Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-250(კ-20) 29 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ვ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. კ-ემ 2017 წლის 24 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და ამავე სამინისტროს 2017 წლის 26 ოქტომბრის №1964 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან მას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, ეს ყოველივე წარმოშობს საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის საფუძველს. უდავოა ის გარემოება, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში წინასწარი შეფასებისას მოსარჩელეს მინიჭებული აქვს 8 ქულა, ხოლო მონიტორინგის შესაბამისად, მის მიერ მითითებული თუ წარმოდგენილი ინფორმაცია არ წარმოშობს მასში ეჭვის შეტანის საფუძველს.

კასატორის მითითებით, მან სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა მინიჭებულ ქულაზე, რაც საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობას განსაზღვრავდა მაშინ, როცა უფრო ნაკლები ქულის მფლობელები დაკმაყოფილდნენ შესაბამისი ფართებით. მათთვის პირორიტეტის მინიჭება კი გამოწვეული იყო მათი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში ცხოვრებით. აღნიშნულ საკითხზე მოპასუხის პოზიცია გაჟღერდა სიტყვიერად და ამ მხრივ, მის მიერ არც ერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი.

ამდენად, კასატორმა უკანონოდ მიიჩნია სადავო აქტი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამავე წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ამასთანავე, ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მათ შორის, ქულის მინიჭების საფუძველია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია); დევნილი ოჯახი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს; ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; არის მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ამასთან, დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ.

განსახილველ შემთხვევაში, ვ. კ-ის დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიენიჭა 8.5 ქულა, მათ შორის, შემოსავლის მაჩვენებელში - 1 ქულა, ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელში - 3 ქულა, არის მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი -2 ქულა, არის ომის ვეტერანი - 1.5. ქულა. აღნიშნულ შეფასებაში 2017 წელს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახს „შემოსავლის მაჩვენებელში“ დააკლდა 1 ქულა და „ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან“ კრიტერიუმში დაემატა 0.5 ქულა. საბოლოოდ კი, წინასწარი შეფასებით მიენიჭა 8 ქულა.

მართალია, მოსარჩელის ოჯახისთვის მინიჭებული ქულათა ოდენობა წარმოშობდა ვ. კ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, თუმცა მოცემული ოდენობის ქულის პირობებშიც, მოსარჩელეს განსახლებაზე უარი ეთქვა სწორედ ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის და არა ქულათა არასაკმარისობის გამო. სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო წარმოდგენილი ბინების სიმწირე, ნგრევადი ობიექტებიდან გამოსახლებულ პირთა რაოდენობა და იმ გარემოების გათალისწინება, რომ არ დადასტურდა ვ. კ-ის დევნილი ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა. ამიტომ, სამინისტროს მიერ ვ. კ-ესთან მიმართებაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ეტაპზე გრძელვადიან განსხლებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე, რომ კომისიის მიერ ქალაქ ქუთაისში, ახლადაშენებულ შენობებში გასანაწილებელი იყო 426 ბინა, მათ შორის, 199 - ოროთახიანი, რომელთა განაწილების მიზნით, განხორციელდა 334 განაცხადის მონიტორინგი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდათ 5 და მეტი ქულა. გარდა ამისა, ახლადაშენებულ შენობებში საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადებთან ერთად განხილულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისში ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 20 ნგრევადი ობიექტიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოებაც, რომ ვ. კ-ემ როგორც განაცხადში, ისე მოიტორინგის დროს დაადასტურა, რომ 2012 წლიდან ცხოვრობდა ნათესავის ბინაში, ქირის გარეშე. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამავე მისამართზე ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ერთიან ბაზაში. საქმეში ასევე წარმოადგენილია 20017 წლის 15 ნოემბრის უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ვ. კ-ეს საცხოვრებლად დაქირავებული აქვს ქალაქ ქუთაისში, ...ს ქუჩა №13-ში მდებარე 35 კვ.მ-მდე ფართი. ქირის ოდენობა კი შეადგენს თვეში 100 ლარს. საკასაციო სასამართლთო თვლის, რომ დასახელებული გარემოებები ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის გამოცემის კანონიერ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას კომისიის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების მართებულად გამოყენების თაობაზე, რომ კომისიამ მოცემულ შემთხვევაში კრიტერიუმების გარეშე განიხილოს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი განსახლების საკითხი. საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით, სამინისტროს მიერ დისკრეციული უფლებამოსილება არ განხორციელებულა კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. სამინისტროს შეფასება სრულად შეესაბამებოდა ზემოხსენებული ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ხორციელდება მხოლოდ ეტაპობრივად სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, შესაბამისად, იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულის თაობაზე ეცნობათ დადგენილი წესით, უფლებამოსილნი არიან კვლავ მიიღონ მონაწილეობა შემდეგ ეტაპზე და დაიკმაყოფილონ მათი მოთხოვნა კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე