Facebook Twitter

ბს-464(კ-19) 28 ოქტომბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ს. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ფ-ემ 27.03.2014წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის ა.რ. მთავრობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ის მუნიციპალიტის, სოფ. ...ში მდებარე 911 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 121.51 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობის სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 28.10.2010წ. №01/22/4825 და 22.12.2010წ. №01-22/5443 მიმართვების, ს. ფ-ის მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში აჭარის ა.რ. საზღვრებში მდებარე სახელმწიფო და აჭარის ა.რ. საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების ზედდებასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებათა განმხილველი კომისიის 19.08.2013წ. №02 სხდომის ოქმის და აჭარის ა.რ. მთავრობის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 20.02.2014წ. №45 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოსთან ზედდების მოხსნის საკითხის ხელახლა განხილვისა და თანხმობის გაცემის თაობაზე კომისიის დავალდებულება.

საქალაქო სასამართლოში 28.05.2014წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და დამატებით მოითხოვა სადავო უძრავი ქონების ნაწილში საქართველოს მთავრობის 14.12.2010წ. №1612 განკარგულების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის 23.12.2010წ. გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.2014წ. განჩინებით განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში თანამოპასუხეებად ჩაერთო საქართველოს მთვრობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2015წ. განჩინებით განსახილველი ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა №3-135/14წ. ადმინისტრაციულ საქმეზე ს. ფ-ის სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირის აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.2015წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება ს. ფ-ის სარჩელისა გამო, აჭარის ა.რ. მთავრობის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, განახლდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.2017წ. გადაწყვეტილებით ს. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. ფ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინებით ს. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.07.2017წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეული, უფლებამოსილი იყო მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურისათვის და მოეთხოვა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია სახელმწიფოს საკუთრებად. ...ს დასახლებაში მდებარე 121.51 კვ.მ. შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ 911 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სამინისტროს მიერ 28.10.2010წ. №01-22/4825 მიმართვის გამოცემის დროისათვის სხვა პირის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ გააჩნდა სამართლებრივი დაბრკოლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღერიცხა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ვინაიდან ს. ფ-ის მიერ მითითებული დოკუმენტები არ წარმოადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრულ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებს. ეს დოკუმენტები უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ დოკუმენტებს არ მიეკუთვნება, უშუალოდ არ წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს და ამასთან, ს. ფ-ეს სადავო აქტის გამოცემამდე არ ჰქონდა მოთხოვნილი მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 14.11.2013წ. №01-10/5032 წერილით სარეგისტრაციო სამსახურს აცნობა ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მასზე დამაგრებული 224 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს. ფ-ის (კომლის) საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე თავისი თანხმობის შესახებ. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 27.02.2014წ. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის მფლობელობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.10.2014წ. გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 27.02.2014წ. გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ს. ფ-ის განცხადებაზე ...ს დასახლებაში მდებარე 224 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 15.12.2015წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში, ...ის გზატკეცილის ჩიხი №..., №...-ში მდებარე 224 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 166 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა ს. ფ-ის, მ. ფ-ის, მ. ფ-ისა და მ. ფ-ის თანასაკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში (ყოფილი ...ის რაიონი, სოფელი ...) მდებარე საცხოვრებელი სახლის და მასზე დამაგრებული 224 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიმართ არ არსებობდა აღმატებული საჯარო ინტერესი და თანხმობა განაცხადა ამ უძრავი ნივთის ს. ფ-ის (კომლის) საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ თანახმად, მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის და სარგებლობის ფაქტის დადგენა და სამართლებრივი შეფასება შედის მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებაში. ამდენად, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 09.08.2013წ. №ს-234 ბრძანებით შექმნილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში მდებარე სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების ზედდებასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებათა განმხილველი კომისიის“ 19.08.2013წ. №02 სხდომის ოქმი, ს. ფ-ის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში (700 კვ.მ.-თან დაკავშირებით) არ ეწინააღმდეგება კანონს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. ფ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მის მიერ წარდგენილი იქნა ...ს საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ს. ფ-ეს სარგებლობაში გადაეცა 0,07ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს დღესაც ფლობს და ამუშავებს მისი ოჯახი. სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი - 911 კვ.მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ს. ფ-ის შვილის - მ. ფ-ის სახელზე. ამ უკანასკნელის საკუთრების უფლება აღიარებული იქნა 2008წ. აღიარების კომისიის მიერ, თუმცა მოგვიანებით იმავე კომისიამ გააუქმა მის მიერ გამოცემული აქტი. კასატორმა მიუთითა მის მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მოქმედ საქართველოს პრეზიდენტის 25.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრულ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებზე. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალში მითითებულია „სხვა დოკუმენტი“, შესაბამისად, ს. ფ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები სასამართლოს უნდა მიეჩნია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე ნუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმის მასალებში დაცული 28.12.2015წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ...ის რაიონის ...ს თემის საკრებულოს 30.07.1997წ. №43 გადაწყვეტილების, ...ის არქივის 08.11.2010წ. №66-ფ საარქივო ცნობის და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.10.2014წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...ის გზატკ. ...ი, ...-ში მდებარე 224 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ №... შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებულია მ. ფ-ის, მ. ფ-ის, მ. ფ-ის და ს. ფ-ის თანასაკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). განსახილველ შემთხვევაში კასატორი აღნიშნავს, რომ მას მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლება გააჩნია მის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული 224 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მიმდებარედ 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულის დასტურად მიუთითებს ...ს სოფლის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 27.05.1998წ. №2 ოქმზე და სამართლებრივ საფუძველად - საქართველოს პრეზიდენტის 25.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრულ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებზე, სადაც ამ დოკუმენტების ჩამონათვალში ასევე მითითებულია „სხვა დოკუმენტი“. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს. მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას). საქართველოს პრეზიდენტის 25.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ (ძალადაკარგულია 2016 წლის 31 ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის 04.08.2016წ. №191 ბრძანებულებით) 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განისაზღვრებოდა მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა ჩამონათვალში მითითებული იყო „სხვა დოკუმენტი“, ასევე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად „სხვა დოკუმენტი“ გათვალისწინებულია დღეს მოქმედი საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამოწმებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით. კანონმდებელი არ განსაზღვრავს მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და საკითხის განმხილველ ორგანოს ანიჭებს უფლებას მართლზომიერი ფლობის (სარგებლობის) ფაქტი დაადგინოს იმ დოკუმენტის საშუალებითაც, რომელიც არ არის მოცემული ამ დოკუმენტების ჩამონათვალში. ...ს სოფლის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 27.05.1998წ. №2 ოქმით დადგინდა, რომ ს. ფ-ეს დროებით სარგებლობაში დაურჩეს 0,07ჰა საბოსტნე მიწის ფართობი, რომელიც მდებარეობს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ და ამჟამად თვითონვე ამუშავებს. ამავე ოქმის შინაარსის თანახმად ს. ფ-ემ მოითხოვა საკარმიდამოდ 0,07 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფა. მიწის რეფორმის კომისიის სხდომაზე აზრი გამოთქვა კომისიის თავმჯდომარემ და მიუთითა, რომ აღნიშნული 0,07 ჰა მიწის ფართობი არ ირიცხება სარეფორმი მიწის ფონდში და გამოცხადებულია ეკონომიური ზონის მიწებად. აღნიშნულის გამო კომისიის თავმჯდომარემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ს. ფ-ეს 0,07 ჰა მიწის ფართობი გადაეცეს დროებით სარგებლობაში, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ტერიტორია ჩაირიცხება სარეფორმო ფონდში, კომისია ხელახლა განიხილავს საკითხს მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ...ს სოფლის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 27.05.1998წ. №2 ოქმი წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის დროებით სარგებლობაში გადაცემის დოკუმენტს. გარდა ამისა, საქმის მასალებში არ მოიპოვება და კასატორი არ მიუთითებს მიწის ნაკვეთის ს. ფ-ისათვის საკარმიდამოდ გამოყოფასთან დაკავშირებით მიწის რეფორმის კომისიის მიერ საკითხის ხელახალ შესწავლასა და ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად, სახეზე არ არის ქ. ბათუმში, ...ის მუნიციპალიტის, სოფ. ...ში მდებარე 911 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 121.51 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობის სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 28.10.2010წ. №01/22/4825 და 22.12.2010წ. №01-22/5443 მიმართვების, სადავო უძრავი ქონების ნაწილში საქართველოს მთავრობის 14.12.2010წ. №1612 განკარგულების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის 23.12.2010წ. გაფორმებული ხელშეკრულების, ს. ფ-ის მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში აჭარის ა.რ. საზღვრებში მდებარე სახელმწიფო და აჭარის ა.რ. საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების ზედდებასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებათა განმხილველი კომისიის 19.08.2013წ. №02 სხდომის ოქმის და აჭარის ა.რ. მთავრობის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 20.02.2014წ. №45 ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოსთან ზედდების მოხსნის საკითხის ხელახლა განხილვისა და თანხმობის გაცემის თაობაზე კომისიის დავალდებულების საფუძველი. რაც შეეხება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი - 911 კვ.მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ს. ფ-ის შვილის - მ. ფ-ის სახელზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს აღიარების კომისიის იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის შვილის - მ. ფ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი