საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-253(2კ-21) 29 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. გ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. გ-მა 2018 წლის 16 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ და „ვ. გ-ის უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის №39/9 ბრძანების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 23 ოქტობრის №519 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის „ვ. გ-ის უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე“ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ვ. გ-ის უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის №39/9 ბრძანება, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 23 ოქტობრის №519 ბრძანება და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალა ვ. გ-ის უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საკასაციო საჩივრების თანახმად, სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლი ზუსტად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა ერთობლივად დაკმაყოფილება უსახლკარო პირად რეგისტრაციის საფუძველს ქმნის. კერძოდ, ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირის რეგისტრირებული შემოსავალის არარსებობა, ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში, იგი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ უნდა იყოს საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის.
კასატორების მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ვ. გ-ის შემოსავალი ერთობლიობაში აღემატება დადგენილ აუცილებელ საარსებო მინიმუმს, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. მოსარჩელის ოჯახის შემოსავალმა საბანო ბრუნვიდან დაფიქსირებულმა თანხაბ, ბოლო 6 თვის განმავლობაში შეადგინა 3908.86 ლარი. აღნიშნული თანხა კი საკმარისი იყო ვ. გ-ის საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფილსთვის. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელეს კანონიერად ეთქვა უარი უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოსარჩელისთვის უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის საფუძვლით.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესზე“, რომლითაც რეგულირდება პირთა უსახლკაროდ რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. იმავე წესით განსაზღვრულია რეგისტრაციის კრიტერიუმები, პროცედურები და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობები. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულია უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და საცხოვრისით რეგისტრაციის კრიტერიუმები, მათ შორის, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი უსახლკარო პირად დარეგისტრირდება, თუ მას არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან არსებული შემოსავალი არ აღემატება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლის მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის (განაცხადში მითითებული ოჯახის წევრიდან ორი და მეტი პირის შემთხვევაში საარსებო მინიმუმის თანხების ჯამს) თანხის ერთობლიობას.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის უსახლკარო პირად რეგისტრაციისთვის აუცილებელია გამოირიცხოს ზემოაღნიშნული საფუძვლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო, დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, განმცხადებელს უარს ეტყვის უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ. გ-ს უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან შეუასაბამობის გამო იმ მოტივით, რომ მას აქვს შემოსავალი, რაც საკმარისია საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის, კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკიდან“ და სს „საქართველოს ბანკიდან“ საბანკო ამონაწერის მიხედვით ექვსი თვის განმავლობაში მოსარჩელე ვ. გ-ის დებეტი შეადგენს - 644,37 და 3440 ლარს.
საკასაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პირის შემოსავლის ობიექტურად განსაზღვრა. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ვ. გ-ი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2018 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით იღებდა საარსებო შემწეობას ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით. ასევე, დადგენილია, რომ იგი ცხოვრობდა რაიონული გამგეობის მიერ დაქირავებულ ბინაში. ვ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი კი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მას ჰქონდა შემოსავალი, რაც საკმარისი იყო ოჯახის საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის, კერძოდ, სხვადასხვა ბანკებიდან გამოთხოვილი 6 თვის ინფორმაციის მიხედვით, ვ. გ-ის დებეტი შეადგენდა 644,37 და 3440 ლარს, თუმცა ორგანომ არ გამოიკვლია, რომ ამ თანხიდან 2100 ლარი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისგან ბინის ქირის დასაფარად მიღებული კომპენსაცია. აქედან გამომდინარე, 6 თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლები, მიღებული ბინის ქირის - ყოველთვიურად 350 ლარის და იმ დროისათვის განსაზღვრული საარსებო მინიმუმის - ყოველთვიურად 175 ლარის გამოკლებით, საერთო ჯამში 758.86 ლარი, სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ შეიძლება იყოს შესაბამისობაში საცხოვრებელისა და საარსებო მინიმუმისთვის დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან.
ამრიგად, საქმეზე დადასტურებული გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის ვ. გ-ის ოჯახის უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე