საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-721(კ-21) 30 ნოემბერი, 2021 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ზ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 2 დეკემბერს ზ. ა-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ და მოითხოვა ამავე საბჭოს 2020 წლის 15 ოქტომბრის №02/20/შ/პ-0777 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ზ. ა-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 15 ოქტომბრის №02/20/შ/პ-0777 გადაწყვეტილება. მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ა-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ. ა-ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხთან დაკავშირებით, საბჭომ შეაფასა ზემოაღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმი, გაითვალისწინა დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზიის არქონის თაობაზე, მისი ოჯახური პირობები, დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ასევე ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, გამოძალვა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - თავისუფლების უკანონო აღკვეთა, აგრეთვე სასჯელის მოხდის პერიოდში მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა არაერთი დისციპლინური ღონისძიება მისი ქცევის გამო. მითითებული გარემოებების მთლიანობაში გაანალიზებისა და შეფასების შემდგომ, საბჭომ, მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარის თქმის თაობაზე.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასების საფუძველზე მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება და მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას საბჭომ თანაბარმნიშვნელოვნად გაამახვილა ყურადღება დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ დისციპლინურ ღონისძიებებზე, აგრეთვე იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულს არც ერთ სოციალურ აქტივობაში არ მიუღია მონაწილეობა. შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიერ ყველა კრიტერიუმის ერთად განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ზ. ა-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ზ. ა-ის მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, სისხლის სამართლის წესით სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნების გათვალისწინებით ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასა და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მოსახდელი სასჯელის, მათ შორის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნასაც, თუმცა პატიმრობის კოდექსი და მის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“ (შემდგომში – წესი) იძლევა დანიშნული სასჯელის აღსრულების პროცესში ამ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შეღავათის მსჯავრდებულზე გავრცელების შესაძლებლობას.
აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. შეფასების კრიტერიუმებს კი განსაზღვრავს ზემოთ მითითებული წესის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან საბჭომ, ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე დაფუძნებული. მართალია, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს ე.წ. მოქმედების ნულოვან თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, რადგანაც არ არსებობს როგორც სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ასევე - სრული მოწესრიგება. სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. Nბს-448-443(კ-12)).
შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. Nბს-1655-1627 (კ-11), 20.10.10წ. Nბს-342-331 (კ-10)). დისკრეციული უფლებამოსილების არაგონივრული გაფართოება ან პირიქით შევიწროება წარმოშობს ნეგატიურ დისკრეციას, რაც თავისთავად იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონით დადგენილი მიზნისაგან აცდენას.
პალატის მოსაზრებით, რადგანაც სადავო საკითხი შეეხება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლას, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების შემოწმება გამკაცრებული ტესტის გამოყენებით ხორციელდება, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ფორმალური მითითება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასა და მისი გამოცემისას კანონით რეგლამენტირებული პროცედურის დაცვაზე, საკმარისი არ არის. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკ-ის 96.1 და 96.2. მუხ.). ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განაჩენით, ზ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულ ზ. ა-ის მიმართ დარჩა უცვლელი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით, ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ განიხილა ზ. ა-ის შუამდგომლობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე და იმ დასაბუთებით, რომ ზ. ა-ის მიერ ჩადენილი იყო საკუთრებისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და სასჯელის მოხდის პერიოდში მისმა ქცევამ გამოიწვია არაერთი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, საბჭომ 2020 წლის 15 ოქტომბრის №02/20/შ/პ-0777 გადაწყვეტილებით მოცემულ ეტაპზე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მსჯავრდებული ზ. ა-ი ნასამართლობის არმქონეა. მას სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი დაეკისრა ჯამში სამჯერ: 2016 წლის 22 სექტემბრის N800534 განკარგულებით მოთავსდა სამარტოო საკანში 13 დღის ვადით; 2016 წლის 17 ნოემბრის N 947816 და 2017 წლის 26 მარტის N226778 განკარგულებებით გამოეცხადა საყვედური, თუმცა, პატიმრობის კოდექსის 87-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, ვადის გასვლის გამო, იგი დისციპლინურ სახდელდაუდებლად მიიჩნევა. გარდა ამისა დადგენილია, რომ ზ. ა-ი დამნაშავედ თვლის თავს და აცნობიერებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს უმაღლესი განათლება, დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, დედა, ორი და და ოთხი დისშვილი. მსჯავრდებული სარგებლობს პაემნისა და სატელეფონო საუბრების უფლებით, გათავისუფლების შემდეგ აპირებს დაკავდეს კერძო ბიზნესით და იზრუნოს ოჯახზე. მსჯავრდებული ზ. ა-ი სასჯელის მოხდის ბოლო პერიოდში დაწესებულებაში იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, ასევე სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ დაზარალებულ ირაკლი ხიჯაკაძეს ზ. ა-ის მიმართ რაიმე მატერიალური ან სამართლებრივი პრეტენზია არ გააჩნია და თანხმობას აცხადებს, რომ ზ. ა-ის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი. პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა წინააღმდეგობაში არ მოდის სასჯელის მიზანთან. შესაბამისად, საკასაციო პალატა მსჯავრდებულის - ზ. ა-ის პიროვნული მახასიათებლების შესახებ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საჭირო აღარ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განაჩენით ზ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდა და მას უნდა მიეცეს საცხოვრებელ ადგილზე, ოჯახურ გარემოში სრულყოფილი რესოციალიზაციის/რეაბილიტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ქმნის ზ. ა-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საფუძველს. შესაბამისად, დასტურდება, რომ საბჭომ 2020 წლის 15 ოქტომბრის №02/20/შ/პ-0777 გადაწყვეტილების მიღებისას არ დაიცვა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობაა.
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, რომლის თანახმად, ის, რაც პატიმრობის დასაწყისში გახლდათ მთავარი არგუმენტი შესაძლოა შეიცვალოს ხანგრძლივი პატიმრობის შედეგად. ამიტომაც, სათანადო დროს განგრძობადი პატიმრობის გადახედვით არის მხოლოდ შესაძლებელი ამ გარემოებებისა თუ ცვლილებების ჯეროვნად შეფასება; ევროპულ და საერთაშორისო სამართალში არსებობს ნათელი მხარდაჭერა იმ პრინციპისა, რომ ყველა პატიმარს, მათ შორის უვადოდ თავისუფლება აღკვეთილებსაც, უნდა მიეცეთ რეაბილიტაციის შესაძლებლობა და გათავისუფლების პერსპექტივა რეაბილიტაციის გავლის შემდეგ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Vinter and Others v. the United Kingdom) N 66069/09, N 130/10, N 3896/10, §111, §114 09.07.2013).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა