რ. მთავრობის, აფხაზეთის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს „ა...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2019წ. განჩინებით აფხაზეთის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა აფხაზეთის ა.რ. ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო.

შპს „...ის“ დირექტორმა გ. კ-ემ 03.01.2020წ. შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სსკ-ის 831.1 მუხლის და 275.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელის გახმობისა და მისი განუხილველად დატოვების მოთხოვნით. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ მიღებულ იქნა შპს „...ის“ კაპიტალში ცვლილებების შეტანისა და საწარმოთა შერწყმის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 28.03.2019წ. №03/39 და 15.04.2019წ. №03/49 ბრძანებები. აღნიშნულის შემდეგ ფაქტიურად მიმდინარეობს ქ. თბილისში, ...ის ქ. №16-ში მდებარე საწარმოების შერწყმის პროცესი, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სარჩელის გამოხმობა. აფხაზეთის ა.რ. მთავრობა, აფხაზეთის ა.რ. ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და შპს „ა...ა“ წერილობით დაეთანხმნენ შპს „...ის“ განცხადებას სარჩელის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების თაობაზე.

შპს „...ის“ ყოფილმა დირექტორმა ი. ა-ემ 30.01.2020წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ის გაათავისუფლეს დირექტორის თანამდებობიდან. 20.12.2019წ. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს მიმართა სარჩელით მოპასუხე აფხაზეთის ა.რ. ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, გათავისუფლების შესახებ აფხაზეთის ა.რ. ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს 18.12.2019წ. №100/02 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის შპს „...ის“ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით. განმცხადებელმა საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა დირექტორის თანდმდებობიდან გათავასუფლებისა და თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე დავის საბოლოო დასრულებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2020წ. განჩინებით შეჩერდა №3ბ/378-19 ადმინისტრაციული საქმის წარმოება (აპელანტები - საქართველოს მთავრობა, აფხაზეთის არ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო, აფხაზეთის არ მთავრობა, შპს „ა...ა“, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,...ი“, მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, დავის საგანი: ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, დისკრიმინაციის ფაქტის აღიარება, მორალური ზიანის ანაზღაურება) სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე №2/168-19 (მოსარჩელე - ი. ა-ე, მოპასუხე - აფხაზეთის არ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო, დავის საგანი: გათავისუფლების შესახებ აფხაზეთის არ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს 18.12.2019წ. №100/02 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის აღდგენა დირექტორის თანამდებობაზე) საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის წარმოების შეჩერებისას განისაზღვრება სხვა საქმეზე გამოტანილი სასამართლო აქტის გადამწყვეტი მნიშვნელობის არსებობის შესაძლებლობა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, ანუ შესაძლებელია სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას მიეცეს წინასწარ გადამწყვეტი მნიშვნელობა აღნიშნული საქმის გადაწყვეტასთან მიმართებაში. 03.01.2020წ. შპს „...ის“ ამჟამინდელმა დირექტორმა გ. კ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და სარჩელის გამოხმობის გამო საქმის განუხილველად დატოვება, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.09.2018წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის საგნის სპეციფიკისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ყოფილ დირექტორს წარდგენილი აქვს სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში მისი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმების შესახებ, მითითებულ სამოქალაქო დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეუძლებელია მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვა, ასევე შეუძლებელია იმის შეფასება, რომ მოსარჩელის მიერ საპროცესო უფლების რეალიზება განხორციელებულია ნამდვილი ნების გამოხატვის გზით.

საქმის წარმოების შეჩერების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2020წ. განჩინება კერძო საჩივრებით გასაჩივრდა აფხაზეთის არ მთავრობის, აფხაზეთის არ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს და შპს „...ის“ მიერ.

კერძო საჩივრის ავტორები (აფხაზეთის არ მთავრობა და აფხაზეთის არ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო) მიიჩნევენ, რომ სარჩელის გამოხმობა მოსარჩელე შპს „...მა“ ნამდვილი ნების საფუძველზე საქმის სააპელაციო წესით ეტაპზე მოითხოვა, რასაც მოპასუხეები დაეთანხმნენ, შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე და არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში - „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ (განცხ. №40765/02) მიუთითებს, რომ სინამდვილეში, ხალხისათვის, საზოგადოებისათვის მთავარია არა თავისთავად აღებული კანონები, სხვა იურიდიული დოკუმენტები, ამ იურიდიულ დოკუმენტებში არსებული ნორმები და არც ვალდებულებების, აკრძალვების ჯამი, არამედ ის გადაწყვეტი გარემოებები, რასაც იურიდიულად, რეალურად აძლევენ ეს ნორმები. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი სამართლებრივი შედეგი (საქმის წარმოების შეჩერება) უგულებელყოფს სსკ-ის 831 მუხლის იმპერატიულ დანაწესს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუსაბუთებლად შეიზღუდა მოსარჩელის კანონმდებლობით დაცული უფლება.

კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ სსკ-ის 279.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსახილველი საქმის წარმოების შეჩერება დაუშვებელი იყო, ვინაიდან სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში არსებულ საქმეს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია სააპელაციო სასამართლოში განსახილველ საქმესთან. ი. ა-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი ვერ დადგება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის საკითხი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული საქმის მიმართ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ შეჩერებულ საქმეზე სარჩელი აღძრულია საწარმოს - შპს „-ის“ და არა ფიზიკური პირის - ი. ა-ის მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა უზენაესი სასამართლოს 09.10.2014წ. (საქმე №ას-212-197-2014) და 27.04.2016წ. (საქმე №ას-1062-1002-2015) განჩინებებზე და აღნიშნა, რომ სახეზე არ არის საქმის წარმოების სავალდებულო შეჩერების ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობა. სამოქალაქო საქმეზე, რომლის დავის საგანს წარმოადგენს ყოფილი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმება, დასადგენი ფაქტები ვერ შეიძენენ პრეიუდიციულ ძალას განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში, რამდენადაც წინამდებარე სარჩელის საგანი - საწარმოს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის აღიარება, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მხარეთა შორის დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულების კანონიერების შეფასება საჭიროებს არა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების/უკანონობის ირგვლივ ფაქტების გამოკვლევას, არამედ გასაჩივრებული აქტის მატერიალური და პროცესუალურ-სამართლებრივი შესაბამისობის დადგენას მოქმედ კანონმდებლობასთან. კერძო საჩივრების ავტორების მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა მოცემული საქმის განხილვის შეუძლებლობა სამოქალაქო საქმის განხილვამდე.

კერძო საჩივრის ავტორმა შპს „...მა“ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებით სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სსკ-ის 831 მუხლის იმპერატიული დანაწესი, დაუსაბუთებლად შეზღუდა მოსარჩელის კანონმდებლობით დაცული უფლება, მოსარჩელეს არ მიეცა მისი დაცვის მიზნით პროცესუალური უფლებების გამოყენების შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგენა მოქმედ კანონმდებლობას, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე პროცესუალური თვალსაზრისით. დისპოზოციურობის პრინციპი საპროცესო სამართალში ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარვისას. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე პერიოდში საზოგადოების პარტნიორმა მიიღო მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები, რის საფუძველზეც დაიწყო ქ. თბილისში, ...ის ქ. №16-ში მდებარე საწარმოების შერწყმის პროცესი. აღნიშნულის გამო სასარჩელო მოთხოვნებმა დაკარგა აზრი და საწარმოს მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სარჩელის გამოხმობა. ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას. მოსარჩელემ ნამდვილი ნების საფუძველზე საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე მოითხოვა სარჩელის განუხილველად დატოვება, შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა და არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველზე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ გამოხატული ნება, მოსარჩელეს არ მისცა საშუალება სრულფასოვნად მოეხდინა მისი პროცესუალური უფლებების რეალიზება და მისი დაცვა, რითაც მოსარჩელეს ხელი შეეშალა საპროცესო უფლების განხორციელებაში.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას. ზემოთ მითითებული მუხლის საფუძველზე განსახილველი საქმის წარმოების შეჩერება დაუშვებელი იყო, ვინაიდან სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში არსებულ საქმეს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია სააპელაციო სასამართლოში განსახილველ საქმესთან. სასამართლო ვალდებული იყო დაესაბუთებინა საქმის განხილვის შეუძლებლობა და იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა მომავალში სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენა გავლენას მოახდენდა შეჩერებულ საქმეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აფხაზეთის არ მთავრობის, აფხაზეთის არ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს და შპს „...ის“ კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 831 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის გამოხმობის საპროცესო უფლება წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის რეალიზების ერთ-ერთ საშუალებას. დისპოზიციურობის პრინციპი არის მხარეთა თავისუფლება განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. როგორც წესი, სარჩელის გამოხმობა განპირობებულია იმით, რომ მოსარჩელეს ამ ეტაპზე აღარ სურს მის მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა. კანონი არ ავალდებულებს მოსარჩელეს დაასაბუთოს სარჩელის გახმობის საფუძველი. როგორც სარჩელის აღძვრა, ასევე სარჩელის გახმობა დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას წარმოადგენს. მხარის პროცესუალურ უფლებათა ძირითად ჩამონათვალს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი ადგენს, თუმცა ეს ნორმა არ არის ამომწურავი. ფუნდამენტურ პროცესუალურ უფლებათა შორის არის ამავე კოდექსის 831 მუხლით რეგლამენტირებული მოსარჩელის შესაძლებლობა გამოიხმოს სარჩელი, კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, თითოეული მხარე თავად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი საპროცესო უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით. სარჩელის გახმობა მოსარჩელის საპროცესო უფლებაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის გახმობის შემთხვევაში დაცულია მოპასუხის ინტერესებიც, სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით (სსკ-ის 831.1 მუხ.). სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგებისაგან განსხვავებით სარჩელის გამოხმობისას სასამართლო მას განუხილველად ტოვებს და მხარეს მომავალში კვლავ შეუძლია იმავე სარჩელით ხელახლა მიმართოს სასამართლოს, რაც სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში აღარ დაიშვება (სსკ-ის 273-ე მუხ.). სწორედ აღნიშნულის გამო საპროცესო კანონმდებლობა ამ საპროცესო უფლების (სარჩელის გახმობა) გამოყენების შესაძლებლობას მოსარჩელეს აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მოპასუხის თანხმობა სარჩელის გახმობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. სარჩელის განუხილველად დატოვება გამოხმობის გამო უფლებას არ ართმევს მოსარჩელეს კვლავ აღძრას სარჩელი. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ შპს „...ის“ დირექტორმა გ. კ-ემ 03.01.2020წ. შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სსკ-ის 831.1 მუხლის და 275.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა სარჩელის გახმობა და მისი განუხილველად დატოვება. მოპასუხეთა ნაწილი, კერძოდ, აფხაზეთის არ მთავრობა, აფხაზეთის არ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, შპს „ა...ა“ წერილობით დაეთანხმნენ შპს „...ის“ განცხადებას სარჩელის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების თაობაზე. ამდენად, დგინდება, რომ მოსარჩელე მხარემ განახორციელა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის რეალიზება და წარადგინა განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების მართებულობა სხვა სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დიფერენცირებულია ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება. საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატური შემთხვევებისას, სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება იმისა, რომ ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი. სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე, შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა - საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა (სუსგ 09.10.2014წ. საქმე №ას-212-197-2014). ამდენად, სხვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების დადებისა და ამ ხელშეკრულების დადების თაობაზე თანხმობის გაცემის დავალდებულება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო სამოქალაქო საქმეზე, სადაც მოსარჩელე ფიზიკური პირია (შპს „...ის“ ყოფილი დირექტორი), დავის საგანს შეადგენს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება და სამსახურში აღდგენა. ამდენად, ერთ შემთხვევაში დავა უკავშირდება სამეწამეო სუბიექტის უფლებების დარღვევას, ხოლო მეორე შემთხვევაში - ფიზიკური პირის, ამ სამეწამეო სუბიექტის ყოფილი დირექტორის უფლებებს. გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმესთან მიმართებით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი საკითხის პირდაპირი და უშუალო გავლენის არსებობის თაობაზე დასაბუთებას, სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს სამოქალაქო საქმეზე დასადგენ ისეთ ფაქტებზე, რომელიც წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტის საფუძველი გახდება, ასევე არ მიუთითებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ასეთი ფაქტების დადგენის შეუძლებლობაზე. აღნიშნული ადასტურებს სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის 379-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის არასწორ გამოყენებას. მითითებული ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას, შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა განსახილველ საქმესა და სამოქალაქო საქმეს შორის კავშირის არსებობა - ამ საქმეების ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობა. ამ მხრივ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებას საერთოდ არ შეიცავს, რაც მისი გაუქმების საფუძველს ქმნის. უსაფუძვლოა საქმის წარმოების წარმოების შეჩერების საფუძვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე მითითება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებში დაცულია აფხაზეთის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 28.03.2019წ. №03/39 და 15.04.2019წ. №03/49 ბრძანებები (ტ.4, ს.ფ. 79-89). ამ ბრძანებების მიხედვით, შპს „...ის“ კაპიტალში შეტანილ იქნა შპს „ა...ის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, განხორციელდა ამ უკანასკნელის შპს „...თან“ შერწყმა-მიერთება და მოსარჩელე საწარმო განისაზღვრა განსახილველ საქმეში მოპასუხის სტატუსით მონაწილე პირის - შპს „ა...ის“ უფლებამონაცვლედ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის წარმოების შეჩერების სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა გულისხმობს განსახილველი საქმის სხვა საქმესთან კავშირს, ის არ უკავშირდება საზოგადოების დირექტორის მიერ საპროცესო უფლების გამოყენების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატის მსჯელობიდან გამომდინარე სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება გავლენას ახდენს არა განსახილველი ადმინისტრაციული საქმის შედეგზე, არამედ მოსარჩელე მხარის საპროცესო უფლების რეალიზებაზე, რაც მითითებული ნორმის მიზანს არ პასუხობს. ამდენად, საქმის წარმოების შეჩერების კანონმდებლობით გათვალისწინებული მითითებული საფუძველი (სხვა საქმის გადაწყვეტამდე საქმის განხილვის შეუძლებლობა), საქმის წარმოების შეჩერებას პირის საპროცესო უფლების რეალიზების შესაძლებლობის დადგენის მიზნით, არ ითვალისწინებს.

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია შეფასდეს მოსარჩელის ნამდვილი ნების გამოხატვის გზით საპროცესო საშუალების რეალიზება სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 93.1 მუხლზე, რომლის მიხედვით მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია ხდება სამეწამეო რეესტრში. აღნიშნული ემსახურება მესამე პირების ინფორმირებულობას. მესამე პირებს, კონტრაჰენტებს, შესაძლებლობა აქვთ, ჰქონდეთ ინფორმაცია ამა თუ იმ მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ (საკონსტიტუციო სასამართლოს 29.01.2014წ. №1/1/543 გადაწყევტილება). ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან უნდა ასახავდეს ინფორმაციას ამონაწერის მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებათა, მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მათი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2009წ. №241 ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 7.3 მუხ. „დ“ ქვ.პ.). იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი ასევე უნდა ასახავდეს ინფორმაციას ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2009წ. №241 ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 7.4 მუხ. „დ“ ქვ.პ.). ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში განსაზღვრულია, როგორც ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ ინფორმაციის ასახვა, ასევე ინფორმაციის ასახვა რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ. იმ შემთხვევაშიც თუ ამონაწერი არ შეიცავს ინფორმაციას წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, ხელმძღვანელის/წარმომადგენლის უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ზოგადად ან კონკრეტულ უფლებამოსილებებთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის წარმოების შეჩერებით შპს „...ის“ (ამჟამინდელი დირექტორის) ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეზღუდვის დადასტურების რაიმე მტკიცებულებაზე მითითების გარეშე შეუზღუდა მოსარჩელე იურიდიული პირის დირექტორს საპროცესო უფლების (სარჩელის გახმობის) განხორციელების შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დირექტორის ქმედება საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოა და გარკვეულ ზიანს აყენებს საზოგადოებას, ამოქმედდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.7 მუხლით დაწესებული ნორმა საზოგადოების წინაშე დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ. გარე ურთიერთობებში, ანუ მესამე პირებთან ურთიერთობებში გამგეობა და დირექტორატი შეუზღუდავია და არ შეიძლება შეიზღუდოს თავის წარმომადგენლობით უფლებებში. საზოგადოების შიგნით, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობაში კი იგი ვალდებულია მოქმედებდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ე.ი. იმ ფარგლებში რომლებიც დაწესებულია კანონით, წესდებით ან მასთან დადებული ხელშეკრულებით (სუსგ 04.12.2019წ. საქმე №ას-559-2019). მეწარმე სუბიექტის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელის/წარმომადგენლის უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს ზოგადად ან კონკრეტულ უფლებასთან (მაგ. გარიგების დადებასთან) მიმართებით. ამდენად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დირექტორი ახორციელებს ხელმძღვანელობით საქმიანობას, რაც გულისხმობს საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე, საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. საზოგადოების დირექტორის კომპეტენცია, ანუ ხელმძღვანელობის უფლებამოსილების (მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების) ფარგლები განისაზღვრება კანონით ან საწარმოს წესდებით („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 47.3 მუხლი), შესაბამისად, სწორედ მათ საფუძველზეა შესაძლებელი საზოგადოების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეზღუდვა. აღნიშნულიდან გამომდინარე მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვა გულისხმობს კანონით ან საწარმოს წესდებით, ან პარტნიორის გადაწყვეტილებით საწარმოს დირექტორისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვას. თანამედროვე საკორპორაციო სამართალში დამკვიდრებული „სამეწარმეო განსჯის წესის“ მიხედვით მოქმედებს პრეზუმფცია იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საწარმოს დირექტორები მოქმედებდნენ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერებისა და ინფორმირებულობის პრინციპის დაცვით (სუსგ 04.12.2019წ. საქმე №ას-559-2019). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული არ არის არც ერთი ზემოთ განხილული შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვით, წესდებით ან/და პარტნიორთა გადაწყვეტილებით შეზღუდული უფლება), რაც საპროცესო უფლების შეზღუდვის საფუძველი იქნებოდა. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე (ე.წ. ფიდუციური მოვალეობები), რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე კომპანიის წესდებით (სუსგ 06.05.2015წ. საქმე №ას-1307-1245-2014). საზოგადოების ხელმძღვანელი, როგორც წესი, საზოგადოების ინტერესებს წარმოადგენს. იგი საწარმოს ფიდუციარად მიიჩნევა და მას ფიდუციური მოვალეობები აკისრია. საზოგადოების დირექტორი ვალდებულია საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად და მასზე დაკისრებული მოვალეობები განახორციელოს მართლზომიერად. საყურადღებოა ისიც, რომ საზოგადოების პარტნიორს უფლება აქვს გააკონტროლოს დირექტორის საქმიანობა („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 46.4 მუხ.). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით შპს „...ის“ პარტნიორი (100% წილის მმართველი) არის აფხაზეთის ა.რ. ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო. აფხაზეთის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 13.01.2020წ. №12/02 წერილის (ტ. 4, ს.ფ.192) თანახმად აფხაზეთის ა.რ. ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო თანახმაა დაკმაყოფილდეს შპს „...ის“ დირექტორის გ. კ-ის მოთხოვნა სსკ-ის 831.1 მუხლის საფუძველზე საქმის განუხილველად დატოვებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.09.2018წ. გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ამდენად, თავად მოსარჩელე საზოგადოების პარტნიორი დაეთანხმა საზოგადოების გადაწყვეტილებას სარჩელის გამოხმობის თაობაზე და ის ფაქტი, რომ ყოფილი დირექტორის თანმდებობიდან გათავისუფლების საკითხის კანონიერება იხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და კანონით გათვალისწინებული შემთხვევების არარსებობის პირობებში) ვერ გახდება საპროცესო უფლების განხორციელების და მით უმეტეს საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე საზოგადოების დირექტორს ფაქტიურად შეეზღუდა სსკ-ის 831 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების (სარჩელის გამოხმობა) რეალიზება ისე, რომ მას ასეთი უფლებამოსილების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული არ ჰქონია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აფხაზეთის ა.რ. მთავრობის, აფხაზეთის ა.რ. ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს და შპს „...ის“ კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2020წ. განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი