ბს-1000(კ-19) 20 ოქტომბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2019წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჩ-მა 22.10.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.08.2018წ. MIA 7 18 01851846 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ლ. ჩ-ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, იძულებითი განაცდურის (მათ შორის, ფინანსური წახალისების) ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.2018წ. სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხე და მოპასუხედ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.2019წ. სხდომაზე მოსარჩელე ლ. ჩ-მა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 15.01.2019წ. N MIA 2 19 00099054 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.2019წ. გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 15.01.2019წ. N MIA 2 19 00099054 ბრძანება და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, გადაწყვეტილებაში აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ლ. ჩ-თან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და ლ. ჩ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2019წ. განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. პალატამ აღნიშნა, რომ გამოსაცდელი ვადით პირის სამსახურში აყვანა ემსახურება გამოსაცდელი ვადით აყვანილი პირის საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმებას. შს მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 50-ე მუხლში იმპერატიულად განსაზღვრულია, რომ მოსამსახურის დათხოვნა უნდა განხორციელდეს შესაბამისი შეფასების აქტის საფუძველზე, როგორც გამოსაცდელი ვადის გასვლის, არადამაკმაყოფილებელი შედეგების, ასევე სპეციალური შემოწმების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამოვლენის შემთხვევაში. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი დეტალები და მართებულად აღნიშნა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ქუთაისის ...ის განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსის 08.01.2019წ. N MIA 2 19 00037160 შეფასების აქტის შედგენამდე არ არსებობდა ლ. ჩ-ის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იძულებითი განაცდურისა და წახალისების მატერიალური ანაზღაურების შესახებ და აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობა დაკავშირებულია საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნებასთან საკითხის დამატებითი კვლევისათვის, იგი არ მიიჩნევა არსებითად ბათილ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რაც გამოიწვევდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2019წ. განჩინება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში დაცული მტკიცებულებები. სადავო აქტის გამოცემა მოხდა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად, რა დროსაც დადგინდა, რომ ლ. ჩ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი საქმიანი უნარ-ჩვევების გამო, რაც აისახა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ქუთაისის ...ის განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსის 08.01.2019წ. N-MIA 2 19 00037160 შეფასების აქტში, შესაბამისად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 15.01.2019წ. N MIA 2 19 00099054 ბრძანებით ლ. ჩ-ი მართებულად გათავისუფლდა თანამდებობიდან 2018 წლის 20 აგვისტოდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ" კანონის 36.1 მუხლის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება შს მინისტრის ნორმატიული აქტებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლით დადგენილია სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილი/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო. აღნიშნული წესის 14.1 მუხლის თანახმად, მინისტრს ან სხვა უფლებამოსილ პირს შეუძლია, არა უმეტეს 6 თვისა, პირი მიიღოს გამოსაცდელი ვადით. 14.2 მუხლის თანახმად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან, ხოლო 14.3 მუხლის თანახმად, გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. მითითებული წესის 50-ე მუხლის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნა ხდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირის მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში.
საქმეში დადგენილად არის ცნობილი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.02.2018წ. N MIA 8 18 00254535 ბრძანებით ლ. ჩ-ი დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ქუთაისის ...ის განყოფილების I ქვეგანყოფილების სპეციალური კონტროლის ჯგუფის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობზე გამოსაცდელი ვადით, ხოლო 01.08.2018წ. N MIA 7 18 01851846 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 15.01.2019წ. ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.08.2018წ. ბრძანება, რომელშიც მითითებულია, რომ ლ. ჩ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 20.08.2018წ., საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 50-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 14.2 მუხლზე, რომლის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს. განსახილველ საქმეში ლ. ჩ-ი ისე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის გასვლის საფუძვლით, რომ არ მომხდარა მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება, პირიქით, სამსახურის გავლის პერიოდში ლ. ჩ-ზე გაიცა დახასიათება, რომლის თანახმად, მოსამსახურე რაიმე თანამდებობრივ გადაცდომაში შემჩნეული არ ყოფილა, შესაბამისად, დისციპლინური დევნის ღონისძიებანი მის მიმართ არ განხორციელებულა, რაც დადასტურებულია სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ქუთაისის ...ის განყოფილების უფროსისა და იმავე განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი ინსპექტორის მიერ.
საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ 15.01.2019წ. გამოსცა ბრძანება, რომლითაც ბათილად ცნო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.08.2018წ. ბრძანება და მიუთითა, რომ ლ. ჩ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 20 აგვისტოდან, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 14.2 მუხლს, რომელიც გამოსაცდელი ვადის განვალობაში შესრულებული საქმიანობის შეფასების ასახვას მოითხოვს შესაბამის შეფასების აქტში, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს უშუალო ხელმძღვანელის მიერ, წერილობითი ფორმით. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ 2019 წლის 08 იანვრამდე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს არ ჰქონდა შეფასებული ლ. ჩ-ის მუშაობის შედეგები, შესაბამისად, არ არსებობდა მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან მითითებული საფუძვლით გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი 2019 წლის 08 იანვრამდე.
სზაკ-ის 53.1 და 53.5 მუხლების თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი და მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც გამოკვლეული და შესწავლილი არ იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს. სზაკ-ის 97-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, 7.2 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების დაცვა.
სასამართლო ვერ შეითავსებს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვერ შეცვლის ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებას სასამართლოს მიხედულებით. ამდენად პალატა თვლის, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად იხელმძღვანელეს დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გადაწყვეტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე