საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-79(კ-21) 29 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. თ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:გ. თ-ამ 2019 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2019 წლის 1 აპრილის №04/08/17329 წერილისა და 2019 წლის 7 ივნისის №04-1043/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე, ...ის ...ში მე-...სართულზე მდებარე ბინა №23-ის გამოთავისუფლების სანაცვლოდ მოსარჩელისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 იანვრის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოპასუხე მხარე და სსიპ სოპციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად მიუთითა სსიპ დევნილთა, ერკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით გ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ივნისის №04-1043/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ერკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ერკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუქნტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში (..., ...ის ...) არსებული დევნილთა ორგანიზებული განსახლების ობიექტის გამოთავისუფლებისა და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახებისათვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების გადაცემის შესახებ (მათი შემდგომში საკუთრებაში გადაცემით). ვინაიდან მოსარჩელის ოჯახის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილად) სამინისტროს (სააგენტოს) ბაზაში ფიქსირდებოდა ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა N... (..., ...ის ...), იქ მაცხოვრებელ სხვა ოჯახებთან ერთად, განხორციელდა მოსარჩელის ოჯახის მონიტორინგიც. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ გ. თ-ა ფაქტობრივი მდგომარეობით აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა. შესაბამისად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ის (..., ...ის ...) შენობაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, მოსარჩელის დევნილი ოჯახი ვერ მოექცა იმ პირთა წრეში, რომლებიც საგამონაკლისო წესის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილდნენ ხსენებული ობიექტის გამოთავისუფლების სანაცვლოდ. გარდა ამისა, მოსარჩელის დედა, რომელიც ფაქტობრივად მცხოვრებს წარმოადგენდა შესაბამის შენობაში, დაკმაყოფილდა ერთოთახიანი საცხოვრებლით, თუმცა მას მონიტორინგის სამსახურისთვის არ გაუმჟღავნებია ინფორმაცია შვილის ადგილსამყოფელის შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საქმის სააგენტოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. შესაბამისად, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებილით დაკმაყოფილებაზე მოცემულ ეტაპზე უარის თქმის კანონიერება, დევნილთა ორგანიზებული განსახლების ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების დაუდასტურებლობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველ ობიექტებში, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ.
განსახილველ შემთვევაში სადავო არ არის, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე შენობა (ჭიდაობის სპორტ-სკოლა) წარმოადგენს გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის ობიექტს, საიდანაც სახელმწიფომ განახორციელა დევნილი მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. თ-ას სამსულიანი დევნილი ოჯახის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) 1996 წლიდან წარმოადგენს - თბილისი, ...ის ქუჩა N... (ჭიდაობის სპორტ-სკოლა).
ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ივნისის №04-1043/ო ბრძანებით გ. თ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან, ფაქტობრივად არ ცხოვრობდა თბილისში, ბელიაშვილის ქ. №5-ში მდებარე შენობაში, მისი საკითხი განიხილებოდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნებისათვის მიუთითებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და მოწმეთა (ზურაბ კეკუას, ირინე მარხულიას, თამარ მიმინოშვილის, მანანა თოლორაიას) ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებენ გ. თ-ას 1996 წლიდან სადავო მისამართზე რეგისტრაციისა და ცხოვრების ფაქტს. მართალია, ბინების განაწილების დროს გ. თ-ა არ იმყოფებოდა საქართველოში, რადგან მას სეზონურად უწევდა სამუშაოდ წასვლა საზღვარგარეთ, რასაც მოწმობს საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შსს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან მიღებული წერილიც, რომ გ. თ-ა დროგამოშვებით, მოკლე ვადით, გადაადგილდებოდა საქართველოს საზღვარზე. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე პროცესის დროს ეს უკანასკნელი იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა, პროცესში მისი ჩათულობის უზრუნველსაყოფად სააგენტოს კანონით დადგენილი წესით მასთან კომუნიკაცის დამყარებისათვის ყველა გონივრული გზა არ გამოუყენებია, ისევე როგორც არ დაუდგენია სადავო ფართში მისი ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, მოსარჩელის მიერ თბილისის დროებით დატოვება, ავტომატურად არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე მუდმივად სხვა ადგილზე ცხოვრობს. ასევე, ოჯახის შემოწმების დღეს მოსარჩელის მისამართზე არყოფნა არ ნიშნავდა ამ მისამართზე მოსარჩელის არცხოვრების ფაქტის დადასტურებას. შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას, რადგან მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაზე არის დამოკიდებული დავის სწორად გადაწყვეტა. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებობდა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისა და გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის შესაძლებლობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ, კანონით მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზაციის შედეგად, უნდა დაადგინოს გ. თ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე