Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-832(კ-21) 8 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - მ. ა-ე, გ. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ნ. ვ-ი, თ. გ-ი, სს „...ი“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2016 წლის 31 ოქტომბერს მ. ა-ემ და გ. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2016 წლის 25 მაისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 26 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება №... უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. ვ-ი, ხოლო 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით - სს „...ი“ და თ. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ა-ისა და გ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა-ემ და გ. პ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით მ. ა-ისა და გ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა-ემ და გ. პ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ისა და გ. პ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით), კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის (გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლების, კასაციის მიზეზების მითითებით), კასატორების მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის ან სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე მ. ა-ისა და გ. პ-ის მიერ ნათია გულიაშვილის სახელზე გაცემული მინდობილობის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ თუ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნებოდა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორებს გაეგზავნათ საქმეში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ...ის ქ. ͏№19). გზავნილი 2020 წლის 15 ოქტომბერს ჩაბარდა ერთ-ერთი კასატორის - გ. პ-ის ოჯახის წევრს (მამას) - გ. პ-ს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2021 წლის 16 ოქტომბრიდან დაიწყო და 2021 წლის 25 ოქტომბერს (ორშაბათს) ამოიწურა.

დადგენილია, რომ კასატორებმა სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს. კასატორებმა 2021 წლის 29 ოქტომბერს განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს. განმცხადებლების განმარტებით, დროულად ვერ შეავსეს ხარვეზი, ვინაიდან სასამართლო გზავნილი ჩაბარდა არა რომელიმე კასატორს, არამედ კასატორის - გ. პ-ის მამას, რომელსაც გადატანილი აქვს ინსულტი და აქვს მეხსიერების პრობლემები. შესაბამისად, მას დაავიწყდა დროულად ეცნობებინა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების თაობაზე, მას ასევე არ ახსოვს, სად შეინახა ჩაბარებული განჩინება (განცხადებას თან ახლავს სამედიცინო დაწესებულების მიერ 2015 და 2018 წლებში გაცემული ცნობები გ. პ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ). აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევა, გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მხარეებისათვის განმეორებით გაგზავნა და ხარვეზის შევსებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრა მოითხოვეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა შეიძლება აღდგეს, თუ მხარე დაადასტურებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას - მხარის ბრალის გარეშე ხსენებულ ვადაში კონკრეტული ქმედების განხორციელების ობიექტურ შეუძლებლობას.

სადავო შემთხვევაში კასატორები საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობას, გზავნილის ჩამბარებლის ავადმყოფობას უკავშირებენ, თუმცა საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება იმგვარი პირობის არსებობა, რომლის გამოც მხარეთა მიერ საპროცესო ვადის გაშვება საპატიოდ მიიჩნეოდა. ამასთან, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია დათარიღებულია 2015 და 2018 წლებით და არ შეიცავს მიმდინარე პერიოდის ამსახველ ინფორმაციას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ. ა-ისა და გ. პ-ის საკასაციო საჩივარი და განცხადება საპროცესო ვადის გაგარძელების შესახებ განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, რადგან მხარის მიერ გაშვებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ა-ისა და გ. პ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებაზე და განცხადება გაშვებული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, დარჩეს განუხილველად.

2. მ. ა-ისა და გ. პ-ის განცხადება საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე