საქმე ბ-155-1(ა-21) 28 ოქტომბერი, 2021 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარს სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2021წ. №ბს-1185(2კ-20) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...ომ“ 19.02.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 25.10.2017წ. N04/66840 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (გარდა პაციენტების - შ. ჩ-ის, ს. ს-ას და ი. გ-ის შემთხვევების ნაწილისა (შეჩერებულია წარმოება), მ. ი-ის აღიარებული მომსახურების დაფინანსების ნაწილის და პაციენტების - ა. ა-ას, ლ. ზ-ის და ა. ბ-ის შემთხვევების ნაწილის) ბათილად ცნობის და პაციენტების - გ.ო-ის, გ. ჩ-ის, მ. ი-ის (სხვაობის თანხა მოთხოვნილ და ანაზღ. დაქვ. თანხებს შორის - 1568.16-1425.60=142.56 ლარი), მ. ჭ-ის შემთხვევების ანაზღაურების, ასევე N2 დანართით განსაზღვრული პაციენტების შემთხვევების (პაციენტები: გ. ბ-ი, დ. ნ-ი, ნ. გ-ე, ნ. ნ-ი, მ. ი-ი, ი. ს-ი, ნ. კ-ი, ნ. კ-ი, უ.ა-ი, მ. ა-, ი. ს-, მ. ლ-ი, ე. ა-ი, ბ. გ-ი, გ. ქ-ი, ნ. პ-ი, ა. ი-ი, თ. ბ-ა ა. გ-ა, ნ. მ-ი) სხვაობის თანხების (12603.16 ლარი) - ჯამში 14418.40 ლარის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.02.2018წ. N04/5798 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (გარდა პაციენტების - შ.ჩ-ის, ს. ს-ას და ი. გ-ის შემთხვევების ნაწილისა (შეჩერებულია წარმოება), მ. ი-ის აღიარებული მომსახურების დაფინანსების (ნაწილის) და გარდა პაციენტების - ა. ა-ას, ლ. ზ-ის და ა. ბ-ის შემთხვევების ნაწილის) ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.12.2018წ. განჩინებით მოსარჩელე შპს „...ოს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.05.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 01.02.2018წ. N04/5798 გადაწყვეტილება შპს „...ოს“ 16.11.2017წ. N1816/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“, კერძოდ პაციენტების გ. ო-ის, გ. ჩ-ის და მ. ჭ-ის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 25.10.2017წ. N04/66840 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ პაციენტების გ.ო-ის, გ. ჩ-ის და მ. ჭ-ის (სამედიცინო შემთხვევის N2377078307, 3422042098, 2854499646) ნაწილში და მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სს „...ის“ (პაციენტების გ. ო-ის, გ. ჩ-ის და მ. ჭ-ის ნაწილში) მიმართ; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სს „...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.07.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სს „...ის“ მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2021წ. განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ხოლო სს „...ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ 10.02.2021წ. განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და დასაშვებობის შემოწმება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სააგენტოს ჩაბარდა 29.12.2020წ., ვადის ათვლა დაიწყო 30.12.2020წ., 2021 წლის 01 იანვრიდან 18 იანვრამდე იყო უქმე დღეები. სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკავშირებულია სახელმწიფო ხაზინასთან და სჭირდება გარკვეული დრო, რომ გადახდილი ბაჟის ასახვა მოხდეს ხაზინის ანგარიშზე, უქმე დღეების გათვალისწინებით კასატორმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა 4 სამუშაო დღეში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს განცხადების საფუძვლებს, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ საკასაციო პალატის 07.12.2020წ. განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საკასაციო პალატაში წარმოდგენა, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს 29.12.2020წ. ჩაბარდა. 20.01.2021წ. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, განცხადებაზე თანდართული გზავნილის ჩაბარების შესახებ შპს „...-ს“ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს განცხადება ფოსტას ჩაბარდა 20.01.2021წ..
სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სსკ-ის 60.2 მუხ.), თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე (სსკ-ის 61.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა 29.12.2020წ., შესაბამისად, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა მომდევნო დღიდან - 2020 წლის 30 დეკემბრიდან და ამოიწურებოდა მე-7 დღის ბოლოს - 05.01.2021წ., თუმცა „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 26.11.2020წ. N698 დადგენილების მიხედვით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად, ამასთანავე, 7 იანვარი საქართველოს შრომის კოდექსით გამოცხადებულია უქმე დღედ (30.1 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). ამდენად, როგორც 5 იანვარი, ასევე შემდგომი დღეები - 15 იანვრის ჩათვლის გამოცხადებული იყო უქმე დღეებად, ხოლო 16 და 17 იანვარი ასევე არასამუშაო დღეები იყო (შაბათ-კვირა). შესაბამისად, 5 იანვრის შემდგომი სამუშაო დღე იყო 18 იანვარი - ორშაბათი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა ამოიწურა 18.01.2021წ., ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება საკასაციო პალატას წარედგინა 20.01.2021წ.. ამდენად, უტყუარად დადასტურდა, რომ განცხადების წარდგენა განხორციელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით.
განცხადების ავტორის მითითებას, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების წარდგენა შეყოვნდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის პროცედურებისათვის გარკვეული დროის საჭიროების გამო, საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმეში დაცულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი N00062 საგადახდო მოთხოვნა, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის პროცედურები დაიწყო 15.01.2021წ. და დასრულდა იმავე დღეს, სახელმწიფო ბაჟის თანხის ტრანზაქციის განხორციელების თარიღად მითითებულია - 15.01.2021წ., ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მითითება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახადის პროცედურების გახანგრძლივების გამო ვერ შეძლო ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების დროულად წარმოდგენა, არ არის დასაბუთებული, რადგან სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა 15.01.2021წ., ხოლო ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა მხარეს ჰქონდა 18.01.2021წ. ჩათვლით. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით სააგენტოს 7 დღის ვადაში დაევალა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, არამედ ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარმოდგენა, რაც განხორციელდა დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ეფუძნებოდა სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
რაც შეეხება ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის პერიოდში გარკვეული დღეების უქმე დღეებად გამოცხადებაზე კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა უქმე დღეს მნიშვნელობას ანიჭებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ასეთ შემთხვევაში ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე (სსკ-ის 61.2 მუხ.). საპროცესო კანონმდებლობით არ არის დადგენილი რაიმე სპეციალური მოწესრიგება ისეთ შემთხვევებში, როდესაც გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ხდება უქმე დღეს, ან ჩაბარების შემდგომი დღე/დღეები უქმეა (სუსგ 27.05.2021წ. ბს-344(კს-21)). გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ უკეთუ კასატორს გარკვეული პროცედურული საკითხების თუ სხვა გარემოებების გამო, არ ჰქონდა შესაძლებლობა ხარვეზი შეევსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, იგი უფლებამოსილი იყო ხარვეზისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიემართა სასამართლოსათვის. სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა, მხარის შუამდგომლობის შემთხვევაში, შესაძლოა გაგრძელდეს (სსკ-ის 64-ე მუხ.). სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს არ მოუმართავს საკასაციო პალატისათვის დამატებითი საპროცესო ვადის განსაზღვრის მოთხოვნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გაცხადების დაკმაყოფილების და მის საკასაციო საჩივარზე წარმოების განახლების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქარელოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2021წ. Nბს-1185(2კ-20) განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი