Facebook Twitter

ბს-374(კ-19) 28 ოქტომბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ც-მა 07.01.2016წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ქ. რუსთავში მდებარე ... საიდენფიკაციო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში ქ. რუსთავის ქონების სააუქციონო მუდმივმოქმედი კომისიის 16.05.2012წ. აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 21.09.2016წ., 11.01.2017წ. და 01.02.2017წ. განჩინებებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, თ. ე-ი, შპს „...ა“ და დ. ს-ი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 24.05.2017წ. გადაწყვეტილებით რ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინებით რ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 24.05.2017წ. გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აუქციონის გამოცხადება, ჩატარება და შედეგების გაფორმება მოხდა ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დაცვით. პალატამ აღნიშნა, რომ უტყუარად დასტურდება აუქციონზე თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის გასხვისება, ამასთანავე, თვითმმართველობის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია სათანადო წესით სადავოდ გამხდარი არ ყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აუქციონის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებში მხოლოდ აუქციონის გამართვის დღის და არა საათის მითითება, არ ქმნის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს, რადგან მოსარჩელეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განცხადება საერთოდ არ წარუდგენია. ამასთანავე აუქციონის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიცავდა სადავო ქონების მონაცემებს, ფასის, ბეს და ბიჯის შესახებ ინფორმაციას. პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ აუქციონზე თ. ე-ის მიერ შეძენილი ქონება ორჯერ გასხვისდა და ახალი მესაკუთრეების რეგისტრაციები არ გასაჩივრებულა, რის გამო მიჩნეულ იქნა, რომ რ. ც-მა ვერ დაასაბუთა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი თავისი ინტერესის მიღწევის შესაძლებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინება რ. ც-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნა, რომ არის ინჟინერ-გამომგონებელი, ქარხანაში მიღებული ტრავმის და მუშაობის დამსახურებისთვის გადაეცა საცხოვრებელი ბინა იმ კორპუსში, რომლის მიმდებარედაც სადავო ნაკვეთი მდებარეობს. კასატორი უთითებს, რომ წლების წინ შემოღობა სადავო ტერიტორია, დარგო ნარგავები და უვლიდა ოჯახთან ერთად. 1984 წლიდან არაერთგზის მიმართა სხვადასხვა ორგანოს მიწის დაკანონების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ქ. რუსთავის მერიისა და საკრებულოსათვის ცნობილი იყო ნაკვეთზე კასატორის მფლობელობის შესახებ, რის გამო მისთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია აუქციონის გამართვასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ აუქციონის ჩანიშვნა, ჩატარება და შედეგების გაფორმება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. კასატორი ვერ უთითებს ნორმატიულად განსაზღვრული რაიმე პროცედურის დარღვევაზე. მხოლოდ ის გარემოება, რომ აუქციონის შესახებ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავდა მონაცემს აუქციონის გამართვის საათის შესახებ, არ ქმნის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საკმარის საფუძველს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუქციონის შესახებ ინფორმაციაში მითითებული იყო აუქციონის გამართვის კონკრეტული დღე, მიწის ნაკვეთის მისამართი, ფართობი, საკადასტრო კოდი, საწყისი ფასი, ბეს და ბიჯის ოდენობა. რ. ც-ს არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ან აუქციონის შესახებ მონაცემების, მათ შორის, აუქციონის ჩატარების კონკრეტული საათის დადგენის მოთხოვნით. კასატორის მოსაზრება, რომ აუქციონის გამართვის შესახებ მონაცემების მიწოდება მისთვის პერსონალურად უნდა მომხდარიყო, არ ეფუძნება რაიმე სამართლებრივ საფუძველს. თვითმმართველობამ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა თავის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთი, რომლის თვითმმართველობის სახელზე რეგისტრაცია სათანადო წესით სადავო არ გამხდარა.

მხოლოდ ის გარემოება, რომ რ. ც-ი თვითნებურად დაეუფლა სადავო მიწის ნაკვეთს და როგორც თავად უთითებს, - უვლიდა მას, არ ქმნის გამართული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს, რადგან რ. ც-ს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის უფლება არასდროს ჰქონია მოპოვებული. როგორც კასატორი ადასტურებს მან არაერთხელ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შესაძენად, თუმცა უშედეგოდ. გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი (მათ შორის ე.წ. „ვირტუალური უარი“) რ. ც-ის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი