საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-296(კ-21) 29 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. პ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ე. პ-მა 2019 წლის 11 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და „მოსარჩელისთვის სარეიტინგო ქულის გაზრდისა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2019 წლის 16 იანვრის №04/1645 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ე. პ-ის ოჯახისთვის გამოსახლების კომპონენტში ქულის მომატებისა და მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ე. პ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“ ამავე სააგენტოს 2019 წლის 16 იანვრის №04/1645 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელე ე. პ-ის ოჯახის ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ წარდგენილი მასალები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ობიექტის დაცლის მომენტისათვის ე. პ-ი უკვე აღარ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე. საქმის მასალებით არ არის დადასტურებული მოსარჩელის ცხოვრების ფაქტი ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №37-ში მდებარე ...ის შენობაში. პირიქით, საქმის მასალები ადასტურებენ, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა ...ში, რასაც თვითონვე უთითებს მოსარჩელე საქმის ზეპირი მოსმენის დროს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ...ის შენობაში გადავიდა მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის წევრებმა სამინისტროსაგან მიიღეს საცხოვრებელი ბინა. ამასთან, საარსებო შემწეობის მიმღებად იგი რეგისტრირებულია თბილისში, ...ის რაიონში, ...ის ქუჩაზე 23-ე კორპუსში მდებარე №53 ბინაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი სხვა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის არსებობას ჯერ კიდევ 2015 წელს, ხოლო სამინისტრო კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფდა მხოლოდ იმ ოჯახებს, რომელთაც ნგრევადი შენობა უქმნიდა საფრთხეს. იმავე შენობაში ხელახლა განსახლება მიჩნეულია ფართის არამართლზომიერად ფლობად. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უნდა გახდეს მისთვის ქულების მომატებისა და კრიტერიუმების გარეშე განსახლების საფუძველი. ასეთი მიდგომით სასამართლო უბიძგებს სხვა დევნილ ოჯახებს, რომ დაბრუნდნენ უკვე გაუქმებულ კომპაქტურ ობიექტში, დაიკავონ ფართები და მოითხოვონ კრიტერიუმების გარეშე განსახლება.
კასატორის განმარტებით, ე. პ-ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ნოემბრის №04/64392 პასუხით ერთხელ უკვე უარი ეთქვა კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცოხვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რადგან ნგრევად ობიექტში მისი ფაქტობრივად ცხოვრება განხორციელებული მონიტორინგების შედეგად არ დასტურდებოდა, ხოლო საკითხი მინიჭებული ქულების შესაბამისად, განიხილებოდა შემდეგ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს კრიტერიუმების გარეშე განსახლების ხანდაზმულობაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იმ ეტაპზე, სამინისტრო არ დააკმაყოფილებდა მას და მის შვილებს საცხოვრებელი ფართით. აღნიშნული დოკუმენტი მან ჩაიბარა კიდეც, მაგრამ კანონით დადგენილ ვადაში მას ეს აქტი არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად მოთხოვნა ამ ნაწილში ხანდაზმულია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ე. პ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმისა და ამავე საკთხზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების კანონიერების შეფასება. აღსანიშნავია, რომ სადავო აქტით სააგენტოს ე. პ-ის განაცხადისა და მისი საცხოვრებელი პირობების შესწავლის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგის განხორციელება და სათანადო ქულათა ოდენობის განსაზღვრა დაევალა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ე. პ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება უნდა განხორციელდეს არა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე, არამედ ამავე მუხლის შესაბამისად, მინიჭებული ქულების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ 2016 წელს სამინისტროს გადაწყვეტილებით მოხდა ქალაქ თბილისში, ...ის გამზ №37-ში, „...-...ის“ შენობაში მცხოვრები დევნილები გამოსახლება იმ მიზეზით, რომ დაკავებული ფართი იყო ნგრევადი და საცხოვრებლად გამოუსადეგარი. აღნიშნულ შენობაში მცხოვრები პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ე. პ-სა და მის შვილებს უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე რეგისტრაციის მიუხედავად ამავე შენობაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. ასევე დადგენილია, რომ იმ დროისათვის ე. პ-ის ოჯახი ცხოვრობდა სხვის საკუთრებაში არსებულ ფართში.
საკასაციო სასამართლო მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის საკითხის შესწავლისას, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ე. პ-ი დევნილად დამისამართებულია ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №37-ში მდებარე შენობაში. ამასთან, მისი იგი სახელმწიფოს მიერ არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. ამდენად საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, უზრუნველყოს მოსარჩელე ე. პ-ის ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით ქულათა მიუხედავად, დაუყოვნებლივ, რამდენადაც, ოჯახი ცხოვრობს ნგრევად საშიშ შენობაში. ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახი ადრე, აღნიშნულ შენობაში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის დროს არ იქნენ უზრუნველყოფილნი გრძელვადიანი საცხოვრებლით, არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებობს. ასევე, ის გარემოება, რომ იმ დროისათვის ე. პ-ის ოჯახი ცხოვრობდა სხვის საკუთრებაში არსებულ ფართში, არ გამორიცხავს მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელ აუცილებლობას, რადგან დასტურდება, დევნილი ოჯახის ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ შენობაში ამჟამად ფაქტობრივად ცხოვრება.
რაც შეეხება კასატორის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ხდება ეტაპობრივად, ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით და ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე, არ გამორიცხავს მის უფლებას, განმეორებით მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვოს მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა, თუნდაც ზემოთმითითებული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ე. პ-ის ფაქტობრივ და მაჟამინდელ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №37-ში მდებარე შენობა (...-...ი). მითითებული შენობა კი არის ნგრევადი ობიექტი. ამასთან, მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. ამრიგად, იგი შესაბამისი კრიტერიუმების შეფასების გარეშე უნდა დაექვემდებაროს განსახლებას. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა შემოფარგლულიყო არსებულ ფაქტებზე მითითებით და უნდა შეესწავლა მოსარჩელის ამჟამინდელი ფაქტობრივი მდგომარეობა. მით უფრო, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ობიექტი არის ნგრევადი და შესაძლებელია, მასში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება. ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე