საქმე #ბს-327(კ-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 27 მარტს ა. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული სახლის დარეგისტრირება მოითხოვა. ა. ბ-მა მიუთითა, რომ მანსარდის სახლის საზაფხულო ტიპის პროექტი გაცემულ იქნა ნ. ა-ის სახელზე, 1986 წელს, რომლის მემკვიდრეს წარმოადგენდა თავად მოსარჩელე. აღნიშნულის დასადასტურებლად მან წარადგინა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ირკვეოდა, რომ ა. ბ-ი წარმოადგენდა ნ. ა-ის მემკვიდრეს და მიღებული ჰქონდა ...ში, ...ის #31-ში მდებარე სამკვიდრო ქონება. ა. ბ-მა 90-იან წლებში სადავო მიწის ნაკვეთზე ააშენა სახლი, რომელსაც დაურთო შესაბამისად დამტკიცებული სახლის პროექტიც.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მეზობლები - ნ. ფ-ე და მ. ჩ-ა წერილობით ადასტურებდნენ, რომ ა. ბ-ი 1990 წლიდან ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა ქ. თბილისში, ...ის მე-5 შესახვევის #3-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთითა და მასზე არსებული შენობა ნაგებობით.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად კი მითითებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 დეკემბრის #2046 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2019 წლის 28 თებერვლის #... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ამასთან, დარღვეულ იქნა აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები.
ამდენად, მოსარჩელემ მიწის ნაკვეთზე ა. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 დეკემბრის #2046 განკარგულების, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 თებერვლის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ა. ბ-ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ა. ბ-ის საკუთრების უფლების დარეგისტრირების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე ა. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 დეკემბრის #2046 განკარგულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთზე ა. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 დეკემბრის #2046 განკარგულება და მოპასუხე კომისიას დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 24 აპრილს ა. ბ-მა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა საბოლოოდ, მისი განცხადება განხილულ იქნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, ვინაიდან იგი უკავშირდებოდა მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის, V შესახვევის #3-ის მიმდებარედ 537 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ იმსჯელა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა ა. ბ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვებისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებაში მოიაზრება პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, დაუშვებელია, საკუთრების უფლების აღიარებას დაექვემდებაროს მიწის ის ნაკვეთები, რომლის დაკანონებაზე პრეტენზიას აცხადებს პირი, მაგრამ ვერ ადასტურებს ამ ნივთზე ბატონობის ფაქტს.
კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ა. ბ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის #... წერილობითი მომართვით, სხვა დოკუმენტებთან ერთად, კომისიაში გადაგზავნილ იქნა ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის 2017 წლის 4 აპრილის დადგენილება, რომლის თანახმად, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ა. ბ-ის მიმართ, ...ის რაიონში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების ფაქტზე. თუმცა, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, აღნიშნულ საქმეზე ა. ბ-ის მიმართ არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა. კასატორის მითითებით, ხსენებული დადგენილებით ირკვეოდა, რომ 2008 წლის 26 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგიტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ა. ბ-მა და მან სხვა აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ 600 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოტყუებით მოპოვების მიზნით, წარადგინა 1997 წლის 21 ივლისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #... ყალბი აქტი.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქმის მასალების შესაბამისად, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა ე. ღ-ი, რომელსაც 2017 წლის 3 ოქტომბრის #1723 განკარგულებით უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ამასთან, აღნიშნულ საქმეში დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდა ა. ბ-ი, რომელმაც კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის მიერ წარდგენილი იყო სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელზეც მიმდინარეობდა სარეგისტრაციო წარმოება. ე. ღ-მა კი მიუთითა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შეძენილი იყო მისი მამის მიერ, თუმცა შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი მას არ გააჩნდა. ამდენად, კომისია მიიჩნევს, რომ საქმის მასალები არ იძლეოდა იმის ვარაუდის საკმარის საფუძველს, რომ ა. ბ-ი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაუფლებული იყო მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას, როგორც საკუთარს. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ მოწმეთა წერილობითი-ახსნა-განმარტებებით შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ ა. ბ-ი მართლაც ფლობდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, არასწორად განმარტა კანონი და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მიწის ნაკვეთზე ა. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 დეკემბრის #2046 განკარგულების, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 თებერვლის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აგრეთვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ა. ბ-ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ა. ბ-ის საკუთრების უფლების დარეგისტრირების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს ხსენებული კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2017 წლის 24 აპრილს ა. ბ-მა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა საბოლოოდ, მისი განცხადება განხილული იქნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, ვინაიდან იგი უკავშირდებოდა მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს. კერძოდ, ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, V შესახვევის #3-ის მიმდებარედ 537 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ იმსჯელა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ა. ბ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, მიწის ნაკვეთზე ა. ბ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულისათვის კი აუცილებელი იყო ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების ანალიზის შედეგად დადგენილიყო, ა. ბ-ი კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, V შესახვევის #3-ის მიმდებარედ არსებული 537 კვ.მ. მიწის ნაკვეთით.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათვალისწინებულ არ იქნა მოწმეების წერილობითი განცხადებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ა. ბ-ი ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით და მასზე 2007 წლამდე განთავსებული შენობით. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელების საფუძვლად მიუთითებდა მისი მამკვიდრებლის სახელზე ჯერ კიდევ 1986 წელს გაცემულ სამშენებლო პროექტზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა ა. ბ-ის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადასტურება, რაც ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით უნდა შეფასებულიყო.
კასატორის მითითებებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 1997 წლის 21 ივლისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის #... მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ნაკვეთის ფლობისა და მისით სარგებლობის ფაქტს. ამასთან, ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ასევე მოითხოვდა ე. ღ-ი, რომელსაც 2017 წლის 3 ოქტომბრის #1723 განკარგულებით უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, არ წარმოადგენს ა. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან სხვა პირის დაინტერესება, არ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას იმ პირის სასარგებლოდ, რომელსაც აღნიშნული უფლების რეალიზებისთვის საკმარისი საფუძვლები გააჩნია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა