Facebook Twitter

ბს-976(კ-19) 28 ოქტომბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. ბ-ას და ზ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-ამ და ზ. ბ-ამ 16.12.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 10.12.2015წ. გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 17.11.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.03.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შპს „...ს“ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუდასტურა მხოლოდ პირველი კლასის მშენებლობას მიკუთვნებული სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ, შენობის ფასადის ნალესობის მოხსნის შესაძლებლობა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის საკითხი შეადგენს განსახილველი დავის საგანს. შპს „...ის“ მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლების შესაძლო გაუთვალისწინებლობა, ცდება განსახილველი დავის საგანს. პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება აგრეთვე მითითება იმ გარემოებაზე, რომ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შეთანხმების შესახებ განცხადება ატვირთულია დ. ლ-ის გვერდიდან და მოთხოვნილია შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული შენობის გამაგრება ნალესობის მოხსნის გზით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარდგენილ განცხადებაში თანაგამცხადებლად დაფიქსირებულია დ. კ-ი, რომელიც არის შპს „...ის“ დირექტორი და ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონის თანახმად სწორედ იგია შპს-ს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ადმინისტრაციულ ორგანოში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე დ. კ-მა დაადასტურა, რომ განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით არსებობდა მისი თანხმობა. პალატამ მიიჩნია აგრეთვე, რომ შპს „...ი“ არ იყო ვალდებული დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მოეპოვებინა მესამე პირთა (მათ შორის მოსარჩელეების) თანხმობა, ვინაიდან მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები აღრიცხულია შპს „...ის“ სახელზე. პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ გასაჩივრებული აქტი აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტია, რომლის მიმართ შპს „...ს“ აქვს კანონიერი ნდობა და არ დგინდება, ნდობის გამომრიცხავი საფუძვლების არსებობა, არ დასტურდება სადავო აქტით მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. ბ-ასა და ზ. ბ-ას მიერ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ მათ ბინას აქვს ვერანდა ... ის ქ. 10-ის მხარეს, სადაც მესაკუთრე შპს „...ი“ აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულით საფრთხე ექმნება კასატორთა საცხოვრებელ ბინას, რადგან საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. სადავო აქტით დადასტურდა შენობაზე ნალესობის მოხსნის სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა განცხადება ატვირთულია იმ ველში, რომელიც გულისხმობს გადაუდებელ შემთხვევაში ნაგებობის დროებით გამაგრებას. ასევე, ვებგვერდის იმ ველებში, რომლითაც უნდა მოხდეს დადასტურებული სამშენებლო სამუშაოების იდენტიფიკაცია, ატვირთულია არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები. გარდა ამისა, განცხადება ატვირთულია დ. ლ-ის გვერდიდან და არ არის წარდგენილი შპს „...ის“ თანხმობა დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებაზე. დ. კ-ის თანაგანმცხადებლად მითითება და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას თანხმობის დადასტურება, არ უტოლდება შპს „...ის“ თანხმობას, რადგან არ გამოკვლეულა დ. კ-ის უფლებამოსილება შპს „...ის“ სახელით სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე თანხმობის გაცემაზე (იხ. სუსგ 20.04.2017წ. Nბს-80-79(კ-17)). კასატორები მიიჩნევენ, რომ მათ ზიანი ადგებათ სადავო აქტით და ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ შპს „...ი“ რეალურად აწარმოებს არა ნალესობის მოხსნას, არამედ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რითაც ზიანდება მათი საკუთრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ას და ზ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანია ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც შპს „...ს“ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუდასტურა მხოლოდ პირველი კლასის მშენებლობას მიკუთვნებული სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ, შენობის ფასადის ნალესობის მოხსნის შესაძლებლობა. სადავო აქტის შინაარსი არ შეიცავს მითითებას შპს „...ის“ მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების დადასტურებაზე, შესაბამისად, შპს „...ის“ მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლო ფაქტის შეფასება ცდება განსახილველი დავის საგანს. უკეთუ შპს ცდება მისთვის ადმინისტრაციული აქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, აღნიშნული გარემოება აქტის არამართლზომიერებას არ ადასტურებს. განსახილველი დავის საგანია გაცემული დადასტურების კანონიერება და არა ის თუ რამდენად ასრულებს ან არღვევს შპს „...ი“ სანებართვო პირობებს.

კასატორთა მითითება, რომ დაგეგმილი სამუშაოებით ზიანი ადგება მათ უძრავ ქონებას, არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას, საქმეში არ არის დაცული ექსპერტიზის ან სპეციალისტის წერილობითი განმარტებები სადავო აქტით დაგეგმილი სამუშაოებით მოსარჩელეთა ბინისთვის რაიმე საფრთხის შექმნის, ნაგებობის დაზიანების რისკის შესახებ, ამასთანავე, მოსარჩელეები ვერ უთითებენ კონკრეტულ საფრთხეზე, ან გარემოებებზე, რომლებიც ზიანის არსებობას დაადასტურებს. მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტება, რომელიც რაიმე ობიექტურ მტკიცებულებას არ ეფუძნება, ვერ გახდება აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამ კუთხით გასათვალისწინებელია, რომ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი განცხადების თანახმად, ნალესობის მოხსნა მოთხოვნილ იქნა სწორედ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული შენობის ფასადების ნალესი იმდენად ავარიულ მდგომარეობაშია რომ, საშიშია მისი დატოვება, რის გამო მოთხოვნილ იქნა ნალესის ჩამოხსნა მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით. ნალესის ავარიულ მდგომარეობაში ყოფნას ადასტურებს აგრეთვე საქმეში დაცული ფოტოსურათები. პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტში ცალსახად არის მითითებული, რომ წერილობით დადასტურებული სამუშაოების დარღვევით წარმოება გამოიწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას, ამასთანავე უკეთუ განსახორციელებელი სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, მიეთითა სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი დასკვნის მოპოვების საჭიროებაზე. ხაზგასასმელია, რომ შპს „...ს“ მიეცა მხოლოდ ნაგებობის ნალესის მოხსნის უფლება. აღნიშნული ქმედების განხორციელების შედეგად რაიმე კონკრეტული საფრთხის რეალიზების შესაძლებლობაზე მოსარჩელეები ახსნა-განმარტების დონეზეც ვერ უთითებენ. ზოგადი მითითება აბსტრაქტულ საფრთხეზე, არ ქმნის აქტის არამართლზომიერად მიჩნევის შესაძლებლობას. შპს „...ის“ მიერ სანებართვო პირებობის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობის დაკისრება და არა სადავო აქტის ბათილად ცნობა.

კასატორის მითითება დ. კ-ის თანხმობის არასათანადოობის, თანხმობის გაცემაზე მისი უფლებამოსილების გამოკვლევის საჭიროების შესახებ, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ ასაბუთებს სადავო აქტების უკანონობას, რადგან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ სადავო 10.12.2015წ. გადაწყვეტილების გამოცემისას დ. კ-ი იყო არა მხოლოდ შპს „...ის“ დირექტორი, არამედ აგრეთვე შპს „...ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე, ამდენად, გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ დ. კ-ს არ ჰქონოდა შპს „...ის“ სახელით აღნიშნული თანხმობის გაცემის უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე განსხვავებული ფაქტობრივი გარემოების დადგენის გათვალისწინებით, მითითება საკასაციო პალატის 20.04.2017წ. Nბს-80-79(კ-17) განჩინებაზე არ არის რელევანტური.

რაც შეეხება დამკვეთის - გამცხადებლის გრაფაში დ. ლ-ის მითითებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო 10.12.2015წ. გადაწყვეტილებისას მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილება ერთმანეთისაგან მიჯნავდა დამკვეთსა და მიწის ნაკვეთის თუ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს (მე-20, 24-ე მუხ. და სხვ.). ამდენად, ის, რომ დამკვეთად მითითებულია არამესაკუთრე პირი, იმთავითვე არ გამორიცხავდა შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის დადასტურებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. ბ-ას და ზ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-ას და ზ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2018წ. განჩინება;

3. გ. კ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.07.2019წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი