საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-834(კ-21) 12 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - შპს „თ...ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „...მა“ 2019 წლის 14 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, თბილისში, ...ის ქ. №2-ში (ყოფ. ...ის ქ. №8) მდებარე კომერციული ფართის (მშენებარე) +5.00 ნიშნულზე (ფართის ნიშნული +3.72) C ბლოკი, ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციის თაობაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ამავე სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბრის №... გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 22 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, თბილისში, ...ის ქ. №2-ში (ყოფ. ...ის ქ. №8) მდებარე ავტოსადგომზე ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციის თაობაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, ამავე ავტოსადგომზე ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციის თაობაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სააგენტოსათვის ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის და შეზღუდვის (ვალდებულების) გაუქმების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „თ...ი“ .
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
შპს „...მა“ საკასაციო საჩივარს დაურთო სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კასატორს - შპს „...ს“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით დამატებით 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, ხარვეზის შესახებ მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინება კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორს - შპს „...ს“ და 2021 წლის 25 ოქტომბერს ჩაჰბარდა შპს „...ის“ დირექტორს - რ. გ-ას, რაც დასტურდება გზავნილზე შესაბამისი პირის ხელმოწერით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის შესახებ მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით დამატებით 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, შპს „...ს“ გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ...ის ქუჩა, კორპ.5, ბინა N9. საფოსტო შეტყობინებაზე აღნიშნული ხელმოწერის მიხედვით, აღნიშნული გზავნილი 2021 წლის 25 ოქტომბერს ჩაჰბარდა შპს „...ის“ დირექტორს - რ. გ-ას (ს.ფ. 365). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 26 ოქტომბერს და ამოიწურა 2021 წლის 4 ნოემბერს 24 საათზე (ხუთშაბათი), თუმცა კასატორმა მისთვის მიცემულ 10-დღიან ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 23 ივლისის N11268071289 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით და სახეზეა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასეთი განჩინების გამოტანის შემთხვევაში კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მთლიანად უნდა დაბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე, 447-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს 23.07.2021წ. N11268071289 საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა