Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-392(4კ-21) 12 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს მთავრობა, თ. ს-ა, მ. ნ-ა, ა. ნ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. გ-ე

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მესამე პირები - ე. ე-ი, სამგორის რაიონის გამგეობა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 23 აპრილს ლ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს მთავრობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სარჩელის დაზუსტების შემდეგ, საბოლოოდ მოითხოვა: 1) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის N1/1-1586 ბრძანების ბათილად ცნობა N1 დანართის მე-4 პუნქტთან მიმართებაში, რომლითაც სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ...ის ..., მე-2 მ/რ, N... კორპუსში მდებარე ბინა №12 (ს/კ №...); 2) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ნოემბრის N2170 განკარგულების ბათილად ცნობა, დანართით გათვალისწინებულ მე-14 საკითხთან მიმართებაში, რომლითაც მ. ნ-ას, ა. ნ-ას და თ. ს-ას საკუთრებაში გადაეცათ თბილისში, ...ის ..., მე-2 მ/რ, N... კორპუსში მდებარე ბინა №12 (ს/კ №...); 3) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მ. ნ-ას, ა. ნ-ას და თ. ს-ას შორის 2018 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თბილისში, ...ის ..., მე-2 მ/რ, N... კორპუსში მდებარე N12 ბინის (ს/კ №...) საკუთრებაში გადაცემის შესახებ; 4) ლ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 19 აგვისტოს N1-1/400 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ თ. ს-ა, მ. ნ-ა და ა. ნ-ა. ამავე სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ე. ე-ი, ხოლო მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - სამგორის რაიონის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის N1/1-1586 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ..., მე-2 მ/რ, კორპ. N...-ში მდებარე N12 ბინა (ს/კ ...); ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 09.11.2018წ. N2170 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მ. ნ-ას, ა. ნ-ას და თ. ს-ას ნაწილში (დანართის მე-14 საკითხი); ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 14 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მ. ნ-ას, ა. ნ-ას და თ. ს-ას შორის, რომლითაც მათ საკუთრებაში გადაეცათ თბილისში, ...ი ..., მე-2 მ/რ, კორპ. N...-ში მდებარე ბინა N12, ს/კ ...; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 19 აგვისტოს N1-1/400 ბრძანება ლ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს მთავრობამ და თ. ს-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და თ. ს-ას (როგორც მ. და ა. ნ-ების კანონიერი წარმომადგენლის) სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით თბილისში, ...ი ..., მე-2 მ/რ, კორპუსი №...-ში, მე-3 სართულზე მდებარე N12 ბინაზე (სადავო უძრავ ქონებაზე) სახელმწიფოს საკუთრების უფლების დარეგისტრირებას და შემდგომში უძრავი ქონების მესამე პირებისათვის პრივატიზების ფორმით საკუთრებაში გადაცემას გააჩნდა კონკრეტული საფუძველი, თუმცა სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოები არ იყვენენ უფლებამოსილნი, მიეღოთ რაიმე სახის გადაწყვეტილება მითითებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რამდენადაც საქმეში არსებული, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის №3/2529-17 გადაწყვეტილების მიხედვით, სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თბილისში, ...ი ..., მე-2 მიკრო რაიონში, N... კორპუსში მდებარე N12 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ლ. გ-ის განცხადებაზე. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ დაიცვეს უმნიშვნელოვანესი ვალდებულება - გამოეკვლიათ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც შესაძლებელს გახდიდა, აერიდებინათ ინტერესთა კონფლიქტი მოსარჩელესა და მესამე პირებს შორის.

ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესაძლებლობას, იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს მთავრობამ, ასევე მესამე პირებმა - თ. ს-ამ, მ. ნ-ამ და ა. ნ-ამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმოს დასაშვებობა თითოეულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში. მოსარჩელე სადავო ბრძანებების ბათილად ცნობას ითხოვს იმ მოტივით, რომ შესაძლოა მას გააჩნდეს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის უფლება ქ. თბილისის 26 მაისის სახელობის დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი ორგანოს 1989 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე. თუკი მიჩნეული იქნება, რომ მოსარჩელეს გარკვეული მოთხოვნის უფლება ნამდვილად გააჩნია მითითებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საცხოვრებელი და არასაცხოვრებლი ფართის საკუთრებაში გადაცემა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ქონების მიმართ. უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია მოსარჩელის ინტერესს ზიანს არ აყენებს, რაც სახელმწიფო ქონების სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის N1/1-1586 და საქართველოს ეკომომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2019 წლის 19 აგვისტოს N1-1/400 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნას საფუძველს აცლის. არ უნდა იქნეს გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სააგენტოს N1/1-1586 ბრძანების საფუძველზე ქონება სახელმწიფო საკუთრებაში აღირიცხა შემდგომი განკარგვის მიზნით.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, მოსარჩელეს არ გააჩნდა რაიმე უფლება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, N... უძრავ ქონებაზე. რაც შეეხება სადავო უძრავი ნივთის რეგისტრაციის მომენტისთვის სასამართლოში დავის მიმდინარეობას სამგორის რაიონის გამგეობასა და ლ. გ-ეს შორის, აღნიშნული სააგენტოსთვის არ იყო და ვერც იქნებოდა ცნობილი. მნიშვნელოვანია, რომ მითითებულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით არ დგინდება, წარმოადგენს თუ არა ქ. თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება ლ. გ-ისთვის ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საფუძველს. ამასთანავე, სამგორის რაიონის გამგეობას დღემდე არ აღუსრულებია სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად ლ. გ-ის განცხადებაზე აქტის გამოცემა. მესამე პირების საკუთრების უფლების ბათილად ცნობა მხოლოდ ლ. გ-ის მართლზომიერი მოლოდინის გათვალისწინებით, წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებასთან. გასაჩივრებული განჩინებით იზღუდება ჯერ სახელმწიფოს სახელზე, ხოლო შემდგომ - მესამე პირებზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება.

საქართველოს მთავრობის მოსაზრებით, მთავრობის ადმინისტრაციაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი და ინიციატორი უწყების მიერ მასთან დაკავშირებით წარდგენილი წარმოების მასალები შესწავლილ იქნა სრულად, შესაბამისად, დადგინდა, რომ გადასაცემი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო მასზე სხვა სახის ვალდებულება ან შეზღუდვა რეგისტრირებული არ იყო. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპციის პრინციპი, ასევე ადმინისტრაციული წარმოების მასალები გამორიცხავდა ყოველგვარ ვარაუდს, გადასაცემ ქონებაზე მესამე პირის შესაძლო ინტერესის არსებობის თაობაზე. წარდგენილი განკარგულების პროექტი შესაბამისობაში იყო თანაბარი და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებთან და სამართლის ზოგად პრინციპებთან.

კასატორების: თ. ს-ას, მ. ნ-ას და ა. ნ-ას მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სასამართლო გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. მათ ეზღუდებათ საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რომელიც ნასყიდობის ფორმით გადაეცათ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის და 2021 წლის 1 ივლისის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მთავრობის, თ. ს-ას, მ. ნ-ას და ა. ნ-ას საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესი უკავშირდება საცხოვრებელი ბინის მისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის საკუთრებაში გადაცემის ინტერესიც გააჩნია მოსარჩელეს, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, თავდაპირველად აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად, ხოლო შემდგომში გასხვისდა მესამე პირებზე უსასყიდლოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის N1/1-1586 ბრძანებით სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას გააჩნდა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 ივლისის წერილით, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოს სთხოვა დანართში მითითებული ქონების (მათ შორის - თბილისში, ...ი ..., მე-2 მ/რ, N... კორპუსში მდებარე N12 ბინის) სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია. მითითებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი გახდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა და პრივატიზება წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ფორმებს. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოსა და მესამე პირების სახელზე გასხვისების საკითხის გადაწყვეტამდე, ამავე უძრავ ქონებასთან მიმართებაში მიმდინარეობდა სასამართლო დავა ლ. გ-ეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამგორის რაიონის გამგეობას შორის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. გ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 მარტის N1-529 ბრძანება, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 20 დეკემბრის №43/328253 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თბილისში, ...ი ..., მე-2 მ/რაიონში, N... კორპუსში მდებარე №12 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება, ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა წარმოების პროცესში არ დაიცვეს უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, გამოეკვლიათ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც შესაძლებელს გახდიდა, აერიდებინათ კონფლიქტი მოსარჩელისა და მესამე პირების ინტერესებს შორის. სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა შეეფასებინათ მოსარჩელესთან მიმართებაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მნიშვნელობა. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობა თავისთავად ადასტურებს სადავო უძრავი ქონების მიმართ მოსარჩელის ინტერესის არსებობას, რაც გამყარებულია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით. მითითებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი, შესაძლებელია, თავის მხრივ, გახდეს სადავო საკითხის ლ. გ-ის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძველი. ამდენად, მოცემულ საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილება შესაძლებელს გახდის კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის №3/2529-17 გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგს წარმოშობს მხარეებისთვის.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლებად განიხილება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საბერძნეთის ნავთობგადამამუშვებელი ქარხანა „STRAN“ და სტრატის ანდრეადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“, 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე „ბრონიოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ“ - საჩივარი N31443/96). ამასთან პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის გამოყენებისათვის არ არის აუცილებელი შინასახელმწიფოებრივი სამართლის მიერ შესაბამისი ეკონომიკური ინტერესის საკუთრების უფლებად აღიარება: ქონების ცნება კონვენციის მიზნებისათვის ავტონომიურია (იხ. 1989 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „ტრე ტროქტორერ აქტიბოლაგ შვედეთის წინააღმდეგ“). მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების გარეშე სადავო უძრავი ქონების განკარგვით ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სამართლებრივი ძალა გამოაცალეს სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარ იურიდიულ შედეგს და იგი ფაქტობრივად აღუსრულებელ აქტად აქციეს, რაც ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულო, იმპერატიულ ბუნებას, რომელიც კონსტიტუციური რანგის უფლებაა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, იწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობასაც. „..ადმინისტრაციული აქტის ბათილობა იწვევს მისი სამართლებრივი შედეგის ბათილობას, აქტის ბათილად გამოცხადებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი..“ (იხ. სუსგ N600-589(4კ-12)). ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც დაიდო ხელშეკრულება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მთავრობის, თ. ს-ას, მ. ნ-ას და ა. ნ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება;

3. მ. ნ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს თ. ს-ას, მ. ნ-ას და ა. ნ-ას საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 22.04.2021წ. N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ნ. ქადაგიძე

ბ. სტურუა