Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-963(კს-21) 27 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „...“

პროცესუალური მოწინააღმდეგეები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 29 დეკემბრის N36203 ბრძანების, 2018 წლის 18 მაისის N11885 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 1 ივნისის N13553 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 17 აპრილის N6063/2/2018 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

2021 წლის 2 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოსარჩელე შპს „...-ის“ წარმომადგენელმა, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და დამატებით მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 24 მაისის N006-397 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით სარჩელზე დადგენილ იქნა ხარვეზი. მოსარჩელეს დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 24 მაისის N006-397 „საგადასახადო მოთხოვნის“ ერთჯერადად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოში გასაჩივრების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით, შპს „...-ს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 24 მაისის N006-397 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობის ნაწილში უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შპს „...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინების მე-2 პუნქტით განემარტა, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება შპს „...-მა“ გაასაჩივრა კერძო საჩივრით.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ ექვემდებარება გასაჩივრებას, თუმცა ამის მიუხედავად მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების წესი, კერძოდ, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ „საგადასახადო მოთხოვნა“ ერთჯერადად უნდა გასაჩივრდეს შემოსავლების სამსახურში და შემდეგ - სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს ამგვარი შეფასება ეწინააღმდეგება საგადასახადო აქტის საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლსა და ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ გასაჩივრების წესებს. აღნიშნული მუხლები არ იძლევა იმგვარი განმარტების შესაძლებლობას, რომ გადასახადის გადამხდელს აქვს ვალდებულება თავდაპირველად მიმართოს შემოსავლების სამსახურს და მხოლოდ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოეშობა მას უფლება მიმართოს სასამართლოს. გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლი აწესრიგებს „საგადასახადო დავის დაწყების წესს“. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. აღნიშნული დათქმა არ არის იმპერატიული და რადგან მითითებულია სიტყვა „შეიძლება“ კანონმდებელი პირდაპირ უთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით წარმოდგენილი საჩივარი ემსახურება არასწორი პრაქტიკის დადგენის თავიდან აცილების მიზანს და საჭიროებს უზენაესი სასამართლოს მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების წესთან დაკავშირებით განმარტებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულ ნორმაზე მითითებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები არ არის შეუზღუდავი და მისი წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრების ეს წესი კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.

განსახილველ შემთხვევაში შპს „...-მა“ გაასაჩივრა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრით საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ განიხილა მითითებული წესის შესაბამისად წარდგენილი კერძო საჩივარი და 2021 წლის 4 ოქტომბერს მიიღო განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომლის მე-2 პუნქტით მხარეს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება არ საჩივრდებოდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ამ სახის აღმკვეთ საპროცესო წესზე გავლენას ვერ იქონიებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებები „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების პროცედურასთან დაკავშირებით. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან 2021 წლის 4 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინება წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...-ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა