Facebook Twitter

საქმე №ბ-514-3(ა-20) 29 ივნისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 24 ნოემბერს ვ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 26 ოქტომბრის №1964 ბრძანების ბათილად ცნობა და სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. კ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განჩინება ვ. კ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინებით ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განჩინება გაეგზავნა ვ. კ-ის წარმომადგენელს სამუშაო მისამართზე. განჩინება 2019 წლის 27 სექტემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის (საადვოკატო ბიურო) თანამშრომელს ვ. კ-ის წარმომადგენლისათვის გადასაცემად. საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა 2019 წლის 28 სექტემბრიდან დაიწყო და 2019 წლის 18 ოქტომბერს (პარასკევი) ამოიწურა, ხოლო საკასაციო საჩივარი ...ს ფოსტაში წარდგენილ იქნა 2019 წლის 21 ოქტომბერს, ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკასაციო საჩივარი განხილული ვერ იქნებოდა, სსსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.

2020 წლის 8 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ვ. კ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს სამუშაო მისამართზე გაეგზავნა (ქუთაისი, ...ის ქ. №4), თუმცა აღნიშნულ მისამართზე, საადვოკატო ბიუროს გარდა, საქმიანობას ასევე ეწევა ...ო - შპს „...ი“, რომლის დირექტორია ქ. ქ-ე. სწორედ აღნიშნული კომპანიის დირექტორმა ჩაიბარა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და არა ამაზე უფლებამოსილმა პირმა - კასატორის წარმომადგენელმა ან საადვოკატო ბიუროს რომელიმე თანამშრომელმა. საადვოკატო ბიურო და ...ო ერთ მისამართზე, თუმცა სხვადასხვა კაბინეტებში ახორციელებენ საქმიანობას. ფოსტის თანამშრომელმა ...ოს დირექტორი არასწორად მიიჩნია საადვოკატო ბიუროს თანამშრომელად. შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დაცვით მიიჩნევა ჩაბარებულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მაისის განჩინებით ვ. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ვ. კ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა აპელანტის წარმომადგენლისთვის განკუთვნილი გზავნილის ქ. ქ-ისათვის ჩაბარება უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენლისთვის განკუთვნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინების შემცველი გზავნილი 2019 წლის 27 სექტემბერს ჩაიბარა შპს „...ის“ დირექტორმა - ქ. ქ-ემ, რომელიც განმცხადებლის მტკიცებით, გზავნილის ჩაბარებაზე არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულადაა განსაზღვრული ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების წესები. სასამართლო შესაბამისი შინაარსის გზავნილს უგზავნის მხარეს ან მის წარმომადგენელს, ანუ გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს. სასამართლო გზავნილის მხარის წარმომადგენლისათვის სამუშაო მისამართზე გაგზავნისას კი, უწყება უნდა ჩაჰბარდეს ორგანიზაციის კანცელარიას, ხოლო ასეთის არარსებობის პირობებში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, შეტყობინების ბარათით დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენლისთვის განკუთვნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინების შემცველი გზავნილი 2019 წლის 27 სექტემბერს ჩაიბარა ქ. ქ-ემ, რომელიც შეტყობინების ბარათის კომენტარში მითითებულია როგორც საადვოკატო ბიუროს თანამშრომელი. თუმცა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ ქ. ქ-ე არის ...ოს - შპს „...ის“ დირექტორი, ხოლო სააგენტოს ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია ქუთაისი, ...ის ქ. №4. აღნიშნულ მისამართზე საქმიანობს როგორც საადვოკატო ბიურო, სადაც კასატორის წარმომადგენელი მუშაობს, ისე ...ო „...ი“. შესაბამისად, სასამართლო გზავნილის იმ პირისათვის ჩაბარება, რომელიც უფლებამოსილი არაა ჩაიბაროს რაიმე საპროცესო დოკუმენტი, ითვლება არაუფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებულად. საქმეზე არ დასტურდება ვ. კ-ის წარმომადგენლისათვის განკუთვნილი გზავნილის ჩაბარებაზე ქ. ქ-ის უფლებამოსილების ფაქტი. იგი არც კასატორის წარმომადგენლის სამსახურის ადმინისტრაციის/ კანცელარიის თანამშრომელია.

ამდენად, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განჩინების გასაჩივრების ვადა უნდა დაწყებულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, ხოლო ზემოაღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი არ ჩაბარდა ამ უფლებით აღჭურვილ პირს, გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით არ არსებობს ვ. კ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინების შემცველი გზავნილი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინება;

3. ვ. კ-ის საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე