Facebook Twitter
საქმე #ბს-861(2კ-20) 16 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ს. გ-ი, ნ. გ-ი, ე. ა-ი, რ. რ-ი

მესამე პირები – 1. ი. მ-ე; 2. შპს „...ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


2017 წლის 5 აპრილს ს. გ-მა, ნ. გ-მა, ე. ა-მა და რ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი ცხოვრობენ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #14-ში მდებარე სახლში, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მის მომიჯნავე ნაკვეთზე, ...ის ქუჩის #12-ში გაცემულია მშენებლობის ნებართვა და შენდება 5-სართულიანი შენობა. ნებართვის გაცემისას #12-ში არსებული ნაკვეთის მესაკუთრემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მიეთითა, რომ #12-ში განხორციელებული მშენებლობით #14-ში მდებარე ძეგლს საფრთხე არ ექმნებოდა. ამის შემდგომ, მოსარჩელეებმა მიმართეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს, რომელმაც მოამზადა დასკვნა და მიუთითა, რომ აუცილებელი იყო #14-ში მდებარე ძეგლის (შენობის) შესწავლა და სათანადო პროექტით მისი გამაგრება.
მოსარჩელეთა მითითებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის შემდგომ, სამსახურმა დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და გამოსცა დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ, თუმცა #12-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრემ ზედამხედველობის სამსახურში კვლავ წარადგინა კერძო კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, სადაც მიეთითა, რომ ძეგლის გამაგრება შეიძლებოდა მშენებლობის პარალელურად. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2016 წლის 21 ნოემბერს გამოსცა დადგენილება, რომლითაც გაუქმდა მანამდე გამოცემული დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული დადგენილების შემდგომ ...ის ქუჩის #12-ში დაუყოვნებლივ დაიწყო მშენებლობა, რამაც გამოიწვია #14-ში მდებარე ძეგლის დაზიანება, რის შემდგომაც მათ წარადგინეს ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და მოითხოვეს 2016 წლის 21 ნოემბრის დადგენილების ბათილად ცნობა, ამასთან, მათ ასევე არაერთხელ მიმართეს შესაბამის ორგანოებს მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, თუმცა მოსარჩელეთა განმარტებით, სარჩელის შემოტანის მომენტისთვის (05.04.2017წ.) არ მომხდარა არც მშენებლობის შეჩერება და არც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაწყვეტილების მიღება.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ამდენად, მოსარჩელეებმა „მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 ნოემბრის #შ-44/16-2 დადგენილებისა და „ს. გ-ის, ნ. გ-ის, ე. ა-ის და რ. რ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2017 წლის 12 აპრილის #1-847 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ამავე სასარჩელო განცხადებით მოსარჩელეებმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 ნოემბრის #4-1/დ1627-16 #შ-44/16-2 დადგენილების მოქმედების სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე იშუამდგომლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით ს. გ-ის, ნ. გ-ის, ე. ა-ისა და რ. რ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 ნოემბრის #4-1/დ1627-16 #შ-44/16-2 დადგენილების (მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე) მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი. მ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის, ნ. გ-ის, ე. ა-ისა და რ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 აპრილის #1-847 ბრძანება „ს. გ-ის, ნ. გ-ის, ე. ა-ის და რ. რ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 ნოემბრის #შ-44/16-2 დადგენილება „მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #14/...ის ქუჩის #11-ში მდებარე შენობას, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის #3/181 ბრძანების საფუძველზე, მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2017 წლის 20 თებერვლის #AA2017005709-04 საარქივო ცნობის თანახმად, ნ. გ-ი 1950 წლის 3 ნოემბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე - ...ის (ყოფ. ...ის) ქუჩის #14. ამოწერის თარიღი მითითებული არ არის.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2017 წლის 20 თებერვლის #AA2017005708-04 საარქივო ცნობის თანახმად, ს. გ-ი 1964 წლის 15 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე - ...ის (ყოფ. ...ის) ქუჩის #14. ამოწერის თარიღი მითითებული არ არის.
საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის 2016 წლის 4 აპრილის ამონაწერით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #14/...ის ქუჩის #11-ში მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 722.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #...) 2006 წლის 22 თებერვლიდან 13.70 კვ.მ ფართის ოდენობით საკუთრების უფლებით აღრიცხულია რ. რ-ის სახელზე.
საჯარო რეესტრის 2015 წლის 29 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #14/...ის ქუჩის #11-ში მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 722.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #...) 2015 წლის 29 სექტემბრიდან 54.85 კვ.მ ფართის ოდენობით საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე. ა-ის სახელზე.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის 2014 წლის 2 სექტემბრის ამონაწერის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 225.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #...) 2014 წლის 2 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი. მ-ეს სახელზე.
საჯარო რეესტრის 2017 წლის 12 აპრილის ამონაწერის თანახმად კი, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 225.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1 (მშენებარე), საერთო ფართობი: 924.2 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #...) 2017 წლის 12 აპრილიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „...ას“ სახელზე.
საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 2015 წლის 31 მარტის #... შპს საპროექტო არქიტექტურულ-დიზაინერული სტუდია „...-ის“ საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში (ნაკვეთი #...) მოქალაქე ი. მ-ეს კუთვნილ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი დამუშავებულია მაღალკვალიფიციურ დონეზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით. აქედან გამომდინარე, ექსპერტი დადებით შეფასებას აძლევს პროექტს და რეკომენდაციას უწევს მშენებლობის ნებართვის მისაღებად. აღნიშნული დასკვნის შენიშვნაში კი მითითებულია, რომ წარდგენილი პროექტის მიხედვით, მიმდებარე შენობებს დაზიანების საფრთხე არ ემუქრება.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს #2047726 ბრძანებით დაკმაყოფილდა კ. დ-ის 2015 წლის 17 ივლისის #AR1327676 განცხადება და შეთანხმდა ქალაქ თბილისში (სექტორი - ...ი), ...ის ქუჩის #12-ში, ი. მ-ეს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობების დემონტაჟისა და მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. იმავე ბრძანების 4.2. პუნქტის შესაბამისად კი, დამკვეთი ვალდებული იყო სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე ჰქონოდა სამშენებლო დოკუმენტი კანონით გათვალისწინებული სრული შემადგენლობით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის #3121493 ბრძანებით, ცვლილება შევიდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს #2047726 ბრძანებაში, კერძოდ, „ნებართვა ძალაშია 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით“, შეიცვალა - „ნებართვა ძალაშია 2018 წლის 28 ივნისის ჩათვლით“.
ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 2 მაისის #3235318 ბრძანებით, ცვლილება შევიდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის #3121493 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდა - შპს „...ა“.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ვიზუალური დათვალიერებით ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #14-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, აუცილებელია შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, შენობის გაძლიერება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით.
იმავე დასკვნის თანახმად, შპს საპროექტო არქიტექტურულ-დიზაინერული სტუდია „...-ის“ მიერ (#..., 2015 წლის 31 მარტი) ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში (ნაკვეთი #...) მოქალაქე ი. მ-ეს კუთვნილ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობის კონსტრუქციულ ნაწილზე შესრულებული საექსპერტო დასკვნა არასრულყოფილია, აქვს ზედაპირული ხასიათი, არ არის დასაბუთებული მომიჯნავედ არსებული შენობების უსაფრთხოებისათვის გათვალისწინებული ღონისძიების მართებულობა და არ ასახავს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში მდებარე დაგეგმილი მშენებლობის ზეგავლენას ...ის ქუჩის #14-ში მდებარე შენობაზე. ...ის ქუჩის #14-ში მდებარე შენობაზე ...ის ქუჩის #12-ში დაგეგმილი ზეგავლენის დასადგენად საჭიროა ასაშენებელი სახლის პროექტის კონსტრუქციული ნაწილის, საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის, მშენებლობის წარმოების პროექტისა და ქვაბულის გამაგრების გაანგარიშების წარდგენა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2016 წლის 14 სექტემბერს ს. გ-მა და ნ. გ-მა #329386/12 განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. განმცხადებლებმა განცხადებას თან დაურთეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 აგვისტოს #004982216 დასკვნა და მოითხოვეს არ დაეშვათ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს ნებართვის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული მშენებლობა საფრთხეს შეუქმნიდა ...ის ქუჩის #14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოქალაქე ი. მ-ეს მიმართ შედგენილ იქნა #001907 მითითება, რომლითაც დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში, III კლასის მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში დარღვეული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს #2047726 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის 4.2. პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობები, კერძოდ, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის მშენებლობის პროცესში წარმოიქმნა შენობა-ნაგებობის კვლევისათვის აუცილებელი გარემოებები, რომელიც დამკვეთის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. იმავე მითითების თანახმად, დამრღვევს დარღვევის გამოსასწორებლად დაევალა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 35-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და იმავე დადგენილების 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველეყო ...ის ქუჩის #10-სა და #14-ში არსებულ შენობა-ნაგებობებზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნისა და ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული კონსტრუქციული ღონისძიებების ჩატარება, რომლითაც გამოსწორებული და უზრუნველყოფილი იქნებოდა მიმდინარე მშენებლობის ზეგავლენის შედეგად გამოწვეული დაზიანებები და მათი შემდგომი მდგრადობა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 35-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამრღვევს დაევალა წარედგინა შესაბამისი საექსპერტო შეფასება მომიჯნავედ ...ის ქუჩის #9-ში არსებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის კონკრეტული ნაწილების მდგომარეობა შესაბამისობაში არ იქნებოდა შენობა-ნაგებობის მდგრადობისა და მისი შემდგომი ექსპლუატაციისათვის დადგენილ მოთხოვნებთან, მას დაევალა შესაბამისი საექსპერტო დასკვნისა და ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული კონსტრუქციული ღონისძიებების ჩატარება, რომლითაც გამოსწორებული და უზრუნველყოფილი იქნებოდა მიმდინარე მშენებლობის ზეგავლენის შედეგად გამოწვეული დაზიანებები და მისი შემდგომი მდგრადობა. იმავე მითითების თანახმად, მოთხოვნილი კონსტრუქციული ღონისძიებებისა და საექსპერტო შეფასებების სრულყოფილად შესრულების შემდეგ, დამრღვევს დაევალა შესაბამისი საექპერტო დასკვნის წარდგენა განხორციელებული სამუშაოებისა და მომიჯნავედ ...ის ქუჩის #10-ში, ამავე ქუჩის #14-სა და ...ის ქუჩის #9-ში არსებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგრადობის შესახებ. მითითების თანახმად, დარღვევის გამოსასწორებლად ი. მ-ეს განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის - გ. ნ-ას 2016 წლის 28 სექტემბრის #542 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ვინაიდან იმ მომენტისათვის მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე არსებული დაზიანებისა და მათი შემდგომი მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით არ იყო განხორციელებული შესაბამისი კონსტრუქციული ღონისძიებები და მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელი იყო მშენებლობის შეჩერების გარეშე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, მან შემდგომი რეაგირება მოითხოვა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „მშენებლობის შეჩერების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 სექტემბრის #შ-44/16 დადგენილების თანახმად, შეჩერებულ იქნა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს #2047726 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოების წარმოება, სამსახურის 2016 წლის 28 სექტემბრის #001907 მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე ან/და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარდგენამდე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს #2047726 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოების - ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #10-ში, ...ის ქუჩის #14-სა და ...ის ქუჩის #9-ში არსებული შენობა-ნაგებობების აღდგენა-გაძლიერებითი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პარალელურად უსაფრთხო განხორციელების შესაძლებლობა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია შპს „ა...ას“ 2016 წლის 1 ნოემბრის საექსპერტო დასკვნა, სადაც პირველ კითხვაზე - გამოიწვევდა თუ არა ...ის #12-ში (ნაკვეთი #...) მდებარე ერთსართულიანი შენობის დემონტაჟი მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული შენობების დაზიანებას - დასკვნაში მითითებულია, რომ ვინაიდან ერთსართულიანი შენობა არ იყო კონსტრუქციულად დაკავშირებული მომიჯნავე შენობების მზიდ კონსტრუქციებთან და დემონტაჟი განხორციელდა მიწის დონემდე მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშე (დამატებითი ვიბრაციების გამოსარიცხად) ხელით და პნევმატური ჩაქუჩის გამოყენებით, შეიძლებოდა გაკეთებულიყო დასკვნა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში მდებარე ერთსართულიანი შენობის დემონტაჟი არ გამოიწვევდა მომიჯნავედ არსებული (...ის ქუჩის #10, ამავე ქუჩის #14 და ...ის ქუჩის #9) შენობების მზიდი კედლების დეფორმაციებს და დამატებით ბზარების წარმოქმნას ან არსებული ბზარების გაზრდას.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მეორე შეკითხვაზე - საჭიროებს თუ არა საპროექტო ტერიტორიის მომიჯნავედ არსებული შენობის კედლები დამატებით გამაგრება-გაძლიერებას და საჭიროების შემთხვევაში, დამუშავებული ყოფილიყო შესაბამისი გაძლიერების პროექტი - დასკვნაში მითითებულია, რომ მრავალფუნქციური შენობის ქვაბულის მოწყობისას, ასევე, მშენებლობის პროცესში და შემდგომი ექსპლუატაციის პირობებშიც საპროექტო შენობა საფრთხეს არ შეუქმნის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებულ შენობებს მდგრადობის თვალსაზრისით ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში. თუმცა, იმავე დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საპროექტო შენობა საფრთხეს არ უქმნის მდგრადობის თვალსაზრისით მოსაზღვრე შენობებს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მრავალფუნქციური შენობის აგებით შეიზღუდება სამშენებლო მოედნის მხრიდან ...ის ქუჩის #10-სა და #14-ში, ასევე, ...ის ქუჩის #9-ში შენობების მშენებლობის მხარეს მდებარე კედლებზე გაძლიერების შესაძლებლობა გარე მხრიდან, რის გამოც მიზანშეწონილი იყო სართულების ამოყვანის პარალელურ რეჟიმში განხორციელებულიყო მოსაზღვრე შენობების სამშენებლო მოედნის მხარეს მდებარე კედლების გაძლიერება შესაბამისი გაძლიერების პროექტის მიხედვით, რომელიც მოცემულია #1 დანართში.
ექსპერტიზის წინაშე დასმულ მესამე შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მომიჯნავე შენობის კედლის გაძლიერების პროექტში ასახული სამუშაოებისა და სამშენებლო პროექტით (ბრძანება #2047726) გათვალისწინებული სამუშაოების პარალელურ რეჟიმში განხორციელება, დასკვნაში მითითებულია, რომ შესაძლებელია მოსაზღვრე შენობების გარე კედლების გაძლიერება განხორციელდეს მრავალფუნქციური შენობის „ნული ციკლის“ სამუშაოების დასრულების შემდეგ მიწისზედა სართულების ამოყვანის პარალელურ რეჟიმში.
საქალაქო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის - გ. ნ-ას 2016 წლის 21 ნოემბრის #701 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ვინაიდან შპს „ა...ას“ 2016 წლის 1 ნოემბრის საექსპერტო დასკვნით გათვალისწინებული იყო „მშენებლობის შეჩერების შესახებ“ სამსახურის 2016 წლის 28 სექტემბრის #შ-44/16 დადგენილებით მოთხოვნილი პირობა, გ. ნ-ამ მოითხოვა შემდგომი რეაგირება, რათა შეწყვეტილიყო სამსახურის 2016 წლის 28 სექტემბრის #შ-44/16 დადგენილება ...ის ქუჩის #12-ში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს #2047726 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 ნოემბრის #შ-44/16-2 დადგენილებით ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული ი. მ-ეს მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 სექტემბრის #4-1/დ1309-16 #შ-44/16 დადგენილება.
საქალაქო სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ-მა, ნ. გ-მა, ე. ა-მა და რ. რ-მა 2016 წლის 12 დეკემბერს #436620/15 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო 2016 წლის 21 ნოემბრის #შ-44/16-2 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 აპრილის #1-847 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ს. გ-ის, ნ. გ-ის, ე. ა-ის, რ. რ-ის 2016 წლის 12 დეკემბრის #436620/15 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა „მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 ნოემბრის #შ-44/16-2 დადგენილება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ „მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ 2016 წლის 21 ნოემბრის #შ-44/16-2 დადგენილების მიღების საფუძველი გახდა შპს „ა...ას“ 2016 წლის 1 ნოემბრის საექსპერტო დასკვნა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ა...ას“ 2016 წლის 1 ნოემბრის საექსპერტო დასკვნა განცალკევებით იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ძალადაკარგულად გამოეცხადებინა მის მიერ 2016 წლის 28 სექტემბერს მიღებული „მშენებლობის შეჩერების შესახებ“ #შ-44/16 დადგენილება და ამ გადაწყვეტილებით ი. მ-ეს მისცემოდა მშენებლობის გაგრძელების ნებართვა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 აგვისტოს დასკვნაზე, რომლითაც კონკრეტულად იქნა განსაზღვრული რიგი მითითებები, კერძოდ, აღნიშნული დასკვნის თანახმად, ...ის ქუჩის #14-ში მდებარე შენობაზე ...ის ქუჩის #12-ში დაგეგმილი ზეგავლენის დასადგენად, საჭირო იყო ასაშენებელი სახლის პროექტის კონსტრუქციული ნაწილის, საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის, მშენებლობის წარმოების პროექტისა და ქვაბულის გამაგრების გაანგარიშების წარდგენა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, შპს „ა...ას“ 2016 წლის 1 ნოემბრის საექსპერტო დასკვნაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მშენებლობის პარალელურად შესაძლებელი იყო მოსაზღვრე შენობა-ნაგებობის კედლების გამაგრება მისი ზედა სართულების ამოყვანის პარალელურად, მშენებლობის შეჩერება კი შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა შეჩერების გარეშე, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა და რაც საკმარისი აღმოჩნდა სადავო დადგენილების მისაღებად.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი იყო, თუ რატომ ჩათვალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული პირობა საკმარისი იყო მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის და სადავო აქტის გამოცემისას რატომ არ გაამახვილა ყურადღება სხვა მითითებებზე, რომლის შესრულების ვალდებულებაც მშენებელს სამშენებლო სამუშაოების წარმოების მომენტისათვის ეკისრებოდა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი პირდაპირ ავალდებულებს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას. აღნიშნული კიდევ უფრო გასათვალისწინებელია სახელმწიფო ორგანოების მხრიდან.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ კერძო კომპანიის - შპს „ა...ას“ 2016 წლის 1 ნოემბრის საექსპერტო დასკვნა ბუნდოვანი იყო და არ პასუხობდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 აგვისტოს დასკვნაში არსებულ მითითებებს, რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ასევე არ ყოფილა გამოკვლეული. აღნიშნულის გამოკვლევა კი არსებითი მნიშვნელობის იყო, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ეხებოდა. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული გარემოებები საერთო ჯამში ადასტურებდა იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია საქმის მასალები სრულყოფილად.
შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოეხდინა საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი; არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ეხელმძღვანელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 აგვისტოს დასკვნით, რამდენადაც შპს „ა...ას“ 2016 წლის 1 ნოემბრის საექსპერტო დასკვნის შინაარსი ბუნდოვანი იყო.
კასატორთა განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებლობის შეჩერების თაობაზე მიღებული 2016 წლის 28 სექტემბრის #შ-44/16 დადგენილება თავად უთითებს მისი ძალადაკარგულად გამოცხადების შესაძლებლობასა და პირობაზე, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: დადგენილება ძალაშია წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებული მშენებლობის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრამდე.
შესაბამისად, კასატორები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან მშენებლობის შეჩერების თაობაზე მიღებული დადგენილების მოქმედება დაკავშირებული იქნა თავად აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული მშენებლობის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრასთან, შპს „ა...ას“ 2016 წლის 1 ნოემბრის საექსპერტო დასკვნის წარდგენით (რომელიც მიუთითებდა მშენებლობის პარალელურად მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კედლების გამაგრების შესაძლებლობაზე მისი ზედა სართულების ამოყვანის პარალელურად) აღმოიფხვრა ის გარემოება, რაც გახდა მშენებლობის შეჩერების საფუძველი. ამდენად, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იყო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოეცხადებინა მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
კასატორები ასევე არ ეთანხმებიან დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტას და მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო დასახელებული საპროცესო ნორმის რეალური შინაარსი და მასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის #ბს-311-307(2კ-14) გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებები. კასატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები მიიჩნევენ, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული. ამდენად, კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება საპროცესო და მატერიალური ნორმების დარღვევით მიიღო, მაშინ, როდესაც საქმეში დაცული მტკიცებულებები სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლეოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების დადგენის ერთ-ერთი პრინციპია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება.
სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს იმ არსებულ შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯნავედაც დაგეგმილია მშენებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მდგრადობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპროექტებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია ასეთი ფაქტის დადასტურებისას: ა) საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაციისა და დაზიანების გამოსწორება, მაშინ მოახდინოს შესაბამისი კომპენსირება მოსაზღვრე დაზიანებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე.
ამავე დადგენილების 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ასევე, თან უნდა ერთვოდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის კვლევის შედეგები.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის IV თავზე (ტექნიკური საფრთხის კონტროლი), რომელიც არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად კი, თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ. დადგენილების მიღების შემდეგ ეს ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება დარღვევების გამოსწორების შესახებ.
საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან მშენებლობის ნებართვას, რომელიც ქმნის ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების საფუძველს. აღნიშნულს განაპირობებს ის ფაქტი, რომ საზოგადოდ, მოსარჩელეები არ არიან მათ მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის წარმოების წინააღმდეგი. მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი უკავშირდება მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული სანებართვო პირობების ზედმიწევნით შესრულებას, კერძოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი ვალდებულია გაამაგროს ...ის ქუჩის #14-ში მდებარე შენობა-ნაგებობა - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რათა ამავე ქუჩის #12-ში წარმოებულმა სამშენებლო სამუშაოებმა არ გამოიწვიოს მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება და შედეგად, მოსარჩელეთა უფლებების შელახვა.
აქვე საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს მიუთითოს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს #2047726 ბრძანებით დაკმაყოფილდა კ. დ-ის 2015 წლის 17 ივლისის #AR1327676 განცხადება და შეთანხმდა ქალაქ თბილისში (სექტორი - ...ი), ...ის ქუჩის #12-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობების დემონტაჟისა და მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი. იმავე ბრძანების 4.2. პუნქტის შესაბამისად კი, დამკვეთი ვალდებული იყო სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე ჰქონოდა სამშენებლო დოკუმენტი კანონით გათვალისწინებული სრული შემადგენლობით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ვიზუალური დათვალიერებით ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #14-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, აუცილებელია შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, შენობის გაძლიერება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით.
იმავე დასკვნის თანახმად, შპს საპროექტო არქიტექტურულ-დიზაინერული სტუდია „...-ის“ მიერ (#..., 2015 წლის 31 მარტი) ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში (ნაკვეთი #...) მოქალაქე ი. მ-ეს კუთვნილ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობის კონსტრუქციულ ნაწილზე შესრულებული საექსპერტო დასკვნა არასრულყოფილია, აქვს ზედაპირული ხასიათი, არ არის დასაბუთებული მომიჯნავედ არსებული შენობების უსაფრთხოებისათვის გათვალისწინებული ღონისძიების მართებულობა და არ ასახავს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში მდებარე დაგეგმილი მშენებლობის ზეგავლენას ...ის ქუჩის #14-ში მდებარე შენობაზე. ...ის ქუჩის #14-ში მდებარე შენობაზე ...ის ქუჩის #12-ში დაგეგმილი ზეგავლენის დასადგენად საჭიროა ასაშენებელი სახლის პროექტის კონსტრუქციული ნაწილის, საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის, მშენებლობის წარმოების პროექტისა და ქვაბულის გამაგრების გაანგარიშების წარდგენა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 14 სექტემბერს ს. გ-მა და ნ. გ-მა #329386/12 განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. განმცხადებლებმა განცხადებას თან დაურთეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 აგვისტოს #004982216 დასკვნა და მოითხოვეს არ დაეშვათ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს ნებართვის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული მშენებლობა საფრთხეს შეუქმნიდა ...ის ქუჩის #14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
2016 წლის 28 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოქალაქე ი. მ-ეს მიმართ შედგენილ იქნა #001907 მითითება, რომლითაც დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში, III კლასის მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში დარღვეული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს #2047726 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის 4.2. პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობები, კერძოდ, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის მშენებლობის პროცესში წარმოიქმნა შენობა-ნაგებობის კვლევისათვის აუცილებელი გარემოებები, რომელიც დამკვეთის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. იმავე მითითების თანახმად, დამრღვევს დარღვევის გამოსასწორებლად დაევალა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 35-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და იმავე დადგენილების 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველეყო ...ის ქუჩის #10-სა და #14-ში არსებულ შენობა-ნაგებობებზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნისა და ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული კონსტრუქციული ღონისძიებების ჩატარება, რომლითაც გამოსწორებული და უზრუნველყოფილი იქნებოდა მიმდინარე მშენებლობის ზეგავლენის შედეგად გამოწვეული დაზიანებები და მათი შემდგომი მდგრადობა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 35-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამრღვევს დაევალა წარედგინა შესაბამისი საექსპერტო შეფასება მომიჯნავედ ...ის ქუჩის #9-ში არსებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის კონკრეტული ნაწილების მდგომარეობა შესაბამისობაში არ იქნებოდა შენობა-ნაგებობის მდგრადობისა და მისი შემდგომი ექსპლუატაციისათვის დადგენილ მოთხოვნებთან, მას დაევალა შესაბამისი საექსპერტო დასკვნისა და ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული კონსტრუქციული ღონისძიებების ჩატარება, რომლითაც გამოსწორებული და უზრუნველყოფილი იქნებოდა მიმდინარე მშენებლობის ზეგავლენის შედეგად გამოწვეული დაზიანებები და მისი შემდგომი მდგრადობა. იმავე მითითების თანახმად, მოთხოვნილი კონსტრუქციული ღონისძიებებისა და საექსპერტო შეფასებების სრულყოფილად შესრულების შემდეგ, დამრღვევს დაევალა შესაბამისი საექპერტო დასკვნის წარდგენა განხორციელებული სამუშაოებისა და მომიჯნავედ ...ის ქუჩის #10-ში, ამავე ქუჩის #14-სა და ...ის ქუჩის #9-ში არსებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგრადობის შესახებ. მითითების თანახმად, დარღვევის გამოსასწორებლად ი. მ-ეს განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
„მშენებლობის შეჩერების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 სექტემბრის #შ-44/16 დადგენილების თანახმად, შეჩერებულ იქნა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს #2047726 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოების წარმოება, სამსახურის 2016 წლის 28 სექტემბრის #001907 მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე ან/და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარდგენამდე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს #2047726 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოების - ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #10-ში, ...ის ქუჩის #14-სა და ...ის ქუჩის #9-ში არსებული შენობა-ნაგებობების აღდგენა-გაძლიერებითი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პარალელურად უსაფრთხო განხორციელების შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია შპს „ა...ას“ 2016 წლის 1 ნოემბრის საექსპერტო დასკვნა, სადაც პირველ კითხვაზე - გამოიწვევდა თუ არა ...ის #12-ში (ნაკვეთი #...) მდებარე ერთსართულიანი შენობის დემონტაჟი მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული შენობების დაზიანებას - დასკვნაში მითითებულია, რომ ვინაიდან ერთსართულიანი შენობა არ იყო კონსტრუქციულად დაკავშირებული მომიჯნავე შენობების მზიდ კონსტრუქციებთან და დემონტაჟი განხორციელდა მიწის დონემდე მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშე (დამატებითი ვიბრაციების გამოსარიცხად) ხელით და პნევმატური ჩაქუჩის გამოყენებით, შეიძლებოდა გაკეთებულიყო დასკვნა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში მდებარე ერთსართულიანი შენობის დემონტაჟი არ გამოიწვევდა მომიჯნავედ არსებული (...ის ქუჩის #10, ამავე ქუჩის #14 და ...ის ქუჩის #9) შენობების მზიდი კედლების დეფორმაციებს და დამატებით ბზარების წარმოქმნას ან არსებული ბზარების გაზრდას.
მეორე შეკითხვაზე - საჭიროებს თუ არა საპროექტო ტერიტორიის მომიჯნავედ არსებული შენობის კედლები დამატებით გამაგრება-გაძლიერებას და საჭიროების შემთხვევაში, დამუშავებული ყოფილიყო შესაბამისი გაძლიერების პროექტი - დასკვნაში მითითებულია, რომ მრავალფუნქციური შენობის ქვაბულის მოწყობისას, ასევე, მშენებლობის პროცესში და შემდგომი ექსპლუატაციის პირობებშიც საპროექტო შენობა საფრთხეს არ შეუქმნის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებულ შენობებს მდგრადობის თვალსაზრისით ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში. თუმცა, იმავე დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საპროექტო შენობა საფრთხეს არ უქმნის მდგრადობის თვალსაზრისით მოსაზღვრე შენობებს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მრავალფუნქციური შენობის აგებით შეიზღუდება სამშენებლო მოედნის მხრიდან ...ის ქუჩის #10-სა და #14-ში, ასევე, ...ის ქუჩის #9-ში შენობების მშენებლობის მხარეს მდებარე კედლებზე გაძლიერების შესაძლებლობა გარე მხრიდან, რის გამოც მიზანშეწონილი იყო სართულების ამოყვანის პარალელურ რეჟიმში განხორციელებულიყო მოსაზღვრე შენობების სამშენებლო მოედნის მხარეს მდებარე კედლების გაძლიერება შესაბამისი გაძლიერების პროექტის მიხედვით, რომელიც მოცემულია #1 დანართში.
ექსპერტიზის წინაშე დასმულ მესამე შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მომიჯნავე შენობის კედლის გაძლიერების პროექტში ასახული სამუშაოებისა და სამშენებლო პროექტით (ბრძანება #2047726) გათვალისწინებული სამუშაოების პარალელურ რეჟიმში განხორციელება, დასკვნაში მითითებულია, რომ შესაძლებელია მოსაზღვრე შენობების გარე კედლების გაძლიერება განხორციელდეს მრავალფუნქციური შენობის „ნული ციკლის“ სამუშაოების დასრულების შემდეგ მიწისზედა სართულების ამოყვანის პარალელურ რეჟიმში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის - გ. ნ-ას 2016 წლის 21 ნოემბრის #701 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ვინაიდან შპს „ა...ას“ 2016 წლის 1 ნოემბრის საექსპერტო დასკვნით გათვალისწინებული იყო „მშენებლობის შეჩერების შესახებ“ სამსახურის 2016 წლის 28 სექტემბრის #შ-44/16 დადგენილებით მოთხოვნილი პირობა, გ. ნ-ამ მოითხოვა შემდგომი რეაგირება, რათა შეწყვეტილი ყოფილიყო სამსახურის 2016 წლის 28 სექტემბრის #შ-44/16 დადგენილება ...ის ქუჩის #12-ში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს #2047726 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ.
ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 ნოემბრის #შ-44/16-2 დადგენილებით ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული ი. მ-ეს მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 სექტემბრის #4-1/დ1309-16 #შ-44/16 დადგენილება.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება მოსარჩელეთა იურიდიულ ინტერესზე. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან მშენებლობის ნებართვის კანონიერებას. შესაბამისად, საზოგადოდ, ისინი არ ეწინააღმდეგებიან სამშენებლო სამუშაოების წარმოებას. მოსარჩელეთათვის პრიორიტეტულია სამშენებლო ნებართვით დადგენილი პირობების შესრულება, უფრო კონკრეტულად კი, იმ საცხოვრებელი სახლის გამაგრება, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ამდენად, წარმოდგენილი სარჩელიც სწორედ აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ასევე, სამართალწარმოების მიმდინარეობისას მიუთითებდნენ, რომ არსებული მდგომარეობით, წარდგენილმა შპს „ა...ას“ 2016 წლის 1 ნოემბრის საექსპერტო დასკვნამ ვერ აღმოფხვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (უფლებამონაცვლე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) 2016 წლის 28 სექტემბრის #001907 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელიც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული დასკვნის შინაარსი, კერძოდ, დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხები ვერ აღმოფხვრიდა იმ საჭიროებებს, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 აგვისტოს #004982216 დასკვნით განისაზღვრა. კერძოდ, სამხარაულის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ...ის ქუჩის #14-ში მდებარე შენობაზე ...ის ქუჩის #12-ში დაგეგმილი ზეგავლენის დასადგენად, საჭირო იყო ასაშენებელი სახლის პროექტის კონსტრუქციული ნაწილის, საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის, მშენებლობის წარმოების პროექტისა და ქვაბულის გამაგრების გაანგარიშების წარდგენა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის მიმართ განსაკუთრებული დაინტერესება განაპირობა სამართალწარმოების მიმდინარეობის პროცესში საქმესთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის რადიკალურად შეცვლამ. კერძოდ, განსახილველ საქმეში ჩაბმული მესამე პირის - შპს „...ას“ მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა რამდენიმე განცხადება. წარმოდგენილი განცხადებებით ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ...ის ქუჩის #14-ში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის თაობაზე, რომელიც ა(ა)იპ „...ის“ მიერ უნდა განხორციელებულიყო. განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის (26.10.2020წ.) განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდებოდა. ერთ-ერთ განცხადებაზე თანდართულად შპს „...ამ“ ასევე წარმოადგინა აკადემიკოს მ. ბ-ის 2020 წლის 24 სექტემბრის საექსპერტო დასკვნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ „ქ. თბილისში, ...ის ქ. #12-ში (ს/კ ...) მშენებარე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის დროს შესრულებული მიწისქვეშა სამუშაოები ძირითადად შესრულებულია დამუშავებული კონსტრუქციული პროექტების (შენობის კონსტრუქციული და ქვაბულის გამაგრების კონსტრუქციული პროექტები) შესაბამისად. მრავალფუნქციური შენობის შემდგომი სამშენებლო სამუშაოების განხორციელება შესაძლებელია დამუშავებული კონსტრუქციული პროექტის სრული შესაბამისობით, ამასთან, სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესაბამისად, რათა გაუთვალისწინებელმა სამშენებლო სეისმურმა მოვლენებმა და ქვაბულში უხვი რაოდენობით ატმოსფერული ნალექების ჩადინებამ ზეგავლენა არ მოახდინონ სამშენებლო მოედნის მიმდებარედ განთავსებულ შენობებზე და ...ის ქუჩაზე გამავალ საავტომობილო გზაზე. რაც შეეხება იმას, მოახდენს თუ არა ზეგავლენას სამშენებლო მოედნის მიმდებარედ განთავსებულ (...ის ქ. #10-ში, #14-ში და ...ის ქ. #9-ში, ს/კ ..., ს/კ ..., ს/კ ...) საცხოვრებელი სახლების მდგრადობაზე აღნიშნული მშენებლობა, ვასკვნით: რადგან დღეისათვის გამაგრებულია ...ის ქ. #14-ში მდებარე სამსართულიანი შენობის საძირკვლები და მიმდებარე ტორსული კედელი, ასევე გამაგრებულია ...ის ქ. #10-ში მდებარე ორსართულიანი სახის მიმდებარე ტორსული კედელი და შემდგომში გასამაგრებელია ...ის ქ. #9-ში განთავსებული შენობის უკანა კედელი (როგორც დასკვნაშია აღნიშნული, იგი უნდა გამაგრდეს შენობის მიწისქვეშა სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე), ...ის ქ. #12-ში ასაშენებელი მრავალფუნქციური შენობის სამშენებლო სამუშაოები ზეგავლენას არ მოახდენს მის მიმდებარედ განთავსებულ სამ, ორ და ერთსართულიანი სახლების მდგრადობაზე“.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს „...ას“ მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადების შინაარსზე, კერძოდ, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში კომპანიამ წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორი დასკვნა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო.
2018 წლის 19 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #12-ში მიმდინარე მშენებლობის ნულოვანი ციკლის სამუშაოების დაუსრულებლობა საფრთხის შემცველია მომიჯნავე ...ის ქუჩა #10 და ...ის ქუჩა #9-ში მდებარე შენობებისათვის და აუცილებელია უახლოეს პერიოდში მოხდეს ქვაბული ფერდების გაძლიერების დასრულება, ამოყვანილ იქნას სარდაფის კედლები და 0.00 ნიშნულზე მოეწყოს გადახურვის ფილა, ასევე სარდაფის კედლებსა და ქვაბულის ფერდებს შორის სივრცე შეივსოს ფენობრივად დატკეპნილი ბალასტით. (1) ქალაქ თბილისში ...ის ქუჩა #12-ში დაწყებული მშენებლობის ახლო მომავალში განუახლებლობა შესაძლებელია უარყოფითად აისახოს მომიჯნავე შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე. (2-3) პროექტის კონსტრუქციული ნაწილით, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #12-ში მშენებარე ...ს ქვაბულის გამაგრებისა და მომიჯნავედ არსებულ შენობებს შორის ხიმინჯების ფარდის მოწყობის პროექტის მიხედვით სამუშაოების დასრულების, ხოლო შემდგომ მშენებლობის განხორციელებისა და ექსპლოატაციის პირობებში, ...ის ქუჩა #12-ში მშენებარე შენობიდან უარყოფითი ზეგავლენა მომიჯავე ...ის #10, #12, და ...ის #9-ში მდებარე შენობებზე კონსტრუქციული თვალსაზრისით მოსალოდნელი არ არის და აღნიშულ შენობებზე არსებული დაზიანების ხარისხი არ შეიცვლება. დღევანდელი მდგომარეობით ...ის ქუჩა #14-ის მხარეს მოწყობილია ხიმინჯების ფარდა და მონოლითური რკინა-ბეტონით ამოყვანილია სარდაფის კედელი, მაგრამ აღნიშნული სახლის საძირკვლები არ არის დაცული ატმოსფერული ნალექებისაგან (ფოტო 3, 4 და 5). ...ის ქუჩა #14-ში მდებარე შენობის კედლებზე, რომელიც უშუალოდ მდებარეობს სამშენებლო მოედნის მხარეს, ბზარებზე გაკრული თაბაშირის ყალაურები არ არის დაზიანებული.“
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 მარტის დასკვნაზე, სადაც აღინიშნა, რომ „ექსპერტიზის ბიუროში წარმოდგენილი სამივე პროექტისა და შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქ. თბილისში, ...ის ქ. #12-ში (ს/კ ...) და #14-ში (ს/კ ...) დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ ეტაპზე ...ის ქ. #14-ში პარალელურ რეჟიმში უნდა განხორციელდეს საძირკვლების გაძლიერების სამუშაოები და მოეწყოს ჭიმები, ხოლო შემდგომ შესაძლებელია პარალელურ რეჟიმში განხორციელდეს პროექტით გათვალისწინებული შენობის ნაკვეთურის გაძლიერების სამუშაოები და განახლდეს ...ის ქ. #12-ში შეჩერებული მშენებლობა. 2. პროექტის მიხედვით გამყოფი ხიმინჯოვანი შპუნტური რიგის მოწყობით ...ის ქ. #14-ში მდებარე შენობის ნაკვეთურზე, რომელიც უშუალოდ მდებარეობს სამშენებლო მოედნის მხარეს, ახალი მშენებლობიდან ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.“
აქვე, საყურადღებოა, რომ 2020 წლის 27 იანვარს ე. ა-მა და რ. რ-მა სარჩელის გამოხმობის შესახებ განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს. განცხადების თანახმად, „დავის წარმოშობის შემდგომ მნიშვნელოვნად შეიცვალა დავის ფაქტობრივი გარემოებები და დღეის მდგომარეობით, ჩვენს საკუთრებაში არსებული ფართების (მთლიანი შენობის) რეაბილიტაციას ახორციელებს ქ. ...ი, რისი გათვალისწინებითაც ზემოაღნიშნული დავის მიმართ ინტერესის არარსებობის გამო გვსურს გამოვიხმოთ ჩვენი სარჩელი.“
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის მართებული გადაწყვეტისა და იმის განსაზღვრისათვის, თუ რამდენად იქნა დაკმაყოფილებული მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი, სასამართლო დგას ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #12-ში სამშენებლო სამუშაოების განახლების კანონიერების შეფასების საჭიროების წინაშე. ამასთან, აღნიშნული საკითხის შეფასებისას სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს მითითებულ მისამართზე მიმდინარე სამუშაოების ზეგავლენა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #14-ში არსებულ შენობაზე (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე). ასევე, არსებითია დადგინდეს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში, მუნიციპალური ორგანოების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნა თუ არა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოების განხორციელება და მათი საცხოვრებელი შენობის უსაფრთხო ექსპლუატაცია. თუმცა საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმესთან მიმართებით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შეცვლის პირობებში, საკითხი ვერ გადაწყდება მარტოოდენ იმ გარემოების შეფასებით, რამდენად იქნა აღმოფხვრილი შპს „ა...ას“ 2016 წლის 1 ნოემბრის საექსპერტო დასკვნით ის დარღვევები, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 სექტემბრის #001907 მითითებით განისაზღვრა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი ვითარების შეცვლა საჭიროს ხდის საკითხის დამატებით კვლევას, რამდენადაც სამართალწარმოების პროცესში წარმოშობილმა ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს საქმეზე არსებული სურათი. უფრო კონკრეტულად, შპს „...ას“ მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ა(ა)იპ ...ი ასრულებდა, რომელიც გეგმის მიხედვით, 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ივლისისა და 2019 წლის 13 მარტის დასკვნები, სადაც ასევე, ხაზგასმით იყო აღნიშნული ...ის ქუჩის #14-ში მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოების შესახებ. ამასთან, შპს „...ას“ მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი აკადემიკოს მ. ბ-ის 2020 წლის 24 სექტემბრის საექსპერტო დასკვნაშიც ასევე მითითებულია, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულია გარკვეული გამაგრებითი სამუშაოები, რომლებიც თითქმის დასრულებულია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვის პროცესში, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმეზე წარმოდგენილი ყველა საექსპერტო დასკვნა, მათ შორის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ივლისისა და 2019 წლის 13 მარტის დასკვნები. ასევე, რამდენადაც საკასაციო სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ეტაპზეა ამ მომენტისათვის ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #14-ში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, საკითხის უკეთ შესწავლისა და განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სააპელაციო პალატამ საქმეში მესამე პირად უნდა ჩააბას ა(ა)იპ ...ი, რომლისგანაც მოძიებულ უნდა იქნეს დეტალური ინფორმაცია ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #14-ში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, კონკრეტულად რა სახის სარესტავრაციო სამუშაოები იქნა განხორციელებული მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე, რა ეტაპზეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო პროცესი და რამდენად გამორიცხავს მასზე განხორციელებული გამაგრებითი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ მოსალოდნელ იმ რისკებს, რომლებიც გახდა განსახილველი დავის წარმოშობის საფუძველი.
ამასთან, საკასაციო პალატის მითითებით, მართალია, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ ამავე სასამართლოში ე. ა-მა და რ. რ-მა წარადგინეს განცხადება სარჩელის გახმობის შესახებ, თუმცა მსგავსი შინაარსის განცხადებით მოსარჩელეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვის პროცესში, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს მოსარჩელეების - ე. ა-ისა და რ. რ-ის იურიდიული ინტერესის არსებობა-არარსებობის საკითხი, გამოიკვლიოს კვლავ ეთანხმებიან თუ არა ისინი წარდგენილი განცხადების შინაარსს და იმსჯელოს სარჩელის გახმობის შესახებ განცხადების საფუძვლიანობაზე. აქვე, ყურადსაღებია ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ ყველა მოსარჩელე იმყოფება ერთსა და იმავე ვითარებაში, რამდენადაც ...ის ქუჩის #14 წარმოადგენს ოთხივე მათგანის საცხოვრებელ ადგილს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის პროცესში უნდა გამოიკვლიოს, თუ რამ განაპირობა მოსარჩელეთა ერთი ნაწილის მიერ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის დაკარგვა, ხოლო მეორე ნაწილის მხრიდან ასეთი იურიდიული ინტერესის შენარჩუნება. ამ საკითხის შეფასება არსებითია, იმდენად, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ცალსახად მიუთითებენ სამშენებლო სამუშაოების მაქსიმალურად სწრაფად განახლების საჭიროებაზე. მოსარჩელეთა ინტერესების უკეთ გამოკვლევამ კი შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს თავად მოსარჩელეებისა და სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის ინტერესების დაახლოებაში. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ ...ის ქუჩის #12-ში სამშენებლო სამუშაოების შეფერხება შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს ამავე ქუჩის #14-ში მდებარე შენობისათვისაც, პროცესის ყველა მონაწილის ინტერესებშია სამშენებლო სამუშაოების დროული და უსაფრთხო წარმოება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უნდა მიმართოს ყველა შესაძლო გზას იმისათვის, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული როგორც მოსარჩელეთა უფლებები, ასევე, პროცესის სხვა მონაწილეების ინტერესები.
საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოების დეტალური შეფასება და საქმეში წარმოდგენილ სხვა საექსპერტო დასკვნებთან ერთობლიობაში ანალიზი არსებითია მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის განსაზღვრის თვალსაზრისით. განსახილველი დავა ემსახურება არა მოსარჩელეთა თვითმიზანს, რომ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს ხელი შეეშალოს მშენებლობაში (რომელიც არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს თავად მოსარჩელეებისთვისაც), არამედ იმას, რომ მშენებლობის პროცესში უზრუნველყოფილ იქნეს მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლისა და შესაბამისად, თავად მათი უსაფრთხოება. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ინტერესები განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოებით უკვე უზრუნველყოფილია, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა შეაფასოს მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის არსებობა-არარსებობის საკითხიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა