Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-640(კ-20) 29 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „...ამ 2018 წლის 19 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 26 თებერვლის №04-14/1370 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს №04/45655 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 26 თებერვლის №04-14/1371 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს №04/45652 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის - შპს „...ის“ მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 26 თებერვლის №04-14/1371 გადაწყვეტილება და მისი ბათილად ცნობა მოითხოვა. სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს №04/45652 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დ. ნ-ის და რ. მ-ის შემთხვევების ნაწილში შეჩერდა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და მათი დამატებითი შესწავლის მიზნით ადმინისტრაციული საჩივარი გადაგზავნილ იქნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში; ს. მ-ის, ზ. დ-ის, ს. გ-ას, გ. ა-ის, ფ. მ-ას, ს. ა-ას, მ. ს-ას, ფ. ს-ის, ს. ა-ის სამედიცინო შემთხვევები დაფინანსდა მხოლოდ განმახორციელებლის მიერ შესრულებულად აღიარებული მომსახურების ნაწილში; სხვა შემთხვევების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი განსჯად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს №04/45655 და №04/45652 გადაწყვეტილებები შპს „...ის“ 2018 წლის 16 აპრილის №1067/02 და №1070/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 26 თებერვლის №04-14/1370 გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ცენტრის 2018 წლის 26 თებერვლის №04-14/1371 გადაწყვეტილება; მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამედიცინო დაწესებულებამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-3, მე-9, მე-20 მუხლებზე, ასევე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმების შესაბამისად, ცალსახად დასტურდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების მკვეთრი გამიჯვნა. არც ერთი ნორმა არ ანიჭებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეითავსოს სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ფუნქცია. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აშკარად გასცდა ინსპექტირების ფარგლებს, რადგან ინსპექტირებისას მას უფლება ჰქონდა შეემოწმებინა მხოლოდ დოკუმენტების გამართულობა და შეედარებინა მონაცემების სისწორე, თუმცა, არსებული გადაწყვეტილებების შინაარსიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, თუ რამდენად მართებულად, ჯეროვნად და ხარიხიანად შესრულდა სამედიცინო მომსახურება, რაც მხოლოდ სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს.

კასატორის მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, 2015 წლის 18 აგვისტოს №04-241/ო ბრძანების, მე-2 მუხლის, „ბ“ პუნქტის თანახმად, გ) პროგრამული შემთხვევა არის ერთეული შემთხვევის; მკურნალობის ეპიზოდის ფარგლებში დაფიქსირებული დიაგნოზი, ჩარევა (ჩარევები) და დაზუსტება. შესაბამისად, 36-ე დადგენილების დანართის №1-ის, 22-ე მუხლის, მე-5 პუნქტზე დაყრდნობით საქმეში მოცემული შემთხვევების დაკორექტირება ეწინააღმდეგება კანონს, რადგან სახეზეა ორი კონკრეტული მდგომარეობა, რეანიმაციული მდგომარეობა და თერაპიული მდგომარეობა, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შესაბამისი მდგომარეობების ღირებულება, 36-ე დადგენილებით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით. მოცემულ შემთხვევებში პაციენტებს უტარდებოდათ რეანიმაციული მომსახურება, ხოლო შემდგომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ხდებოდა გადაყვანა თერაპიულ მომსახურებაზე, რაც სხვადასხვა პროგრამულ შემთხვევას წარმოადგენს და სხვადასხვა ღირებულებით განისაზღვრება ანუ რეანიმაციული მომსახურების თანმდევ მომსახურებას ან მის გართულებას აღნიშნული არ წარმოადგენს და ამ ორი მდგომარეობის ერთ შემთხვევად გაერთიანება შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, რათა სამედიცინო მომსახურების ხარიხის, მართებულებისა და თუ საჭიროების კუთხით შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულება, ხოლო ...ის მიერ მოთხოვნილი თანხების ოდენობა, სრულად შეესაბამება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ პირობებს. შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს განმარტება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მოპასუხეს გააჩნდა ყველა საჭირო მტკიცებულება, რათა სათანადოდ გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, თუმცა აღნიშნული ვერ განახორციელა. შესაბამისად, ხელახალი განხილვისთვის საქმის დაბრუნება მხოლოდ თანხის ანაზღაურების პროცესს გააჭიანურებს და ფინანსურ ზიანს მიაყენებს უკვე დაზარალებულ სამედიცინო დაწესებულებას. ამდენად, კასატორი ითხოვს შპს „...ის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას მოპასუხის მხრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილებაზე, რომლითაც გამოცხადდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (2.1 მუხ.), რომელიც განისაზღვრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით (2.2 მუხ.). ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მიჩნეულ იქნა აგრეთვე „სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-91/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მიხედვით. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანი სწორედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების ფარგლებში წარმოშობილი სამართალურთიერთობიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს იმ აქტის ბათილად ცნობას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კონკრეტული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესახებ. ზემოაღნიშნული დადაგენილებისა და ბრძანების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების, ნაკლოვანებების გამოვლენის გამო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) მიერ კლინიკისთვის ასანაზღაურებელ თანხაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის პირველი მუხლზე, რომლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მ. ა-ას, მ. ჭ-ის, ბ. მ-ას, ე. ხ-ის, ი. ვ-ის, ა. ბ-ის, ს. მ-ის, ზ. დ-ის, ს. გ-ას, გ. ა-ის, ფ. მ-ას, ს. ა-ას, მ. ს-ას, ფ. ს-ის, ს. ა-ის, ა. კ-ას, ნ. მ-ას, ს. ვ-ის, ს. გ-ისა და ტ. ბ-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სოციალური მომსაუხრების სააგენტოს უარის თქმის კანონიერება. დადგენილია, რომ აღნიშნული პაციენტები წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 1.2 დანართის მეორე პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობით მოსარგებლეებს. მ. ა-ას, მ. ჭ-ის, ბ. მ-ას, ე. ხ-ის, ტ. ბ-ის, ა. კ-ასა და ნ. მ-ასთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ადმინისტრაციული ორგანო ს. ვ-ისა და ს. გ-ას შემთხვევებში მიუთითებს მიწოდებული და შეტყობინებაში არსებული ინფორმაციების ურთიერთშეუსაბამობაზე (36 დადგენილების 15.2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო ი. ვ-ის, ა. ბ-ის, ს. მ-ის, ზ. დ-ის, ს. გ-ას, გ. ა-ის, ფ. მ-ას, ს. ა-ას, მ. ს-ას, ფ. ს-ისა და s. ა-ის შემთხვევაში - პროგრამულად არასწორად დაფიქსირებულ შემთხვევებზე (36 დადგენილების 15.2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას პაციენტების მ. ა-ას, ბ. მ-ასა და ე. ხ-ის საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაზე. მოსარჩელის მითითებით, პაციენტებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო გამოკვლევა და გამოკვლევის შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებლად ჩაითვალა მათი მკურნალობის გაგრძელება ამბულატორიულად, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული პაციენტების სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის საფუძველი ამ მომსახურების მიზანშეწონილობისა და ხარისხის საკითხი გახდა, ვინაიდან აღნიშნული პაციენტები შპს „...აში“ მკურნალობიდან რამდენიმე დღეში მოთავსდნენ სხვა კლინიკაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მ. ა-ას, ბ. მ-ასა და ე. ხ-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საკითხების განხილვისას უნდა დადგინდეს შპს „...ის“ მიერ მათ მიმართ არაჯეროვანი, არასწორი, „უხარისხო“ მკურნალობის ფაქტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული გარემოებები ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამასთან, სადავო შემთხვევების სპეციფიკის გათვალისწინებით, მოცემულ ეტაპზე სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არის შესაძლებელი საკითხის სრულყოფილად შესწავლა.

რაც შეეხება მ. ჭ-ის, ტ. ბ-ის, ა. კ-ას, ნ. მ-ას, ს. ვ-ისა და ს. გ-ას შემთხვევებს, საკასაციო სასამართლო დასახელებული პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის, დასმული დიაგნოზისა და ჩატარებული მკურნალობის სახის გათვალისწინებით ამ შემთხვევაშიც იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას და მიიჩნევს, რომ სადავოდ ქცეულ აქტებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის მითითებული კონკრეტულად რა სახის ინფორმაცია იქნა შპს „...ის“ მიერ არასწორად გადაცემული, კონკრეტულად რა არ ემთხვევა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოდგენილია დაკორექტირების გაურკვეველი დასაბუთება და არ არის მითითება წარდგენილ სამედიცინო ისტორიაში არსებული ხარვეზის შესახებ. ზემოაღნიშნულთან ერთად საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ცოდნითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი კომპეტენტური პირის დასკვნები, რაც დაადასტურებდა გაწეული მომსახურები (შესაბამისად, მიწოდებული კოდების) შეუსაბამობას დასმულ დიაგნოზთან, ან დიაგნოზის არასწორად დასმას.

ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ აპელანტისათვის, ი. ვ-ის, ა. ბ-ის, ს. მ-ის, ზ. დ-ის, ს. გ-ას, გ. ა-ის, ფ. მ-ას, ს. ა-ას, მ. ს-ას, ფ. ს-ისა და პ. ა-ისათვის გაწეული მომსახურეობის თანმხლები ჩარევების ანაზღაურებაზე უარის თქმას, კერძოდ, მოცემულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა პროგრამულად არასწორად დაფიქსირებულ და გადაცემულ კოდებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი რეგულაციის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფომ თავი დაიცვას ასანაზღაურებელი თანხის ხელოვნურად გაზრდისაგან, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია, სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასთან. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში არსებული დათქმა, რომლის თანახმადაც არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%, წარმოადგენს ერთგვარ სანქციას ამ ნორმის ადრესატისადმი და პრევენციას იმისას, რომ აღნიშნული დარღვევა ხელოვნურად აღარ იქნეს განხორციელებული საავდმყოფოს მიერ.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია, რომ სადავოდ ქცეულ აქტებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გაკეთებული განმარტება იმის შესახებ, თუ რაში იქნა გამოხატული მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, არ არის წარმოდგენილი მითითება წარდგენილ სამედიცინო ისტორიაში არსებული ხარვეზის შესახებ. მოცემული აქტების გაცნობის შედეგად, გაურკვეველია თუ რაში გამოიხატება კლინიკის დარღვევა მის მიერ ჩატარებული მკურნალობისას, ან/და რა სახის არგუმენტები უნდა იქნეს კლინიკის მიერ წარდგენილი, რათა სარწმუნოდ დადასტურდეს ჩატარებული მომსახურების მართებულობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად დადგენისა და შესწავლის მეშვეობით მიმდინარეობის, შედეგად კი დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული წარმოადგენს გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორს - შპს „...ას“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 13 აპრილს №0 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1001.52 ლარის 70% - 701.05 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე