ბს-228(კ-19) 20 ოქტომბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მ“ 16.02.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.04.2008წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
შპს „...მ“ 10.03.2016წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.04.2008წ. №... გადაწყვეტილების და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 08.04.2008წ. №2-22/942 მიმართვის ბათილად ცნობა. 17.05.2016წ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე 10.04.2008წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხე და მოპასუხედ დაასახელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.12.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.2017წ. განჩინებით გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.12.2016წ. №3/1137-16 გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.12.2016წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრიდა შპს „...ს“ მიერ.
დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საზოგადოებრივი კოლეჯი სსიპ ...ა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 08.04.2008წ. №2-22/942 მიმართვის და უძრავი ნივთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.2008წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. აპელანტმა მიუთითა, რომ საზოგადოების დაკვეთით განხორციელებული მიწის და შენობა-ნაგებობის დაკვალვის სამუშაოების შედეგად გამოვლინდა მისივე საკუთრებაში რეგისტრირებული შენობის საზღვრების ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) საზღვრების კვეთის ფაქტი, რაც აპელანტის მოსაზრებით, ქმნის გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელისა და სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია განხორციელებულია სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, მათ მიერვე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების საფუძველზე. დაზუსტებული რეგისტრაციის პროცესში ზედდება საკადასტრო ერთეულებს შორის არ გამოვლენილა. შპს „...“ სადავოდ არ ხდის მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერებას. უფრო მეტიც, მისივე მოთხოვნით და მის მიერვე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების საფუძველზე შპს „...ს“ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთი დაიყო რამდენიმე დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად. აპელანტისათვის (მოსარჩელისათვის) დაყოფის შედეგად წარმოშობილი ახალი ერთეულების რეგისტრაციაში ხელი არ შეუშლია სხვა საკადასტრო ერთეულთან ზედდების ფაქტს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ახალი საკადასტრო ერთეულების რეგისტრაციის პროცესში ასევე არ გამოვლენილა ზედდება. საქმეში წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა, რომელიც საფუძვლად უდევს სახელმწიფოს სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციას (საკადასტრო კოდი ...). დადგენილია, რომ დაზუსტებული სახით სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია სრულ შესაბამისობაშია მიწის ნაკვეთის გეგმასთან. სააპელაციო სასამართლოს დავალების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის სამსახურის მიერ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია შედარდა რეგისტრირებულ საკადასტრო საზღვრებთან, რის შედეგად ცდომილება მონაცემებს შორის არ გამოვლინდა. წარმოდგენილია დასკვნა, რომლითაც დგინდება რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიხედვით ზედდება არარასებობა, აგრეთვე, დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული შენობის კონტური არ გადის სახელმწიფოს სახელზე საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი, საკადასტრო კოდების ზედდების მაჩვენებლად მიუთითებს მის სახელზე რეგისტრირებული შენობის აივნებზე, რომელიც წარმოიქმნა შენობაზე შემდგომი დაშენების საფუძველზე და კვეთს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული ვერ იქცევა მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფის მტკიცებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად. განვითარებული მოსაზრება ადასტურებს, რომ შპს ,,...“, შემდგომში განხორციელებული დაშენების საფუძველზე, თავადვე გასცდა საკუთარ საკადასტრო საზღვრებს და შეიჭრა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრებში. საზოგადოება სადავოდ არ ხდის მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერებას. საქმეში აპელანტის მხრიდან წარმოდგენილი არ არის არც ერთი მტკიცებულება, რაც ზედდების ფაქტს დაადასტურებდა, აპელანტი ვერ უთითებს სადავო აქტების საფუძველზე მისი უფლებების ხელყოფის ფაქტზე, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ს“ მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ შპს „...ს“ საკუთრებაში გააჩნია ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.04.2008წ. №...-07 გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 04.01.2007წ. მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე, განხორციელდა სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაცია (საკადასტრო კოდი ...). 2011 წელს კასატორის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში განხორციელდა დაზუსტებული რეგისტრაცია, მომზადდა ახალი საკადასტრო გეგმა, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ...ის ქ. №1ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა მოქცეულია საკადასტრო საზღვრებში. ყოველივე აღნიშნულის შემდგომ შპს „...ს“ დაკვეთით განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და შენობის დაკვალვის სამუშაოები, რომლითაც დადგინდა, რომ ...ის ქ. №1ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა კვეთს საკადასტრო საზღვარს და იჭრება მის მომიჯნავედ მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში (საკადასტრო კოდი ...). კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მნიშვნელოვან განმარტებაზე მიწის ნაკვეთების საზღვრების გადაფარვასთან დაკავშირებით (საქმე №367-363(კ-12)): საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს საჯარო რეესტრში ასახული უფლებები. კასატორმა აღნიშნა, რომ შპს „...ს“ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები კვეთს მის საკადასტრო საზღვარს და გადადის მომიჯანავე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, რომლის მოსარგებლეს წარმოადგენს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა ამ ფაქტობრივ გარემოებას, რის გამოც გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2006წ. №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 10.01.2015წ. №4 ბრძანებით) 10.1 მუხლის მიხედვით რეგისტრაცია წარმოებდა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ამავე ინსტრუქციის 48.1 მუხლი ადგენდა, რომ საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) უნდა წარდგენილიყო სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. იგივე დათქმას შეიცავდა კასატორის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 10.01.2015წ. ͏№4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით) 26.1 მუხლი. ამავე ინსტრუქციის 14.1 მუხლის თანახმად რეგისტრაციის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთი იყო გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია (დაზუსტებული ან დაუზუსტებელი), რომელიც მოქცეული იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში ან არსებობდა მასზე უფლების ამგვარად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდებოდა ასევე მასზე განლაგებულ შენობა–ნაგებობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა არ იყო გათვალისწინებული. საქმის მასალებში დაცული 25.09.2003წ. უძრავი ქონების სააღრიცხო ბარათის თანახმად ქ. თბილისში, ...ის ქ. №1ბ-ში მდებარე 2332 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი მონაცემებით და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა შპს ...ი „...ოს“ საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 10.04.2008წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე 3077 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 01.08.2011წ. გადაწყვეტილებით განხორციელდა კასატორის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და შპს „...ს“ საკუთრებაში არსებული 2332 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემებით. სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ შპს ...ი „...ოს“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „...ׅ“. ამდენად, საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს „...სა“ და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია დაზუსტებული მონაცემებით, საქმეში არსებული მასალებით ამ მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების არსებობა არ დგინდება.
კასატორი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და შენობის დაკვალვის სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №1ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა კვეთს საკადასტრო საზღვარს და იჭრება მის მომიჯნავედ მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში (საკადასტრო კოდი ...). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში დაცულია ქ. თბილისში, ...ის ქ. №1ბ-ში შპს ... „...ოს“ შენობის მიერ ფაქტიურად დაკავებულ 954 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ასევე 1385 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის მერიის თბილისის არქტიტექტურის სამსახურის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული გეგმა. ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 3077 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გეგმა გაცემულია ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიტუაციური ნახაზების (ტ. 3, ს.ფ. 132-134) მიხედვით მიწის ნაკვეთის გეგმების საზღვრების მიხედვით ზედდება არ ფიქსირდება, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის საზღვრები შეესაბამება მიწის ნაკვეთის გეგმაზე ასახულ საზღვრებს და რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიხედვით ზედდება არ ფიქსირდება, აგრეთვე შენობის კონტური არ გადადის ... კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთის საზღვრებში. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ დაზუსტებული მონაცემებით სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემულ მიწის ნაკვეთის გეგმასთან და მოსარჩელე ვერ უთითებს სადავო აქტების საფუძველზე მისი უფლებების ხელყოფის ფაქტს. საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების არგუმენტრებულ კრიტიკას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) (სსკ-ის 407.2 მუხლი). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა და ამით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია სსკ-ის 407.2 მუხლით გათვალისწინებული, დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია (შედავება). საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინება.
3. შპს „...ოს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.02.2019წ. №4005 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი