საქმე #ბს-648(გ-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - შპს „...ი“
მოპასუხე - ...ის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 6 აპრილს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ... წლის ... ...ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #8 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის 33951.08 ლარის დაკისრება მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 აპრილის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელის განხილვა, მოპასუხე ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, დადგინდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განხილვა განსჯადობის წესების დაცვით უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად, დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ხოლო ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება.
სასამართლოს მითითებით, შპს „...სა“ და ...ის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ... წლის ... ...ს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, შესყიდვების ობიექტს წარმოადგენს ...ის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დადებისას ...ის მუნიციპალიტეტის მერია მოქმედებდა საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, მმართველობითი ფუნქციის შესრულების მიზნით, კერძოდ, ეს მიზანი იყო ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის ზოგადი განათლების მიღების უფლების რეალიზაციის ხელშეწყობა, მით უფრო, რომ კონსტიტუციისა და ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, საბაზო განათლება სავალდებულოა, შესაბამისად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია მოსწავლეთა ამ უფლების განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზანია მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა, რაც წარმოადგენს საჯარო მიზანს. ამრიგად, ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების ხასიათი არ არის კერძო-სამართლებრივი, რის გამოც საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქმის ადმინისტრაციული წესით განმხილველმა ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა, რომ აღნიშნული დავა არის საჯარო-სამართლებრივი და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რომელიც ვალდებულებითი ხასიათისაა.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დაიდო, ის პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით არ აღჭურავს, რადგან არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის/სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და აღნიშნული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავა სსსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სასკ-ის 251 მუხლის, სზაკ-ის 65.2 და 65.1 მუხლების საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას წარმოადგენს.
შესაბამისად, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრების მოთხოვნით, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „აქტივ-გრუპის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო წესით განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 31.2 მუხლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში, განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის 33951.08 ლარის დაკისრება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, საქმიანობის ფარგლებში, იყენებს როგორც საჯარო-სამართლებრივ, ასევე კერძო-სამართლებრივ ფორმებს, მათ შორის დებს ადმინისტრაციულ და კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებებს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შედეგად პირი აღიჭურვება საჯარო სამართლებრივი უფლება-მოვალეობით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულებით მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლად. აქედან გამომდინარე, განსჯადობის საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ბუნების განსაზღვრას და მისგან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათს.
საქმის მასალების მიხედვით, ... წლის ... ...ს ...ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „...ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #8 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ... წლის ... ...დან ... წლის ... ...ის ჩათვლით ...ის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვა. სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დეკემბრის თვეში კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული 48379.21 ლარიდან მხოლოდ 14428.13 ლარი მიიღო.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავა კი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული წესით განსახილველად, თუ იგი ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. შესაბამისად, დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დადგენის საკმარის საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის შინაარსს, ხელშეკრულების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებსა და უფლება-მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ხელშეკრულება - სახელმწიფო შესყიდვის შედეგად დაიდო, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით. აღნიშნული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების ვალდებულებას. შესაბამისად, დავის საგანიც კერძო-სამართლებრივია. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველიც სამოქალაქო სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობს, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულებიდან, რომელიც კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებას წარმოადგენს, რის გამოც მოცემული სარჩელი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო წესით განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო წესით განსახილველად;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა