Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-772(კ-21) 29 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. ჰ. კ-

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. ბრძანების ბათილად ცნობა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ჰ. კ-მა 2020 წლის 28 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ „ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 13 მარტის №01-62 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ჰ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ ე. ჰ. კ-ის მიერ საჩივარი შეტანილ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროში 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებაზე ვიზის გაცემის შესახებ უარის თქმის თაობაზე, საჩივრის ავტორმა საქართველოს ვიზის მოთხოვნით მიმართა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს. სავიზო განაცხადის განხილვისას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მოთხოვნის შესაბამისად, წარმოადგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ე. ჰ. კ-ისთვის საქართველოში ვიზის გაცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ე. ჰ. კ-ის მიმართ ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ამ ნაწილში დახურულ სასამართლო სხდომაზე საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით, მათი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჰ. კ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ჰ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს საელჩოს 202 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 13 მარტის №01-62 ბრძანება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსარჩელისათვის საქართველოში ვიზის გაცემასთან დაკავშრებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის მიზნით, 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან ე. ჰ. კ-ის მიმართ ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრტაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სააპელაციო სასამართლო პრიორიტეტულად მიიჩნია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა განმარტა, რომ მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 2017 წლიდან გააჩნდა რეგისტრირებული შპს და დღემდე ეწევა სამეწარმეო საქმინობას, ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სამომავლო საკუთრების უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრედ აღირიცხა ე. ჰ. კ-ი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

კასატორის მოსაზრებით, საქმე მოიცავს რთულ სამართლებრივ პრობლემას. ამასთან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მივიდა არასწორ გადაწყვეტილებამდე. მას არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, ჰქონდა თუ არა ვიზის გამცემ ორგანოს შეცდომა დისკრეციაში, ამასთან კასატორი მიუთითებს, რომ ვინაიდან ვიზის გამცემი ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შეემოწმებინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძვლად მითითებული გარემოებები და დოკუმენტაცია. შესაბამისად, ვიზის გაცემაზე უფლებამოსილი პირი მოქმედებდა სრული დისკრეციის ფარგლებში დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობითა და მიზნის შესაბამისად. ამდენად, მიღებული გადაწყვეტილება ეყრდნობოდა კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებულ დასკვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო :

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

- საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

- საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

- საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

- სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.უცხოელის საქართველოში კანონიერად შემოსვლის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ვიზის მიღებაა, რომელსაც, დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გასცემს საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. ამასთან, ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, ვიზა – დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვაა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია. ვინაიდან ვიზის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფო კისრულობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკითხის გამოკვლევა და გადაწყვეტა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის“ მე-26 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან.

სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც საქართველოს საგარეო საქმეთა სმინისტროს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სმინისტრომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ვიზის ს გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, ე. ჰ. კ-ს უარი ეთქვა საქართველოს ვიზის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მისი საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 13 მარტის №01-62 ბრძანებით, ე. ჰ. კ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის №SSG 3 20 00009672 წერილი, რომლის თანახმად, დეპარტამენტმა ბანგლადეშის მოქალაქე ე. ჰ. კ-ის სახელზე საქართველოს ვიზის გაცემა მიზანშეუწონლად მიიჩნია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელისათვის საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის №SSG 3 20 00009672 წერილის არსებობის პირობებში, შეეძლო გაეთვალისწინებინა აღნიშნული და მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ 2021 წლის 11 ოქტომბრის მიმართვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად თვლის, რომ მოსარჩელისათვის საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. მართალია, აღნიშნული გარემოებები არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვიზის გაცემის ვალდებულებას, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, აგრეთვე არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. შესაბამისად, ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებშიც, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო გაეთვალისწინებინა ის გარემოებები, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „...“ დირექტორია ე. ჰ. კ-ი, 90%-იანი წილით, ხოლო შპს „ი...ის“ 80%-იანი წილით. ასევე, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ 2017 წლის 18 ოქტომბრიდან საკადასატრო კოდით №...რეგისტრირებული ურძავი ქონების მესაკუთრეა შპს „ბ...ს“, ხოლო სამომავლო საკუთრების უფლებით უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მომავალი მესაკუთრე - ე. ჰ. კ-ი. ამრიგად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, საგადასახადო დავალებების, დეკლარაციებისა და იმპორტის საქონელზე შემოსავლების სამსახურის შეტყობინებების გათვალისწინებით, დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ საქართველოში დაარსა კომპანიები, რომლის მეშვეობით დღემდე ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას, შეიძინა უძრავი ქონება, არის გადასახადი გადამხდელი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სადავო აქტის გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს ქმნიდა. ამასთან, სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა ე. ჰ. კ-ისთვის საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე