Facebook Twitter

საქმე №ბს-985(კ-20) 24 ნოემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - მ. შ-ა

მესამე პირი - გ. შ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2019წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. შ-ამ 13.03.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 09.10.2018წ. №01-1237/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მ. შ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი და 1998 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში (...ა) არსებულ 21 კვ.მ. ფართში, ხუთსულიან ოჯახთან ერთად. იგი საცხოვრებელი ფართის სიმცირის გამო, ბოლო პერიოდში, ხშირად რჩებოდა ნათესავთან. მოსარჩელემ 27.04.2016წ. №... განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.06.2018წ. გადაწყვეტილებით (ოქმი №21) მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა, უარი ეთქვა მიმდინარე ეტაპის ფარგლებში ბინით უზრუნველყოფაზე, ხოლო ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში (...ა) ფაქტობრივად მცხოვრები მოსარჩელის შვილის - მ. შ-ას ოჯახი დაკმაყოფილდა სამოთახიანი ბინით (ს.ფ.36). მ. შ-ა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე 22.06.2018წ. №29119/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხების შემსწავლელი კომისიის 06.07.2018წ. №32 ოქმის შესაბამისად, ამავე კომისიის 05.06.2018წ. გადაწყვეტილება (ოქმი №21) უცვლელი დარჩა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 09.10.2018წ. №01-1237/ო ბრძანებით მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე დროებითი განსახლების მისამართზე (ქ. თბილისში, ...ის ქ.№5-ში მდებარე „...ა“) ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

მ. შ-ამ სასამართლოში აღძრა სარჩელი, რომელშიც აღნიშნა, რომ მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და ის არ ფლობს საცხოვრებელი ფართის შესაძენად საჭირო სახსრებს. სასამართლოში მოწმედ დასახელებული პირები ადასტურებენ მოსარჩელის ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში (...ა) მუდმივად ცხოვრების ფაქტს. მ. შ-ას მოსაზრებით, მოპასუხემ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის გარემოებები. დაუშვებელია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ (სზაკ-ის 53-ე მუხ.). კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესსა და უფლებას, ამასთანავე, მოპასუხის ქმედებამ გამოიწვია დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა (სზაკ-ის მე-4 მუხ.), იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.05.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო გ. შ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019წ. გადაწყვეტილებით მ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის 09.10.2018წ. №01-1237/ო ბრძანება, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. შ-ასათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ იმპერატიულად ადგენს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობის განსაზღვრის აუცილებლობას. სწორედ ამ მიზნით, წესი განსაზღვრავს როგორც კრიტერიუმებს, აგრეთვე, საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნტის შესაბამისად, ასეთი გამონაკლისია განმცხადებელი ოჯახის ცხოვრება იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომლებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია. სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დევნილი ოჯახის განსახლების საჭიროების განსაზღვრის უფლებამოსილების მიუხედავად, აღნიშნული უნდა გამყარდეს სათანადო გარემოებებითა თუ მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მ. შ-ას რეგისტრაციის ადგილას მუდმივად არცხოვრების შესახებ და აღნიშნა, რომ მართალია 22.02.2017წ. განხორციელებული მონიტორინგის დროს მოსარჩელე რეგისტრაციის ადგილას არ იმყოფებოდა და მისმა შვილმა მ. შ-ამ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს მიუთითა მ. შ-ას სხვა მისამართზე ცხოვრების შესახებ, თუმცა აღნიშნული თავისთავად არ გულისხმობდა განსახლების დროს მ. შ-ას ქ. თბილისში, ...ის ქ.№5-ში მდებარე ყოფილი „...ის“ შენობაში არცხოვრებას და განსახლების საჭიროების არარსებობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის განსახლებას ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. ამასთანავე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვის პერიოდში მ. შ-ას ოჯახს საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხებოდა. სასამართლო დაეყრდნო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული პირების განმარტებებსაც. მათი განცხადებით, მ. შ-ას არასოდეს დაუტოვებია საცხოვრებელი, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, რაც გულისხმობდა საავადმყოფოში ან სხვა მისამართზე მეუღლის ავადმყოფობის გამო გარკვეული (მცირე) პერიოდით დარჩენას. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, მეტიც, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განმეორებით შეისწავლა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლითაც 05.06.2018წ. სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება (ოქმი №21), ყოველგვარი ახალი დოკუმენტაციისა ან/და შემოწმების შედეგად მოძიებული ინფორმაციის გარეშე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 09.10.2018წ. №01-1237/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.11.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. პალატამ განმარტა, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის ქონა ნიშნავს შესაძლებლობას პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთანავე, პირის საცხოვრებელი ადგილის დადგენა, სწორედ, მისი თავისუფალი ნების გამოვალენას, მის არჩევანსა და კონკრეტულ ადგილას ფაქტობრივად ყოფნას უკავშირდება. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ვითომდა მეუღლის სახლში ცხოვრების ფაქტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მისი განსახლების შესახებ დასკვნის გაკეთების ერთადერთი საფუძველი (ს.ფ. 289).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოთხოვნა. სააგენტომ არ დააკმაყოფილა საცხოვრებლით პირი, რომელიც ცდილობდა სხვა, უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ და უფრო მაღალქულიან ოჯახებთან შედარებით, ადრე მიეღო საცხოვრებელი. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ აქტი მომზადებული და გამოცემულია ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს სადავო აქტის არამართლზომიერების დასაბუთებას. კასატორი მიუთითებს, რომ მ. შ-ა წლების განმავლობაში არ ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ ბინაში და კრიტერიუმების გარეშე ბინით უზრუნველყოფის შესახებ საგამონაკლისო წესი მას ვერ შეეხებოდა, იგი საცხოვრებელს შესაბამის ეტაპზე, მის მიერ დაგროვილი ქულების შესაბამისად მიიღებდა. კასატორის მითითებით, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, რის შედეგადაც საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. შ-ა არის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირი - დევნილი. მასზე გაცემულია დევნილის მოწმობა (ამავე კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვ.პ.), რომლის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გაგრის მუნიციპალიტეტი, ...ა, ...ის ქ. №74, ხოლო რეგისტრაციის ადგილი (დროებითი საცხოვრებელი ადგილი) - ქ. თბილისი, ...ის ქ. №5, „...ა“ (ს.ფ. 17-18).

დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, სახელმწიფო ორგანოები, მუნიციპალიტეტები, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციები, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირები ახორციელებენ მათთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხ. „ო“ ქვ.პ.). დევნილთა განსახლების ორგანიზება ხორციელდება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საფუძველზე. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი ორგანოა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (3.1 მუხ.). საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა (6.1 მუხ.). კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ (6.10 მუხ. „გ“ ქვ.პ.). ამავე წესის 6.11 მუხლის შესაბამისად, ობიექტში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება სამინისტროს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომლების მიერ, „აღწერის ფორმის“ მიხედვით (ანალოგიურ დებულებებს შეიცავს ამჟამად მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 3.1 მუხ., 6.1 მუხ., 6.10 მუხ. „გ“ ქვეპ., 6.11 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში მდებარე ...ი, - „...ა“ გახდა გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტი. დადგენილია აგრეთვე, რომ მ. შ-ამ 27.04.2016წ. №... განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი. განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ის ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში მდებარე „...ში“, მე-4 სართულზე, გ. შ-ასთან (მეუღლე) და გ. შ-ასთან (შვილი) ერთად. დევნილის რეგისტრაციის ნომერია - №... (ს.ფ. 107-109).

მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 6.10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და დადგენილი კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება დაეხურა ...ის ქ. N5-ში მდებარე ...ი და შენობაში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახები, კრიტერიუმების გარეშე, ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, უზრუნველეყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. მითითებული ნორმის საფუძველზე პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული და კრიტერიუმების გარეშე განხორციელდა შენობაში ფაქტიურად მცხოვრებ დევნილთა ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ოჯახების წევრთა რაოდენობის დასადგენად ჩატარდა მონიტორინგი. ქ. თბილისში. ...ის ქ. N5-ში 22.02.2017წ. ჩატარებული დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა აღწერის მასალების ოქმის, ოქმში აღწერილი მოსარჩელის შვილის განმარტების თანახმად, (ს.ფ. 45) დადასტურდა, რომ მოსარჩელე მ. შ-ა არ იყო შენობის ფაქტიური მაცხოვრებელი. საქმის მასალების თანახმად, დევნილთა აღწერის მიზნით, სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ 22.02.2017წ. განხორციელდა მონიტორინგი, ადგილზე იმყოფებოდა ოჯახი შემდეგი შემადგენლობით: მ. შ-ა (მოსარჩელის შვილი), შვილის მეუღლე თ. ძ-ე და მათი შვილები - ა. შ-ა, ს. შ-ა და ა. შ-ა. ოჯახის განცხადებით, ამავე მისამართზე რეგისტრირებულნი იყვნენ მოსარჩელე მ. შ-ა, მისი მეუღლე გ. შ-ა და შვილი გ. შ-ა, თუმცა მონიტორინგის ჩატარების პერიოდში ისინი ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ...ი, მე-2 კვ., მე-16 კორპ., ბინა №2-ში (20კვ.მ.) (ს.ფ.150). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.06.2018წ. გადაწყვეტილებით (ოქმი №21) მოსარჩელის 27.04.2016წ. №... განცხადება არ დაკმაყოფილდა, მ. შ-ას ოჯახს უარი ეთქვა მიმდინარე ეტაპის ფარგლებში ბინით უზრუნველყოფაზე, ხოლო ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში (...ა) ფაქტობრივად მცხოვრები მოსარჩელის შვილის - მ. შ-ას ოჯახი დაკმაყოფილდა სამოთახიანი ბინით (ს.ფ.36). საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ 22.06.2018წ. №29119/01 განცხადებით განმეორებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა იმ საფუძვლით, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი და 1999 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში, მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ამავე განცხადებაში მ. შ-ამ აღნიშნა, რომ უფროსი შვილის დაოჯახების შემდეგ, საცხოვრებელი ფართის სიმცირის გამო (ერთი ოთახი), მოსარჩელე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლესთან (გ. შ-ა) და შვილთან (გ. შ-ა) ერთად საცხოვრებლად გადავიდა სიძის ბინაში (ს.ფ.138). დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 06.07.2018წ. №32 ოქმის საფუძველზე, ამავე კომისიის 05.06.2018წ. გადაწყვეტილება (ოქმი №21) უცვლელი დარჩა (ს.ფ.142). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 09.10.2018წ. №01-1237/ო ბრძანებით მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე დროებითი განსახლების მისამართზე (ქ. თბილისში, ...ის ქ.№5-ში მდებარე „...ა“) ფაქტობრივად არცხოვრების გამო (ს.ფ.149).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ემსახურება დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნას. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 13.2 მუხლის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. ხსენებული კანონის საფუძვლელზე სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედებდა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, საქართველოს მთავრობის 02.02.2007წ. N047 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“, საქართველოს მთავრობის 13.02.2017წ. N240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები აგებულია დევნილთა საჭიროებაზე, პრიორიტეტულად მიჩნეულია ისეთი ოჯახები, რომლებიც განსაკუთრებულად შეჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი. სადავო პერიოდში მოქმედი „წესის“ 6.3 მუხლის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის შეთავაზების რიგითობა განისაზღვრება დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. აღნიშნული საკითხი უნდა დადგინდეს დევნილი ოჯახების საჭიროებების შეფასების საფუძველზე და უფრო მეტად გაჭირვებული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემდეგ დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით შედარებით ნაკლებად გაჭირვებული ოჯახი. სადავო პერიოდში მოქმედი „წესის“ 1.3 მუხლის თანახმად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი (ანალოგიურ დებულებას შეიცავს ამჟამად მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 1.3 მუხ.; საქართველოს მთავრობის 13.02.2017წ. №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.11 მუხ.). ამდენად, ის გარემოება, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვის პერიოდში მ. შ-ას ოჯახის საკუთრებაში უძრავი ქონება არ ირიცხებოდა, იმთავითვე არ ქმნის მათი რიგგარეშე განსახლების პირობას. საცხოვრებელი ფართის თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით მ. შ-ას განაცხადი გაკეთებული აქვს შვილთან გ. შ-ასთან ერთად (თავდაპირველ განაცხადში მითითებული მეუღლე - გ. შ-ა გარდაიცვალა). განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში ყურადღება გამახვილებულია მ. და გ. შ-ების მიერ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებაზე (ს.ფ. 107-109). აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში დაცულ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებზე, რომლებითაც ირკვევა, რომ 11.06.2009წ. სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ი, მე-2 კვ., მე-16 კორპ., ბინა №1-ზე 15.06.2009წ. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მ. შ-ას სახელზე (ს.ფ. 132). 03.09.2007წ. სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 11.03.2011წ. ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №15-ში საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მოსარჩელის შვილის (ოჯახის წევრის) გ. შ-ას სახელზე (ს.ფ. 130). გ. და მ. შ-ებმა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ფართები გაასხვისეს მოსარჩელის შვილზე ქ. შ-აზე (ს.ფ. 131-133), რომლის საკუთრებაშია ორი ბინა ქ. თბილისში (ს.ფ. 107). მ. შ-ას დას - ლ. გ-ას მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ ...ის ქ.. N5-ში მდებარე, ყოფილი „...ის“ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები მოსარჩელის შვილის ხუთსულიანი ოჯახი დაკმაყოფილდა სამოთახიანი ბინით. ხსენებული ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელის ოჯახს არ აქვს გადაუდებელი საჭიროება განსახლებისთვის. „წესის“ 6.3 მუხლი განსაზღვრავს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის დევნილთა საჭიროებებზე მორგებულ ხასიათს და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის რიგითობის შეფასებისას ადგენს დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინების აუცილებლობას. სწორედ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, ოჯახის პრიორიტეტულად განსახლების კანონისმიერი საფუძვლის არსებობისას, კომისია უფლებამოსილია შეაფასოს დევნილი ოჯახის საჭიროებები და უფრო მეტად გაჭირვებული ოჯახის საცხოვრებლით პრიორიტეტულად უზრუნველყოფის შემდეგ დააკმაყოფილოს საცხოვრებლით შედარებით ნაკლებად გაჭირვებული ოჯახი. ის გარმეობა, რომ მ. შ-ას დროებითი განსახლების შენობა (...ა) გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტია, იმთავითვე არ ქმნის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით პრიორიტეტულად, კრიტერიუმების გარეშე დაკმაყოფილების საფუძველს იმ პირობებში, როდესაც ხსენებული წესის 6.10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის უფლება და არა ვალდებულება, ამასთანავე, სახეზეა სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე დევნილი ოჯახების განსახლების ნორმატიულად განსაზღვრული კონკრეტული პირობა. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება მოსარჩელის ოჯახის მიერ, დევნილის სტატუსით სარგებლობის პერიოდში, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების ფაქტი, აღნიშნულს გასაჩივრებული განჩინებით არ მიეცა შეფასება. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხედველობის მიღმა დარჩა ის გარემოებაც, რომ დევნილი ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით უძრავი ქონების შეძენა იწვევს ამ ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე, უფრო მეტად გაჭირვებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების შემდეგ და არა პრიორიტეტულად, რიგგარეშე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კრიტერიუმის გარეშე განსახლება არის საგამონაკლისო წესი, საქმეზე არ არის დასაბუთებული მოსარჩელის მიმართ საგამონაკლისო წესის გამოყენების მართებულობა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმეში არ მოიპოვება მოსარჩელის ოჯახის მიერ უძრავი ქონების საკუთარი სახსრებით შეძენის გამომრიცხავი დოკუმენტაცია. ამდენად, ის გარემოება, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისთვის მოსარჩელის სახელზე არ იყო აღრიცხული უძრავი ქონება, არ ადასტურებს სადავო აქტის უმართლობას. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას არ უარყოფს კასატორიც, თუმცა სააგენტო ამასთანავე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს, უფრო გაჭირვებულ ოჯახებთან მიმართებით, თმენის ვალდებულება აქვს (ს.ფ. 306), სამინისტროს 10.07.2018წ. N01-02/08/15667 წერილის თანახმად, მ. შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განხილული იქნება საერთო წესის შესაბამისად, კრიტერიუმების საფუძველზე (ს.ფ. 140). „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დევნილთა საჭიროებებზე მორგებული ხასიათი განაპირობებს განსაკუთრებულად შეჭირვებული, საცხოვრებლის არმქონე დევნილი ოჯახების პრიორიტეტულად მიჩნევის აუცილებლობას (ს.ფ. 98).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელების არსი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტების შემოწმებაში მდგომარეობს. სააპელაციო პალატა, ერთი მხრივ, ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად იკვლევს და აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას. მოცემულ შემთხვევაში, მ. შ-ას ოჯახის მიერ უძრავი ქონების შეძენასა და გასხვისებაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნების არარსებობის გამო, საკასაციო პალატა მათზე არსებით მსჯელობას ვერ იქონიებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისთვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2019წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი