Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 172-აპ 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის განაჩენით ა. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა.მ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილის განაჩენით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის განაჩენი ა. მ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით ა.მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა ახალი დანაშაული, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2002წ. 27 აგვისტოს ა. მ-მა ვაზისუბნის დასახლებაში, გზის პირას, ტროტუარის ახლოს, იპოვა გაზეთში გახვეული მომწვანო ფერის ნივთიერება მძაფრი სუნით, რომელშიც შეიცნო ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”. აიღო პირადი მოხმარების მიზნით და შეინახა პერანგის მარცხენა სახელოში, რა დროსაც სახლისკენ მიმავალი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და ჩატარებული პირადი ჩხრეკისას აღმოუჩინეს 10,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”.

მსჯავრდებული ა.მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მას სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია, გზაში იპოვა გაზეთში გახვეული მომწვანო ფერის ნივთიერება, რომელიც არ იცოდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება იყო.

პროკურორი ბ.გ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ა.მელიქიანის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, თავად მსჯავრდებულის მიერ წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებით, ასევე მოწმეების: თ.ა-სა და ზ.ს-ს ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა.მელიქიანმა 2002წ. 27 აგვისტოს ვაზისუბნის დასახლებაში, გზის პირას, ტროტუარის ახლოს, იპოვა გაზეთში გახვეული მომწვანო ფერის ნივთიერება მძაფრი სუნით, რომელშიც შეიცნო ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”. აიღო იგი და შეინახა პერანგის მარცხენა სახელოში პირადი მოხმარების მიზნით. სახლისკენ მიმავალი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და ჩატარებული პირადი ჩხრეკისას აღმოუჩინეს 10,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის საჩივრის მოტივს, თითქოს მან არ იცოდა, რომ ნაპოვნი ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, მისი ქმედება სწორად დააკვალიფიცირა სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწლით და სასჯელი ჩადენილი ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად განუსაზღვრა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილის განაჩენი ა. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.