Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-699(კ-21) 22 ნოემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) ზ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. შ-მა 2021 წლის 2 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და „ზ. შ-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2021 წლის 5 იანვრის №1000731699 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ზ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ზ. შ-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“ სააგენტოს 2021 წლის 5 იანვრის №1000731699 გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. შ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და კასატორს დაევალა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი და ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედნის სახით საქართველოს უზენაეს სასამართლში წარმოდგენა.

2021 წლის 11 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. შ-მა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გახმობა და შესაბამისი საპროცესო ღონისძიებების გატარება მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით 2021 წლის 15 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმოადგინა წერილი, რომლითაც არ დაეთანხმა ზ. შ-ის მიერ სარჩელის გახმობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებითზ. შ-ის შუამდგომლობა სარჩელის გახმობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა მოპასუხის თანხმობის არქონის საფუძვლით. ამასთან, ამავე განჩინებით გაგრძელდა ამავე სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით კასატორისთვის დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და მასვე დაევალა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ხემოწერილი საკასაციო საჩივრის დედნის სახით წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ზ. შ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედნის სახით წარმოდგენა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინება ზ. შ-ი წარმომადგენელს - გ. კ-ს გაეგზავნა საქმეში მის მიერვე მითითებულ მისამართზე (თბილისი, ...ას №3, კორპუსი №4, ბინა №21) და 2021 წლის 7 ოქტომბერს ჩაბარდა პირადად. ამავე წლის 11 ოქტომბერს კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის გახმობა მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით გაგრძელდა 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით კასატორისთვის დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და მასვე დაევალა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ხემოწერილი საკასაციო საჩივრის დედნის სახით წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება ზ. შ-ი წარმომადგენელს - გ. კ-ს გაეგზავნა საქმეში მის მიერვე მითითებულ მისამართზე (თბილისი, ...ას №3, კორპუსი №4, ბინა №21) და 2021 წლის 21 ოქტომბერს ჩაბარდა ბიძას - დ. კ-ს (პ/ნ ...). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 22 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2021 წლის 28 ოქტომბერს, 24 საათზე (ხუთშაბათი). მიუხედავად ამისა, კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას საკასაციო სასამართლოსთვის არც აღნიშნული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობაა.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;

2. გ. კ-ს(პ/ნ ...) დაუბრუნდეს ზ. შ-ის საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 14 ივლისს №0 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე