Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-955(კს-21) 28 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - რ. ჯ-ე, თ. კ-ე, მ. კ-ე, ც. ჯ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე - სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 13 აპრილს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ც. ჯ-ის, რ. ჯ-ის, თ. კ-ისა და მ. კ-ის შპს „...ის“ ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ც. ჯ-ი, რ. ჯ-ე, თ. კ-ე, მ. კ-ე და შპს „...ი“ ცნობილ იქნენ ცრუმაგიერ პირებად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მაისის ბრძანება საჩივრით გაასაჩივრეს ც. ჯ-მა, რ. ჯ-ემ, თ. კ-ემ და მ. კ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით ც. ჯ-ის, რ. ჯ-ის, თ. კ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი საჩივრის შემტან პირთა მიერ საქალაქო სასამართლოს ბრძანების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის გაშვების მოტივით. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ მიღებული განჩინება იყო საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება ც. ჯ-მა, რ. ჯ-ემ, თ. კ-ემ და მ. კ-ემ გაასაჩივრეს კერძო საჩივრით, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის დადგენაც სასამართლოს მიერ ხორციელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელით ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების საერთო წესის შესაბამისად. აღნიშნული ითვალისწინებდა მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას. 2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს საქართველოს კანონით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) განხორციელებული ცვლილების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის №4908-IIს კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) კოდექსს დაემატა VII​​​16 თავი, შემდეგი შინაარსით: „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით“. აღნიშნული თავის 2163 მუხლის შესაბამისად განისაზღვრა, რომ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დადგინდა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამდენად, 2019 წლის 4 ივლისს ამოქმედებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით გათვალისწინებული დავები დაექვემდებარა მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას და ამ ტიპის დავებზე, როგორც საკასაციო, ასევე კერძო საჩივარი აღარ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულ ნორმაზე მითითებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები არ არის შეუზღუდავი და მისი წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრების ეს წესი კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.

განსახილველ შემთხვევაში ც. ჯ-მა, რ. ჯ-ემ, თ. კ-ემ და მ. კ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება, რომლის მე-2 პუნქტით მხარეებს განემარტათ, რომ აღნიშნული განჩინება არ საჩივრდებოდა.

საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ვინაიდან კანონმდებელმა ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადასაწყვეტად ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, მისი განხილვა მთავრდება საჩივრით გასაჩივრებული ბრძანების შემოწმებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, გასაჩივრების შეზღუდვა შეეხება როგორც არსებით გადაწყვეტილებას, ასევე დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც, მათ შორის საჩივრის განუხილველად დატოვებას. კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების შეზღუდვა თავის მხრივ გამორიცხავს უზენაესი სასამართლოს მიერ არა მხოლოდ საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვის შესაძლებლობასაც. ამდენად, ცრუმეგიერ პირებად აღიარების საკითხთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. ჯ-ის, რ. ჯ-ის, თ. კ-ის, მ. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან 2021 წლის 7 ივლისის გასაჩივრებული განჩინება წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ც. ჯ-ს, რ. ჯ-ეს, თ. კ-ეს და მ. კ-ეს კერძო საჩივარზე 2021 წლის 16 აგვისტოს N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით და სახეზეა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასეთი განჩინების გამოტანის შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორებს სახელმწიფო ბაჟი მთლიანად უნდა დაბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2165 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 447-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. ჯ-ის, რ. ჯ-ის, თ. კ-ის და მ. კ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. ც. ჯ-ს (პ/ნ ...), რ. ჯ-ეს (პ/ნ ...), თ. კ-ეს (პ/ნ ...) და მ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ ს. ფ-ის (პ/ნ ...) მიერ კერძო საჩივარზე 16.08.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა