Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-924(კ-კს-21) 22 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შ. ა-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებაზე.

2020 წლის 16 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პატიმარმა შ. ა-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დისციპლინური ღონისძიების - გაფრთხილების შესახებ №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2020 წლის 9 ივნისის №21/152541 განკარგულების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის შ. ა-ის სასარგებლოდ 12000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით შ. ა-ის სარჩელი სადავო განკარგულების ბათილად ცნობისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შ. ა-ემ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებით შ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლობის მოტივით დარჩა განუხილველი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განჩინებით შ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით, ხოლო 2021 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შ. ა-ემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ა-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსის XIV თავით მოწესრიგებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები. ამავე კოდექსის 86-ე მუხლით მოწესრიგებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის გასაჩივრების წესი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის დისციპლინურ სახდელთან დაკავშირებით საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, ანუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ პენიტენციური დაწესებულების დისციპლინური ღონისძიების შესახებ განკარგულების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, დავა პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვით სრულდება. რაიონული/საქალაქო სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და ზემდგომი ინსტანციის მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც იმპერატიულად განსაზღვრულია, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მართალია, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია არა ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის კანონიერების შემოწმებაც საკასაციო სასამართლოს შეუძლია, არამედ განკარგულების ბათილად ცნობა, რომლის კანონიერებაც მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმდება. ამ შემთხვევაში კი, კერძო საჩივრის წარმოდგენის შესაძლებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება პირველი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მხარეს სააპელაციო სასამართლოს მიერ განემარტა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ა-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია, შეაფასოს, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის განკარგულების კანონიერება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით, პატიმრობის კოდექსის 86-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ. ა-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე