საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-677(კ-21) 19 ოქტომბერი, 2021 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 4 მარტს მ. ჯ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 30 იანვარს, მ. ჯ-იმ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარმოსადგენი იყო დამატებითი დოკუმენტაცია: 1. კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია, გაცემული შემოსავლების სამსახურის მიერ და დამოწმებული სათანადო წესით (ბეჭედი და ხელმოწერა), ვინაიდან დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მიზნებისათვის არ უნდა იყოს 35 000 ლარზე ნაკლები შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე; 2. შრომით ხელშეკრულებაში და კომპანიაში დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობის შესახებ გაცემულ ცნობაში განმცხადებლის სახელი და გვარი შესაბამისობაშია მოსაყვანი წარმოდგენილ პასპორტში მითითებულ იმავე მონაცემებთან. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2020 წლის 07 თებერვლის ჩათვლით. 2020 წლის 7 თებერვალს მან მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა დამატებით დოკუმენტების წარსადგენად დადგენილი ვადის გაგრძელება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის N1000702551/7 გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოსადგენად გაუგრძელდა ვადა 2020 წლის 18 თებერვლამდე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 18 თებერვლის N1000702551 გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის განცხადება, საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული რის გამოც მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 18 თებერვლის №1000702551 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მ. ჯ-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2020 წლის 8 ივლისის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 18 თებერვლის №1000702551 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მ. ჯ-ის 2020 წლის 30 იანვრის №1000702551 განცხადების არსებითად განხილვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 18 თებერვლის №1000702551 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის 2020 წლის 30 იანვრის №1000702551 განცხადების არსებითად განხილვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის 14.1 მუხლის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო, ხოლო მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ერთ-ერთი სახეა შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.
საქართველოში უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს ადგენს ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილება. აღნიშნული ,,წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ამავე „წესის“ 3.8 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა - ელექტრონული ფოსტა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არსებითად საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მ. ჯ-ის მიერ არ იქნა წარდგენილი კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია გაცემული შემოსავლების სამსახურის მიერ, ასევე შრომით ხელშეკრულებასა და კომპანიაში დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობის შესახებ გაცემულ ცნობაში განმცხადებლის სახელი და გვარი შესაბამისობაში არ იქნა მოყვანილი წარმოდგენილ პასპორტში მითითებულ იმავე მონაცემებთან.
საქმეში წარმოდგენილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პასპორტის ასლის თანახმად, მისი მფლობელი მოქალაქის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებია: გვარი - ჯ-ი, სახელი - მ., მამის სახელი - ფ., დაბადების თარიღი - ...წ, პასპორტის ნომერი - ..., ხოლო შრომით კონტრაქტსა და კომპანიის მიერ გაცემულ ცნობაში დასაქმებულ პირად მითითებულია: ჯ-ი მ. ფ., პასპორტის ნომერი .... ამდენად, ცალსახაა, რომ აღნიშნული დოკუმენტები შეიცავენ ერთი და იმავე პირის მაიდენტიფიცირებელ პერსონალურ მონაცემებს: სახელი, გვარი, მამის სახელი და პასპორტის ნომერი. შესაბამისად, ისინი ერთი და იმავე პირის კუთვნილებაა. რაც შეეხება კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ დოკუმენტაციას, სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის წერილი შპს ,,...ის“ წლიური ბრუნვის შესახებ, დამოწმებული ბეჭდითა და ხელმოწერით, რაც მოსარჩელის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი იყო 2020 წლის 30 იანვრის განცხადებასთან ერთად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს, რომ მ. ჯ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოსარჩელის განცხადების არსებითად განხილვის საკმარის საფუძველს. ამდენად, არ არსებობდა მ. ჯ-ისთვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის დავალებისა და შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობის გამო, მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა — იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა, მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი უფლებების და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 31 იანვარის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სააგენტოში წარედგინა: 1. კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია გაცემული შემოსავლების სამსახურის მიერ და დამოწმებული სათანადო წესით (ბეჭედი და ხელმოწერა); 2. შრომით ხელშეკრულებაში და კომპანიაში დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობის შესახებ გაცემულ ცნობაში განმცხადებლის სახელი და გვარი შესაბამისობაშია მოსაყვანი წარმოდგენილ პასპორტში მითითებულ იმავე მონაცემებთან. ვინაიდან, შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ცნობა იყო ასლი, რის თაობაზე ინფორმირებული იყო განმცხადებელი (მიმღებ ოპერატორს კომენტარი აქვს საქმეზე დატოვებული (გამგზავნი: დ. ფ-ი გაგზავნის თარიღი: 30.01.2020 14:48:49 მესიჯი: ნასამართლობის ცნობასა და შემოსავლების ცნობის ორიგინალს წარმოადგენს მოგვიანებით). მოსარჩელე 2020 წლის 7 თებერვალს დამატებით წარმოდგენილი განცხადებით ითხოვდა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარმოსადგენად დამატებით ვადას, რაც სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის აღმოსაფხვრელად დამატებით განესაზღვრა ვადა 2020 წლის 18 თებერვლამდე, მაგრამ ხარვეზით დადგენილი დოკუმენტის წარმოდგენა არ მომხდარა არც დამატებით განსაზღვრულ ვადაში. ვინაიდან, 2020 წლის 31 იანვრის N1000702551/7 წერილით განსაზღვრულ ვადაში (2020 წლის 7 თებერვლამდე) განმცხადებელს არ წარმოუდგენია ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო დოკუმენტები სრულად, განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, დარჩა განუხილველად. აღსანიშნავია, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე წერილი აიტვირთა სააგენტოს ინტერნეტგვერდზე - sda.gov.ge, 2020 წლის 3 თებერვალს, რაც დასტურდება სააგენტოს 2020 წლის 23 აპრილის N1/79238 წერილით.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილია სააგენტოსა და საქართველოში ბინადრობის მოპოვების მსურველს შორის კომუნიკაციის სპეციალური წესი. კერძოდ, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. "საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილია, რომ დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა - ელექტრონული ფოსტა. ამასთან მოქალაქეს ბინადრობის ნებართვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციისას გადაეცა დამტკიცებული ფორმის სამახსოვრო ბარათი, რომელზეც ფიქსირდება მისივე ხელმოწერა ,,ჩავიბარე და ვეთანხმები", აღნიშნულ სამახსოვრო ბარათში მითითებულია, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტგვერდზე: http://sda.gov.ge და http://psh.gov.ge. განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის (გასაუბრებაზე მოწვევა, შუალედური და საბოლოო გადაწყვეტილება) მოძიება შესაძლებელია სააგენტოს ვებგვერდზე განცხადების სარეგისტრაციო ნომრისა და კოდური სიტყვის გამოყენებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის განმარტებით, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის 1-ლი ნაწილის, 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონისა და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის #520 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მ. ჯ-ის უარი უთხრა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემზე იმ საფუძვლით, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია გაცემული შემოსავლების სამსახურის მიერ, ასევე შრომით ხელშეკრულებასა და კომპანიაში დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობის შესახებ გაცემულ ცნობაში განმცხადებლის სახელი და გვარი შესაბამისობაში არ იქნა მოყვანილი წარმოდგენილ პასპორტში მითითებულ იმავე მონაცემებთან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ერთ-ერთი სახეა შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.
ამასთან, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში. აღნიშნული ,,წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს ასევე შეუძლია, სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო იმავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 30 იანვარს, მ. ჯ-იმ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. განცხადებას დაურთო: შრომითი კონტრაქტი, შპს ,,...ის“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, პასპორტის ასლი, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის N1000702551/7 წერილით მ. ჯ-ს ეცნობა შემდეგი: ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარმოსადგენია: 1. კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია გაცემული შემოსავლების სამსახურის მიერ და დამოწმებული სათანადო წესით (ბეჭედი და ხელმოწერა), ვინაიდან დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მიზნებისათვის არ უნდა იყოს 35 000 ლარზე ნაკლები შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე; 2. შრომით ხელშეკრულებაში და კომპანიაში დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობის შესახებ გაცემულ ცნობაში განმცხადებლის სახელი და გვარი შესაბამისობაშია მოსაყვანი წარმოდგენილ პასპორტში მითითებულ იმავე მონაცემებთან. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2020 წლის 07 თებერვლის ჩათვლით.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 03 თებერვლის N1000702551/7 წერილით მ. ჯ-ს ასევე დაევალა დამატებით წარმოედგინა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნასამართლობის ცნობა), რისთვისაც განესაზღვრა ვადა 2020 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
2020 წლის 7 თებერვალს, მ. ჯ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს, წარუდგინა ნასამართლობის ცნობა და ითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დამატებით გაგრძელება.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ, 2020 წლის 5 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად, მ. ჯ-ი ცნობის გაცემის თარიღამდე არ არის ნასამართლევი.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის N1000702551/7 გადაწყვეტილებით, მ. ჯ-ს დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოსადგენად გაუგრძელდა ვადა 2020 წლის 18 თებერვლამდე, ხოლო სააგენტოს 2020 წლის 18 თებერვლის N1000702551 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული მ. ჯ-ის განცხადება, საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მ. ჯ-იმ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარადგინა კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია გაცემული შემოსავლების სამსახურის მიერ, ასევე შრომით ხელშეკრულებასა და კომპანიაში დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობის შესახებ გაცემულ ცნობაში განმცხადებლის სახელი და გვარი შესაბამისობაში არ იყო მოყვანილი წარმოდგენილ პასპორტში მითითებულ იმავე მონაცემებთან.
საქმის მასალების შესაბამისად, 2020 წლის 25 იანვრის შრომითი კონტრაქტის თანახმად, ჯ-ი მ. ფ. დასაქმებულ იყო შპს ,,...ში“, შეკვეთების კონსულტანტის პოზიციაზე. შპს ,,...ის“ დირექტორის მიერ 2020 წლის 30 იანვარს გაცემული ცნობის მიხედვით, შპს ,,...ში“ დასაქმებულია სამი უცხოელი თანამშრომელი: დირექტორი გ. გ-ე, საწყობის მენეჯერი ფ. ს- და შეკვეთების კონსულტანტი ჯ-ი მ. ფ. .
ასევე, ირანის ისლამური რესპუბლიკის პასპორტის ასლის თანახმად, მისი მფლობელი მოქალაქის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებია: გვარი - ჯ-ი, სახელი - მ., მამის სახელი - ფ., დაბადების თარიღი - ...წ, პასპორტის ნომერი.... ხოლო შრომით კონტრაქტსა და კომპანიის მიერ გაცემულ ცნობაში დასაქმებულ პირად მითითებულია - ჯ-ი მ. ფ., პასპორტის ნომერი .... ამდენად, ცალსახაა, რომ აღნიშნული დოკუმენტები შეიცავენ ერთი და იმავე პირის მაიდენტიფიცირებელ პერსონალურ მონაცემებს: სახელი, გვარი, მამის სახელი და პასპორტის ნომერი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მ. ჯ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოსარჩელის განცხადების არსებითად განხილვის საკმარის საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივისაფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 16.04.2021წ. №05624 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.04.2021წ. №05624 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე