საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-471(კ-20) 29 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ხ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ლ. ხ-მა 2019 წლის 1 აგვიტოს სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 6 მაისის №04-08/2352 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის №04/37991 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის - გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისთვის თ. ხ-ის მემკვიდრის - ლ. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით, 5 თვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 6 მაისის №04-08/2352 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის №04/37991გადაწყვეტილებები; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა თ. ხ-ის მემკვიდრის - ლ. ხ-ის სასარგებლოდ 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აპრილის თვის ჩათვლით მისი დედის გარდაცვალებამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება; აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა.
კასატორები მიუთითებენ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანება, „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ დამატებით აწესრიგებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფუძვლებს, რომელიც ამ კანონიდან გამომდინარეობს. კერძოდ, მოხმობილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.
კასატორები ასევე აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა, ქალებისთვის კი 60 წლიდან, საპანესიო ასაკს მიღწეულ პირს ავტომატურად არ წარმოეშობა/ენიშნება პენსია. მის დასანიშნად იგი ვალდებულია მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. შესაბამისად, პენსიონერის მემკვიდრისთვის შეჩერებული პენსიის გაცემა, თუ პენსიის გაცემის თაობაზე მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ არ განხორციელებულა პენსიონერის სიცოცხლეში, უსაფუძვლოა, რადგან ისევე როგორც პენსიის დანიშვნის დროს არის აუცილებელი საპანესიო ასაკს მიღწეულმა პირმა გამოხატოს ნება და ამის საფუძველზე იქნას მიღებული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე პენსიის შეჩერების შემთხვევაში არის აუცილებელი პენსიონერმა თავად, ან მისი რწმუნებული პირის მეშვეობით გამოხატოს ნება შეჩერებული პენსიის განახლების თაობაზე.აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის, გარდაცვლილი დედის მიუღებელი პენსიის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიუმართაობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაოობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი წარმოშობს პენსიის გაცემის შეჩერების ვალდებულებას. ამავე კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრულია აგრეთვე პენსიის შეწყვეტის წესი და პირობები, კერძოდ, 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება - პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომისას (განსაზღვრული ასაკის მიღწევა), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი. ამასთან, დასახელებული კანონი ითვალისწინებს გარდაცვლილი პენსიონერის სახელმწიფო პენსის მისი მემკვიდრეების მიერ მიღებას, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მინდობილობის ვადის გასვლის საფუძვლით საპენსიო პაკეტის მიმღებ პირს - თ. ხ-ს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუჩერდა 2018 წლის 1 დეკემბრიდან, ხოლო 2019 წლის 6 აპრილს იგი გარდაიცვალა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ იმავე წლის 25 აპრილს ლ. ხ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დედის – თ. ხ-ის გარდაცვალებამდე გაუცემელი პენსიის თანხის გაცემა, თუმცა, მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნა ადმინიტრაციული ორგანოს მიერ არ დაკმაყოფილდა. განმცხადებელს სადავო აქტით განემარტა, რომ პენსიონერ თ. ხ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავთ. ასევე, არ დაკმაყოფილდა სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ. ხ-ი წარმოადგენს თ. ხ-ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს - შვილს. ამასთან უტყუარად დადგენილია, რომ მან თ. ხ-ის მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა დედის გარდაცვალებიდან - 2019 წლის 6 აპრილიდან არათუ ერთი წლის, არამედ 19 დღის ვადაში - 2019 წლის 25 აპრილს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ. ხ-მა მოახდინა მისი უფლების რეალიზაცია. მას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ გააჩნდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შეეხებოდა მისი გარდაცვლილი დედის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას, ამიტომ, პენსიის მიღების უფლების რეალიზაციის შეზღუდვით მიყენებული ზიანი, მისი მიმყენებლის მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურებას.
ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია მოსარჩელისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობა, საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხისათვის, ლ. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის აპრილის თვის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურების დაკისრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე