Facebook Twitter

ბს-329(კ-19) 28 ოქტომბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ა-ამ 17.05.2018წ. სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის და ნ. ა-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.08.2016წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ნ. ა-ას თანამესაკუთრეთა გრაფიდან ამორიცხვა.

დავის რაიონულ სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. ა-ა, ს. კ-ა, ნ. ა-ი, რ. ა-ი.

რაიონულ სასამართლოში 21.06.2018წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მიღებული განჩინებით დადგინდა უძრავი ქონების თანამესაკუთრეთა სიიდან ნ. ა-ას ამორიცხვის თაობაზე რ. ა-ას სარჩელის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 30.07.2018წ. გადაწყვეტილებით რ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა რ. ა-ას მიერ.

სააპელაციო სასამართლოში 13.12.2018წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მიღებული განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის სტატუსით მონაწილე ნ. ა-ა მიჩნეული იქნა სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ პირად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2019წ. განჩინებით რ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბოლნისის რაიონის სოფ. ...ში მდებარე 3470 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი მონაცემებით სისტემური რეგისტრაციის შედეგად 20.11.2002წ. დარეგისტრირდა ს. ი. კ-ის კომლის საკუთრებად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.08.2016წ. №... გადაწყვეტილებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ნ. ა-ის, ნ. ა-ას, რ. ა-ის, რ. ა-ას და ს. კ-ას სახელზე. ს. კ-ასა და რ. ა-ას (მოსარჩელე) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნულ უძრავ ნივთზე თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ნ. ა-ის, ნ. ა-ას, რ. ა-ის, რ. ა-ასა (მოსარჩელე) და რ. ა-ას (მესამე პირი) სახელზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კომლის ინსტიტუტი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და იგი განსაზღვრული იყო სამოქალაქო კოდექსით (1964 წლის რედაქციით). საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი მახასიათებელი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისთვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. აღნიშნული დებულება გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექის (1964 წლის რედაქცია) 122-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებით, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას მისი წევრების თანასაკუთრებად აცხადებდა. იმავე კოდექსის 125-ე მუხლი საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილს განმარტავდა, კერძოდ, ადგენდა, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 22.09.1992წ. №949 დადგენილების, ასევე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 21.10.1992წ. №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა, გაუქმდა კოლმეურნეობა, რამაც გამოიწვია საკოლმეურნეო კომლის არსებობის შეწყვეტა, შესაბამისად ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და თანაბარ წილად არის იმ პირთა საერთო საკუთრება, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ. საკომლო წიგნში კომლის წევრთა ან კომლის ქონების რეგისტრაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. საკომლო წიგნის ჩანაწერები, როგორც საარქივო დოკუმენტაცია, ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არქივში, თუმცა საკომლო წიგნში რეგისტრაცია და მასში მონაცემების შეტანა/განახლება საკანონმდებლო ბაზის ცვლილებით არ შეწყვეტილა და გაგრძელდა. კომლის ქონების საკუთრებაში/თანასაკუთრებაში აღრიცხვისას მარეგისტრირებელი ორგანო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს საარქივო ცნობებით. სწორედ, საარქივო ცნობა გახდა უძრავი ქონების თანასაკუთრებაში რეგისტრაციის საფუძველი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 01.08.2016წ. №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომლის წევრის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების დროისათვის არსებული პერიოდისა. მოცემულ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს სწორედ საკომლო ურთიერთობებიდან წამოჭრილი სადავო საკითხებიდან. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება მამის კომლიდან მესამე პირის ნ. ა-ას ამოწერის და ქმრის კომლში ჩაწერის თარიღი. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ბოლნისის 14.04.2015წ. საარქივო ცნობის თანახმად, არქივში დაცული ბოლნისის რაიონის ნახიდურის/არახლოს საკრებულოს სოფ. ... 1986–1990 (რეკვიზიტები შევსებულია 1996 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ. ს. ა. ო-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ს. ი-ი - მეუღლე, რ. ა- ნ. - შვილი, რ. ა-ა ნ. - შვილი (გათხოვილია მარნეულში 1991 წელს), ნ. ისა - რძალი, ნ. ა- რ. ო-ი - შვილიშვილი, რ. ა-ა რამილ -შვილიშვილი, ასევე საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 10.08.2017წ. საარქივო ცნობით, დმანისის რაიონის ...ს სასოფლოს საკრებულოს სოფ. ...ს 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი. კ. ჯ-ი ოგ.. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ს. ი. კ-ა - დედა, მ. ს. კ- - ცოლი, მ. ი. კ-ა - შვილი, ნ. ი. კ-ა - შვილი, ი. ი. კ-ა - შვილი, ი. ი. კ-ა - შვილი. ამავე საარქივო ცნობის თანახმად, დმანისის რაიონის ...ს საკრებულოს სოფ. ...ს 1997-2009 წლების საკომლი წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი. კ. ა-ი ოგ.. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მ. სამედ კ-ა - ცოლი, მ. ი. კ. კ-ა - შვილი, ი. ი. ო. კ-ი - შვილი. 18.07.2016წ. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წერილით დგინდება, რომ რუსთავის არქივში დაცული ბოლნისის რაიონის ნახიდურის/არახლოს საკრებულოს სოფ. ... 1986-1990 (რეკვიზიტები შევსებულია 1996 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ. ს. ა. ო-ი (გადახაზულია, გარდაიცვალა 21.05.1990წ.). კომლის შემადგენლობაში ირიცხება ნ. ისა - რძალი. საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს სასამართლოს მიერ სსიპ ეროვნული არქივიდან დამატებით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ნ. ი. კ-ას (ნ. ა-ა) მამის (ი. კ. ა. ო-ი) კომლიდან ამოწერის და ქმრის კომლში (ოჯახის უფროსი ნ. ს. ა-ი - გარდაიცვალა 21.05.1990წ., ნ. ა. ო. ს-ის შემდეგ კომლის უფროსად ჩაწერილია ს. ი. კ-ი) ჩარიცხვის თარიღის თაობაზე. წარმოდგენილი ინფორმაციით მესამე პირი - ნ. ა-ა მამის კომლში ჩაწერილი იყო 1986-1996 წლებში, ქმრის კომლშიც ჩაწერილია 1986-1996 წლებში, მისი ჩაწერა/ამოწერის ზუსტი თარიღი არ დგინდება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უტყუარად არ დგინდება მამის კომლიდან მესამე პირის ნ. ა-ას ამოწერის და ქმრის კომლში ჩაწერის დრო. 1981-1996 წლებში იგი ორივე კომლში ფიქსირდება. მტკიცებულებებს შორის აღნიშნული კონფლიქტი არ შეიძლება გადაწყდეს მესამე პირის უფლების საზიანოდ. იგი ითვლებოდა ქმრის კომლში ჩაწერილად, შესაბამისად, მართებულია მისი დაფიქსირება თანამესაკუთრედ. მესამე პირის უფლების რეგისტრაციისას დადგენილი იქნა მისი იდენტურობა. სარეგისტრაციო ორგანომ შეაფასა მისი დაბადების ადგილი, სახელი, გვარი და ამ მონაცემების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნული სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მამის კომლში და ქმრის კომლში ჩაწერილი პიროვნებები მივიჩნიოთ ერთი და იმავე პიროვნებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. ა-ას მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის რეგიონალური არქივის 10.08.2017წ. საარქივო ცნობის თანახმად, დმანისის რაიონის ...ს სასოფლო საკრებულოს სოფ. ...ს 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი. კ. ა. ო-. კომლის შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად ირიცხება ნ. კ-ა - შვილი. ბოლნისის არქივის 14.09.2015წ. საარქივო ცნობის მიხედვით ბოლნისის რაიონის ნახიდურის (არახლოს) საკრებულოს სოფ. ...ს (კოჩულოს) საკომლო წიგნებში 1986-1990 წლებში (ჩანაწერები არასრულადაა შევსებული 1996 წლამდე) ნ. ა. ო. ს-ის შემდეგ კომლის უფროსად ჩაწერილია ს. ი. კ-ი. კომლის შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად ირიცხება ნ. ი-ა - რძალი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა რეგისტრაციის დროს ნ. ა-ა მიიჩნია ს. ა-ას ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ მიუხედავად იმისა, რომ ნ. კ-ა 1986-1996 წლების საარქივო ცნობის თანახმად ირიცხება მამის კომლში, კომლის წევრად, ამასთან, საჯარო რეესტრმა უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციისას უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიუთითა საგადასახადო სია №1904, რომელიც საჯარო რეესტრში და საქართველოს ეროვნულ არქივში არ არის დაცული. საარქივო ცნობების თანახმად ნ. ა-ა 1986-1996 წლებში ერთდროულად ირიცხება ორ სხვადასხვა კომლში. სააპელაციო სასამართლომ არასრული მონაცემებით არსებულ ჩანაწერებს მიანიჭა უპირატესობა და ნ. ა-ა მიიჩნია ს. ა-ას კომლის წევრად. ერთ შემთხვევაში, ნ. ა-ა რეფორმების პერიოდში - 1996წ. რეგისტრირებულია დმანისში მამის კომლში, ხოლო მეორე შემთხვევაში, 1996წ. შემდგომ ის ფიქსირდება ბოლნისში ს. ა-ას კომლის წევრად, შესაბამისად, სასამართლომ უტყუარად ვერ დაასაბუთა, რომ რეფორმების დროს ნ. ა-ა ირიცხებოდა ქმრის კომლში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებში დაცული უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათის და საკადასტრო რუკის (ტ.1, ს.ფ. 82-84) თანახმად, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 20.11.2002წ. ბოლნისის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 3470 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ს. ი. კ-ის ოჯახის საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 24.08.2016წ. №... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება და ს. კ-ას, რ. ა-ის, ნ. ა-ას, ნ. ა-ის და რ. ა-ას თანასაკუთრების უფლება დარეგისტრირდა ბოლნისის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 3339 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული მონაცემებით) და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე, უძრავ ნივთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი .... განსახილველ შემთხვევაში კასატორის პრეტენზიას შეადგენს აღნიშნულ უძრავ ნივთზე მესამე პირის ნ. ა-ას რეგისტრაციის კანონიერება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 03.06.2016წ. მიღებული იქნა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი კანონის სათაური), რომლის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. ამ კანონით მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ერთ-ერთ დამადასტურებელ დოკუმენტად განისაზღვრა საკომლო წიგნიდან ამონაწერი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 01.08.2016წ. №153 ბრძანებით დამტკიცდა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი“ (ძალადაკარგულია 2020 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით). ამ წესის მე-11 მუხლით განისაზღვრა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე რეგისტრაციის დამატებითი პირობები, კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდებოდა საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების დროისათვის არსებული პერიოდისა (20.09.2007წ.). უძრავ ნივთზე კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდებოდა ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითებოდა კომლის ყველა წევრი და აღინიშნებოდა მათი საერთო საკუთრების შესახებ. საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ პირებს რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საერთო საკუთრების უფლება წარმოეშობოდათ და, ერთ-ერთი თანამესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, მის წილზე საკუთრების უფლება მემკვიდრეობით გადადიოდა. მსგავს დანაწესს შეიცავს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების დღეის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-40 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები. განსახილველ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მოპოვებული საქართველოს ეროვნული არქივის 18.07.2016წ წერილის (ტ.1, ს.ფ. 93-94) თანახმად ბოლნისის რაიონის ნახიდურის/არახლოს საკრებულოს სოფ. ... 1996-2000 წლების (რეკვიზიტები შევსებულია 2012 წლის ჩათვლით) საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერია ს. ი. კ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: რ. ა-ი, ნ. ა-ა, ნ. ა-ი და რ. ა-ა, რომლებიც განსახილველ დავაში მონაწილეობენ მესამე პირების სტატუსით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 10.09.2017წ. საარქივო ცნობაზე (ტ.1, ს.ფ. 14-15), რომლის თანახმად დმანისის რაიონის ...ს საკრებულოს სოფ. ...ს 1997-2009 წლების საკომლო წიგნში ი. კ-ის კომლში მესამე პირი ნ. ა-ა (კ-ა) არ ფიქსირდება. 07.11.2016წ. მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დმანისში, სოფ. ...ში მდებარე 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე რეგისტრირებულია ი. ქ-ის, მ. ქ-ას, მ. ქ-ას და ი. ქ-ის თანაკუთრების უფლება. მითითებული ამონაწერის შესაბამისად ნ. ა-ა (კ-ა) მამის კომლის უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ამდენად, საქმის მასალებში დაცული კომლის წევრთა შემადგენლობის შესახებ ბოლო საარქივო მონაცემებით მესამე პირი - ნ. ა-ა წარმოადგენს ს. ი. კ-ის კომლის წევრს, შესაბამისად, ზემოთ მითითებული ნორმატიული მოწესრიგების საფუძველზე სახეზე იყო ბოლნისის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ნივთზე ნ. ა-ას თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

საფუძველს მოკლებულია კასატორის მიერ სარჩელში მითითებული პოზიცია ნ. ა-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებით უძრავ ნივთზე მოსარჩელის წილობრივი მონაცემების გაზრდის თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 05.09.2016წ. №... გადაწყვეტილებით მესამე პირს - ს. კ-ას და მოსარჩელეს - რ. ა-ას შორის 31.08.2016წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... (ბოლნისის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 3339 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობები) ს. კ-ას კუთვნილ წილზე თანამესაკუთრედ დარეგისტრირდა მოსარჩელე რ. ა-ა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 20.11.2002წ. უძრავ ნივთზე ს. ი. კ-ის ოჯახის საკუთრების რეგისტრაცია განხორციელდა სისტემური რეგისტრაციის შედეგად. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 01.08.2016წ. №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ (ძალადაკარგულია 2020 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით) მე-11 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების თანახმად საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციასა ან „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. №327 ბრძანებულების (შემდეგში – ბრძანებულება) საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საკომლო ჩანაწერებით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირი. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილია ბრძანებულების საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება, უძრავ ნივთზე რეგისტრირდება კომლის წევრთა თანასაკუთრების უფლება. ასეთ დროს რეგისტრაციის მიზნებისთვის გამოიყენება კომლის წევრების შემადგენლობის შესახებ ეროვნულ არქივში დაცული ინფორმაცია. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალებით ბოლნისის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... მოსარჩელე რ. ა-ამ საკუთრების უფლება მოიპოვა ნასყიდობის ხელშეკრულების და არა საკომლო წიგნიდან ამონაწერის (საარქივო ცნობის) საფუძველზე. ს. კ-ასა და რ. ა-ას შორის 31.08.2016წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად ნასყიდობის საგანს შეადგენდა უძრავი ქონებიდან ს. კ-ას კუთვნილი წილი, შესაბამისად, ს. კ-ა 31.08.2016წ. ვერ გაასხვისებდა იმაზე მეტ წილს, რაც მის ხელშეკრულების დადების დროისათვის იყო რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... რ. ა-ას უფლება რეგისტრირებულია 1/5 წილზე, შესაბამისად მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია წილის ის ოდენობა, რაც რ. ა-ამ 31.08.2016წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო. ამდენად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება ნ. ა-ას თანასაკუთრების უფლების გაუქმების შემთხვევაში მისი წილის გაზრდის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2019წ. განჩინება;

3. ო. მ-ს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.04.2019წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი