ბს-1009(2კ-19) 28 ოქტომბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ვ. ლ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ხ-მა 25.09.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოპასუხების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის და ვ. ლ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 10.06.2013წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ 26.10.2015წ. წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დაასახელა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2015წ. განჩინებით ლ. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ვ. ლ-ი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.02.2017წ. განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი ცნობილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 16.05.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 10.06.2013წ. №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. ლ-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2017წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის და ვ. ლ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ლ. ხ-ს 17.11.1993წ. საკუთრებაში გადაეცა გარდაბნის რაიონში, ...ის საკრებულოს სოფ. ...აში მდებარე 0,06 ჰა სამოსახლო მიწის ნაკვეთი №30. 17.11.1993წ. №63 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გარდაბნის რაიონში, ...ის საკრებულოში, სოფ. ...აში მდებარე 0,06 ჰა მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი მონაცემებით აღირიცხა ლ. ხ-ის საკუთრების უფლება. ვ. ლ-ს 02.10.1998წ. საკუთრებაში გადაეცა ...აში მდებარე 0,06 ჰა სამოსახლო მიწის ნაკვეთი, რომელსაც ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება გზა, სამხრეთით №28 მიწის ნაკვეთი, დასავლეთით №66 მიწის ნაკვეთი. გარდაბნის რაიონში, ...ის საკრებულოში, ...ში დაუზუსტებელი მონაცემებით 0,06 ჰა მიწის ნაკვეთზე აღირიცხა ვ. ლ-ის საკუთრების უფლება. ვ. ლ-მა 04.06.2013წ. მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების მოთხოვნით. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 10.06.2013წ. №... გადაწყვეტილებით ვ. ლ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ლ. ხ-მა 05.08.2015წ. მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების მოთხოვნით. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 11.08.2015წ. №... გადაწყვეტილებით ლ. ხ-ს უარი ეთქვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციაზე. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 10.06.2013წ. №... გადაწყვეტილება ლ. ხ-ის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.08.2015წ. №... გადაწყვეტილებით ლ. ხ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულის განხილვა სასამართლოს კომპეტენციაა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.12.2016წ. №007457216 დასკვნით, საქმის მასალებში არსებული დოკუმენტაციის, მიწის ნაკვეთების განაწილების გეგმის, საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებისა და ადგილზე აზომვებით მიღებული მონაცემების ურთიერთშედარების შედეგად დადგინდა, რომ ლ. ხ-ის №30 მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა ძირითადად ემთხვევა დღეისათვის ვ. ლ-ის სახელზე რეგისტრირებული №... მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, კერძოდ იმ ადგილზე, სადაც განაწილების გეგმის მიხედვით უნდა მდებარეობდეს ლ. ხ-ის №30 მიწის ნაკვეთი დღეისათვის რეგისტრირებულია ვ. ლ-ის №... მიწის ნაკვეთი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ლ. ხ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი, მიღება-ჩაბარების აქტი №63 (გაც. 17.11.1993წ. სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ), სადავოდ არ გამხდარა და არ გაუქმებულა, არ არსებობს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლის ან შეწყვეტის, საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად, ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი დღესაც ძალაშია და მოქმედებს. სადავო უძრავ ქონებაზე ლ. ხ-ის საკუთრების რეგისტრაციის განხორციელებისას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას, არ არსებობდა ელექტრონული აზომვითი ნახაზის UTM პროექციაში წარდგენის ვალდებულების დამდგენი სამართლებრივი ნორმა. ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ლ. ხ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მდებარეობა, უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა და მათთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობის მიცემა, უნდა შეამოწმოს მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია, ლ. ხ-ისა და ვ. ლ-ის მიწის ნაკვეთებს შორის პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უფლებათა რეგისტრაციისა და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობის პრინციპის გათვალიწინებით დაადგინოს სადავო უძრავ ქონებაზე უკეთესი სამართლებრივი საფუძვლის მქონე პირი და შემდეგ მოახდინოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2017წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ვ. ლ-ის მიერ.
კასატორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისას არსებითად მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოებისას დასაბუთებული იქნას მხარის იურიდიული ინტერესი აქტის ბათილად ცნობის მიმართ, ხოლო თავად აქტი გამოცემული უნდა იყოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული ასეთი გადაწყვეტილება არაკანონიერია და ექვემდებარება გაუქმებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ხ-ის მიწის ნაკვეთის და ვ. ლ-ის საკუთრებად დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა იდენტურია. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ რეგისტრირებული მონაცემებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელე მხარეს, უტყუარად არ დაუდგენია მოსარჩელის საკუთრებად დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და გასაჩივრებული რეგისტრაციით მესამე პირის საკუთრებად აღიარებული უძრავი ნივთის იდენტურობის ფაქტი. სასამართლოს მითითება გარემოებების ხელახალ გამოკვლევაზე უსაფუძვლოა. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს №... განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები, ვინაიდან იგი არ არის წინააღმდეგობაში საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებთან. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ემყარება ისეთ მტკიცებულებას (განაწილების რუკა), რომელიც არ არის კანონით დადგენილი წესით შედგენილი, არ წარმოადგენს დედან დოკუმენტს და არ არსებობს მისი ავთენტურობის დამადასტურებელი მტკიცებულება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გარემოებების გამოკვლევის ვალდებულების დარღვევის ფაქტი არ დგინდება.
კასატორმა ვ. ლ-მა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.08.2015წ. გადაწყვეტილებით სოფ. ...აში მდებარე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე, ხოლო 14.09.2015წ. საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, შესაბამისად, გაუგებარია მოსარჩელის კავშირი მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. გარდა ამისა, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნებიდან გასულია კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა. სააპელაციო სასამართლოს წარედგინა კასატორის საკუთრების უფლების მოწმობისა და მიღება-ჩაბარების დედანი, ხოლო ლ. ხ-მა საკუთრების უფლების მოწმობისა და მიღება-ჩაბარების აქტის დედანი ვერ წარადგინა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით ვერ დგინდება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები და სხვა აუცილებელი რეკვიზიტები. ექსპერტის დასკვნა, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო, გაცემულია მიწის ნაკვეთების განაწილების გეგმაზე დაყრდნობით, რომელიც წარმოდგენილია ასლის და არა დედნის სახით. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, არ მოწვეულან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები და დაინტერესებული პირები. კასატორმა აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთი მის სახელზე იყო რეგისტრირებული და სადავო რეგისტრაციით მხოლოდ საზღვრების დაზუსტება განხორციელდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ვ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებში დაცული გარდაბნის რაიონის, ...ის საკრებულოს, სოფ. ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ 17.11.1993წ. მიღება ჩაბარების აქტით ლ. ხ-ს კერძო საკუთრებაში გადაეცა სოფ. ...აში მდებარე 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი №30. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში 14.03.2000წ. ლ. ხ-ი დარეგისტრირდა სოფ. ...აში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. გარდაბნის რაიონის სოფ. ...ის მიწის რეფორმის კომისიის 02.10.1998წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ვ. ლ-ს გადაეცა სოფ. ...აში მდებარე 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი №29. საჯარო რეესტრში 03.10.2001წ. აღნიშნული მიღება-ჩაბარების საფუძველზე გარდაბნის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ვ. ლ-ის საკუთრების უფლება. 04.06.2013წ. ვ. ლ-მა განცხადებით მიმართა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 10.06.2013წ. გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ვ. ლ-ის საკუთრების უფლება ...ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემებით (საკადასტრო კოდი ...). 05.08.2015წ. ლ. ხ-მა განცხადებით მიმართა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 11.08.2015წ. გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე, რომელიც მოცემულია მის მიერ წარდგენილ ნახაზზე, რეგისტრირებულია სხვა პირის საკუთრების უფლება. აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მომზადებული სიტუაციური ნახაზის თანახმად ზედდებოს არსებობა დადგინდა საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებთან (ტ.1, ს.ფ. 143). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მხარეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნია. საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდით ... მესაკუთრე არის ვ. ლ-ი, ხოლო ლ. ხ-ს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტარციაზე უარი ეთქვა უძრავი ნივთის ვ. ლ-ის სახელზე რეგისტრაციის გამო.
უსაფუძვლოა კასატორის ვ. ლ-ის მითითება იმ გარემოებაზე, რომ 14.09.2015წ. საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება ლ. ხ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და აღნიშნულის გამო გაუგებარია მოსარჩელის კავშირი მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის „საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ“ 14.09.2015წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის ლ. ხ-ის მოთხოვნა უძრავ ნივთზე ამონაწერის მომზადების და არა საკუთრების უფლების ან რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე (ტ. 1, ს.ფ. 139). ამ გადაწყვეტილებასთან ერთად მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით სოფ. ...აში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულია ლ. ხ-ის საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). ამდენად, კასატორის აღნიშნული პრეტენზია მოკლებულია საფუძველს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ასევე არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ისეთი ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების შესახებ, რომელიც შესრულებული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით შედგენილი მიწის განაწილების გეგმის ასლის საფუძველზე. საკასაციო პალატა მიუთითებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.12.2016წ. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად საქმის მასალებში არსებული დოკუმენტაციის, მიწის ნაკვეთების განაწილების გეგმის, საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებისა და ადგილზე აზომვებით მიღებული მონაცემების ურთიერთშედარების შედეგად დადგინდა, რომ ლ. ხ-ის №30 მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა ძირითადად ემთხვევა დღეისათვის ვ. ლ-ის სახელზე რეგისტრირებული ... მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, კერძოდ, იმ ადგილზე, სადაც განაწილების გეგმის მიხედვით უნდა მდებარეობდეს ლ. ხ-ის №30 მიწის ნაკვეთი დღეისათვის რეგისტრირებულია ვ. ლ-ის ... მიწის ნაკვეთი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 02.10.1998წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად №29 მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება გზა, სამხრეთით №28 მიწის ნაკვეთი და დასავლეთით №66 მიწის ნაკვეთი, ასევე საქმის მასალებში დაცული ნახაზის (ტ. 2, ს.ფ. 94) მიხედვით №30 მიწის ნაკვეთს ესაზღვრება გზა და №31, №32 და №34 მიწის ნაკვეთები. აღნიშნული მონაცემები შესაბამისობაშია მიწის ნაკვეთის განაწილების გეგმასთან (ტ. 2, ს.ფ. 74), რომელიც ექსპერტმა დასკვნის მომზადების მიზნით ერთ-ერთ დოკუმენტად გამოიყენა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.06.2016წ. წერილით ექსპერტიზის ჩატარების მიზნით და ლ. ხ-ის სახელზე რიცხული 0,06 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დასადგენად ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დამატებით მოთხოვნილი იქნა 17.11.1993წ. მიღება-ჩაბარების აქტზე დართულ გეგმაზე ასახული №31, №32 და №34 მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები და აღნიშნული აქტების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტ. 3, ს.ფ. 1). აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია (ტ. 3, ს.ფ. 7-71). ამდენად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის უარყოფა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ექსპერტმა დასკვნის შედგენისას ერთ-ერთ და არა ერთადერთ დოკუმენტად გამოიყენა განაწილების გეგმა გაზიარებული არ უნდა იქნეს, ვინაიდან ექსპერტის მიერ განხორციელდა არა მხოლოდ მიწის ნაკვეთების განაწილების გეგმის გაორენტირება, არამედ ასევე განხორციელდა საჯარო რეესტრში დაცული რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების და გაორიენტირებული განაწილების გეგმის ურთიერთშედარება და აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შედგა დასკვნა. გარდა ამისა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო და მესამე პირი არ მიუთითებენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სხვა ადგილმდებარეობაზე. აღსანიშნავია, რომ ლ. ხ-ის საკუთრების უფლება სოფ. ...აში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დღეის მდგომარეობით ძალაშია და არ გაუქმებულა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ვ. ლ-ის მოსაზრებას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მოცემული ნორმის დანაწესი შეეხება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეებს, ხოლო ლ. ხ-ი არ ყოფილა სადავო სარეგისტრაციო წარმოების მხარე, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლისას მხედველობაში არ მიიღება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების თარიღი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები აგრეთვე რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. ლ-ის სახელზე, როგორც დაუზუსტებელი, ასევე დაზუსტებული მონაცემებით სადავო რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად ლ. ხ-ის სახელზე მიწის ნაკვეთი იყო რეგისტრირებული. საერთო წესის მიხედვით ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს. მოცემულ შემთხვევაში ვ. ლ-ის სახელზე განხორციელებული სადავო ჩანაწერით არ გაუქმებულა ლ. ხ-ის სახელზე არსებული ჩანაწერი, სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 13.1 მუხლის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. საკასაციო პალატა თვლის, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას (სუსგ 28.02.2013წ. საქმე №ბს-367-363(კ-12)). ამდენად, კასატორების მითითება იმის შესახებ, მარეგისტირებელმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა და სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი სარეგისტრაციო წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, გამოიკვლიოს და დაადგინოს ლ. ხ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მდებარეობა, უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა, შეამოწმოს მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ვ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ვ. ლ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2017წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.08.2019წ. №25392 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. ვ. ლ-ს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.08.2019წ. №21248018 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი