ბს-1065(კ-20) 20 ოქტომბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2020წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-ამ 22.08.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 02.08.2019წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.10.2019წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 02.08.2019წ. გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2020წ. განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.10.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ნ. გ-ამ 27.01.2005წ. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების შესახებ განცხადებით მიმართა ...ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე 14.02.2005წ. რექტორის ბრძანებით ჩაირიცხა ...ის იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელი სწავლების მე-3 კურსზე. საქართველოს მთავრობის 11.07.2007წ. დადგენილებით სსიპ ...ა შეუერთდა სსიპ ...ს (ამჟამად სსიპ ...ი). სსიპ ...ის მიერ 11.12.2008წ. გაიცა ბაკალავრის დიპლომი, რომლის თანახმად ...ის იურიდიული ფაკულტეტის გადაწყვეტილებით ნ. გ-ამ დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. სადავო დიპლომის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნით მოსარჩელემ 18.06.2019წ. მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, მოპასუხის 02.08.2019წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ას უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი ...აში ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვების კანონმდებლობით დადგენილი წესის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გვერდის ავლით. სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კონკრეტული ფიზიკური პირისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია, წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. პალატამ მიიჩნია, რომ სზაკ-ით მოწესრიგებული კანონიერი ნდობის დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებებს, როგორიცაა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება, ადგილი არ ჰქონია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა სსიპ ...ის მიერ 11.12.2008წ. გაცემული დიპლომის სიყალბე. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ. გ-ას უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „უმაღლესი განათლების შესახებ“ 10.01.2005წ. საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგამანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენტს მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე. ამავე კანონის 89-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება 2005-2006 სასწავლო წლისთვის, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში ჩატარდა 2005 წლის აგვისტოს თვეში. სააპელაციო პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადსაღებად მიიჩნია საქმეში დაცული ...ის იურიდიული ფაკულტეტის 05.07.2005წ. განკარგულება, რომლის თანახმად დადგენილია ნ. გ-ას 2004-2005 სასწავლო წლის შედეგების გათვალისწინებით მე-4 კურსზე გადაყვანის ფაქტი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სტუდენტის სტატუსი ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა 2004-2005 სასწავლო წელს. შესაბამისად, მას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საკანონმდებლო ვალდებულება არ გააჩნდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო შეემოწმებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რასაც კასატორის მოსაზრებით ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დანაწესი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების („დონაძე საქართველოს წინააღმდეგ“ N74644/01, 07.03.2006წ.) თანახმად, ეროვნული სასამართლოები ვალდებული არიან მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება და მხარეების მიერ წარდგენილი თითოეული არგუმენტი შეისწავლონ სრულყოფილად და დეტალურად.
კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეფასების გარეშე დატოვეს ნ. გ-ას მიერ სტუდენტის სტატუსის კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით მოპოვების ფაქტი. ამასთანავე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მიღების შემდგომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება ნებადართულია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმის შემდეგ, 2005-2006 სასწავლო წლიდან აბიტურიენტთა მიღება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხორციელდებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. სახელმწიფო 2005-2006 სასწავლო წლიდან ცნობდა და აღიარებდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა განათლებასა და კვალიფიკაციას. ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოკვლეული დოკუმენტაციის თანახმად ნ. გ-ა სსიპ - ...აში ჩაირიცხა 14.02.2005წ. ბრძანებით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ნ. გ-ამ სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გარეშე და არ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის სტატუსის მოპოვების გარეშე გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელი საფუძველი. ნ. გ-ა ვალდებული იყო სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად დალოდებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას 2005 წლის ზაფხულში და მასში მიღებული მონაწილეობის შედეგად მოპოვებული ქულის საფუძველზე გაეგრძელებინა სწავლა მისთვის სასურველ დაწესებულებაში, რაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის მოსაზრებით მოსარჩელეს არ განუხორციელებია. ამასთანავე ცენტრს არავისთვის აუკრძალავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლება.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის პრინციპი. კასატორი აღნიშნავს, რომ კანონიერი ნდობა არის მატერიალურ-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელიც განკუთვნილია ადმინისტრაციული ორგანოსთვის, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, მმართველობითი ღონისძიების განხორციელებისას უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერი პრინციპების შეპირისპირებას და მხოლოდ ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორის მოსაზრებით, კანონიერი ნდობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების წინაპირობების არსებობის მიუხედავად სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს უმაღლესში ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით ჩარიცხვა, ვინაიდან გამოცდების გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობს სახელმწიფო და არ უკავშირებს იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობს სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტიდან - დიპლომიდან. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპი, კერძოდ, სტუდენტის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისთვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა უფლებებს (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფოს მხრიდან აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება, ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება, ან სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომების მფლობელი ის პირები, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომების მისაღებად კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარეს ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათლების აღიარების პროცედურა), რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასთვის თანაბარი უფლების რეალიზაცია.
კასატორის მოსაზრებით, არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და არც სხვა სამართლებრივი აქტი არ ავალდებულებს ცენტრს, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კონკრეტულ პირს გააჩნია კერძო ინტერესი ჰქონდეს უმაღლესი განათლება, უგულებელყოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მმართველობითი ღონისძიება განახორციელოს კანონდარღვევით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლით გათვალისწინებულია ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ თითოეული ადამიანის განათლების უფლების აღიარება. ამასთანავე საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. განათლების მიღების უფლების აღიარება არ გამორიცხავს პირის მიერ შეძენილი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ნორმატიული აქტების მიღებას. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ხარისხიანი განათლების მიღებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის განსაზღვრა. ამ უკანასკნელს უზრუნველყოფს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, ამასთანავე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტსა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებულ და გარანტირებულ განათლების მიღების უფლებას.
სსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულება ხორციელდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების გზით, რაც გულისხმობს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებასაც. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოსაყენებელ ნორმებს და მათ სამართლებრივ დასაბუთებას. ამასთანავე, სააპელაციო პალატის მიერ შეფასებულია საქმეში დაცული მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლი არ გულისხმობს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ §71). ამასთანავე, როდესაც მხარის არგუმენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების შედეგზე, იგი საჭიროებს ნათელ და კონკრეტულ პასუხს („რუიზ ტორია ესპანეთის წინააღმედგ“ §30). მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 02.08.2019წ. გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. სააპელაციო პალატის მიერ სრულად იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და დამატებით შეფასებულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფა 2005-2006 სასწავლო წლისთვის („უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 89.4 მუხლი) და ნ. გ-ას მიერ ...აში 2004-2005 სასწავლო წელს ჩარიცხვის ფაქტი, აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. გ-ა სტუდენტის სტატუსის მოპოვებისთვის 14.02.2005წ. არ იყო ვალდებული ჩაებარებინა ერთიანი ეროვნული გამოცდები. სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღების საფუძვლები მხარეებს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, შესაბამისად ადგილი არ აქვს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 6.1 მუხლის დანაწესის დარღვევას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ 10.01.2005წ. კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 52-ე მუხლის პირველ, მე-9 და მე-10 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენტს მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე, ამასთანავე ეროვნული გამოცდების ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ფაკულტეტებმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს. სიები ეგზავნება შესაბამის ფაკულტეტებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ სიის მიხედვით. ზემოაღნიშნული კანონის 89-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა 2005-2006 სასწავლო წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფა. საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების ვალდებულებას 2005-2006 სასწავლო წლისთვის და არ უარყოფს საქართველოში პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას 2005 წლის ზაფხულში. ამასთანავე ზემოხსენებული მუხლებისა და საქმეში დაცული მტკიცებულების (...ის იურიდიული ფაკულტეტის 05.07.2005წ. N24 განკარგულება, რომლითაც ირკვევა, რომ ნ. გ-ა 2004-2005 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით გადაყვანილ იქნა იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელი სწავლების მე-4 კურსზე) საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა 2004-2005 სასწავლო წელს და მის მიმართ „უმაღლესი განათლების შესახებ“ 10.01.2005წ. კანონის 52.1 მუხლის დანაწესის გამოყენება დაუშვებელია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდა განმარტებულია როგორც პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად. საქმეში დაცული მტკიცებულებების თანახმად, მოსარჩელე 1997-2001წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 29.06.2001წ. გადაწყვეტილებით მას მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით პირადი განცხადების საფუძველზე ის ჩაირიცხა სადავო დიპლომის გამცემ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდის მიზანი არის აბიტურიენტის მზაობის დადგენა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისთვის და მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება, მოსარჩელისთვის 29.06.2001წ. მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ადასტურებს მის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისთვის, რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, საქმეში დაცული მტკიცებულების, კერძოდ ...ის რექტორის 14.02.2005წ. ბრძანების თანახმად, ნ. გ-ა ჩაირიცხა იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელი სწავლების (ფასიანი სექტორი) მესამე კურსზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კანონმდებლობა ავალდებულებდა ნ. გ-ას დალოდებოდა პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებულ საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში შესაფასებელია დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა გარანტირებულია უკეთუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისგან (სუს 21.01.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-623-610(კ-14)). კანონიერი ნდობის საფუძველს ქმნის არა მხოლოდ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სზაკ-ის 601 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილები), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებაც (რეალაქტი). კანონიერი ნდობის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებები, კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისთვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას, შესაბამისად დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუს 05.03.2020წ. განჩინება საქმეზე Nბს-1265(კ-19); სუს 23.04.2019წ. განჩინება საქმეზე Nბს-470(კ-19); სუს 04.10.2018წ. განჩინება საქმეზე Nბს-812(კ-18).). კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, უკეთუ დაინტერესებულმა მხარემ დიპლომის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. საქმეში დაცული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 05.08.2019წ. ცნობის თანახმად, ნ. გ-ა 2002 წლის 17 ივნისიდან 2005 წლის 01 მაისამდე და 2005 წლის 27 სექტემბრიდან დღემდე მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო დიპლომის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული ქმედება, პროფესიული საქმიანობის განხორციელება. მმართველობის კანონიერების პრინციპისა და დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის სამართლიანი ბალანსის დაცვისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს კერძო და საჯარო ინტერესთა შორის ბალანსი, უკანონო ქმედების სიმძიმე, დროის ის პერიოდი, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების შემდეგ გავიდა. ნ. გ-ას მიერ მიღებული განათლების აღიარებით სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის ხელყოფა არ იკვეთება, ამასთანავე დაცულია მოსარჩელის უფლება და კანონიერი ინტერესი ჰქონდეს დიპლომი და სრულად განახორციელოს პროფესიული საქმიანობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. გ-ას გააჩნია კანონიერი ნდობა სსიპ ...ის მიერ 11.12.2008წ. გაცემული დიპლომის მიმართ. კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი ნდობის დაცვაზე უარი სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი უნდა იყოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერი ნდობის დაცვა არ ხდება, უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება (მხარის მიერ ყალბი დოკუმენტების წარდგენა, არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვ.), აღნიშნულს მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა შორისაა თანასწორობისა და განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. განათლება არის პირის უფლება, რომელიც სხვა უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობის საშუალებას იძლევა. იგი მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცებისაკენ. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2004-2005 სასწავლო წელს ნ. გ-ა სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გასაგრძელებლად არ იყო ვალდებული ჩაებარებინა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მეტადრე დალოდებოდა პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას 2005 წლის ზაფხულში, ვინაიდან „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2005-2006 სასწავლო წლიდან მიიღებოდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ. მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისამდე არ იყვნენ ვალდებულნი აბიტურიენტები მიეღოთ ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ შედგენილი სიების საფუძველზე (89.4 მუხ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2020წ. განჩინება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 06.08.2020წ. N06687 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი