საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-32(კ-21) 29 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მესამე პირები) - მ. ბ-ი, ნ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
თავდაპირველი მოპასუხეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი; გორის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. გ-ე
მესამე პირები - ზ. ბ-ი, ნ. ბ-ი (ნ. ბ-ის წარმომადგენელი - ზ. მ-ი)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:თ. გ-ემ 2017 წლის 20 თებერვალს და იმავე წლის 27 მარტს სარჩელებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: 1) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 იანვრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00002 ოქმის, 2) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 20 მარტის №მ-186 მიმართვის, 3) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე 241 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი ფართის მ. ბ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 16 იანვრის №... გადაწყვეტილების - სახლამდე მისასვლელი გზის ნაწილში, 4) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00033 ოქმისა და 5) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე 96 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და არასაცხოვრებელი ფართების მ. ბ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილების - სახლამდე მისასვლელი გზის ნაწილში, ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ მაია, ნოდარ და ზ. ბ-ები.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის საოქმო განჩინებით თ. გ-ის სარჩელების გამო სასამართლოს განხილვაში არსებული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად. ამასთან, საქმეში მესამე პირად ჩართული ნოდარ ბიბილაშვილის გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება მისი უფლებამონაცვლის - გიორგი ბიბილაშვილის უფლებამონაცვლეობის დადგენამდე.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე თ. გ-ის განცხადების საფუძველზე, რომელსაც ერთვოდა გიორგი ბიბილაშვილის მემკვიდრის ნ. ბ-ის სამკვიდრო მოწმობა, განახლდა საქმის წარმოება.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვბლედ დადგინდა გორის მუნიციპალიტეტის მერია.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 იანვრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00002 ოქმი მ. ბ-ის მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების შესახებ, სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში, ხოლო სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 იანვრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00002 ოქმის დარჩენილი ფართის დადასტურების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 20 მარტის №მ-186 აქტი, სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში, ხოლო სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 20 მარტის №მ-186 მიმართვის სრულად ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე 241 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი ფართის მ. ბ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 16 იანვრის №... გადაწყვეტილება სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00033 ოქმი მ. ბ-ის მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების შესახებ სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე 96 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და არასაცხოვრებელი ფართების მ. ბ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილება სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მაია და ნ. ბ-ებმა, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს მაია და ნ. ბ-ებმა.
კასატორების - მაია და ნ. ბ-ების მითითებით, სასარჩელო განხილვის საგანია ის გარემოება, რომ მთავარ ქუჩაზე მცხოვრებ მეზობლებს ზედა ქუჩაზე მცხოვრები თ. გ-ე ედავება სახლამდე მისასვლელი გზის შეზღუდვას, რის გამოც მან შეადგინა ნახაზი, რომელიც მოიცავს საკუთარი ეზოდან მთავარ ქუჩაზე გასასვლელს. აღნიშნული ნახაზი, რა თქმა უნდა, მოიცავდა კასატორების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ტერიტორიას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ საკითხი ეხება „აუცილებელ გზას“, თუმცა არც მხარეთა ახსნა-განმარტებებით და არც მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება გზის არსებობის ფაქტი.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ადგილზე დათვალიერება არ მომხდარა არც ერთი ინსტანციის სასამართლოში, რის გამოც სასამართლოებმა ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დაადგენეს, შესაბამისად, მათი სამართლებრივი დასაბუთებაც არასწორია. საქმეში წარმოდგენილი ტოპოგრაფიული სურათებით გარკვევით ჩანს, რომ მოსარჩელეს სახლამდე მისასვლელი სამანქანო გზა აქვს. ექსპერტიზის დასკვნებითაც დასტურდება, რომ კასატორების ეზოდან მოსარჩელეს არავითარი საერთო გზა არა აქვს. სადავო ადგილზე ადრე კედელიც იყო, ანიშნული გარემოებები კი „საერთო მისასვლელი გზის“ არსებობის ფაქტს გამორიცხავს. ამრიგად, კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მაია და ნ. ბ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მ. ბ-ის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის კანონიერება, საერთო სარგებლობის გზის ამ ნაკვეთებში მოქცევის თვალსაზრისით. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, სადავო აქტებით იზღუდება თუ არა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.
საკასაციო პალატა მიუთითებს, „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო ამ დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, რომელსაც უნდა ერთვოდეს მიწის გამოყოფის გეგმა, 1999 წლიდან წარმოადგენდა იმ სახის დოკუმენტებს, რომელიც მხარეს ანიჭებდა შესაძლებლობას, კანონმდებლობის საფუძველზე, მოეთხოვა უძრავ ნივთზე უფლების პირველადი რეგისტრაცია, რა დროსაც რეგისტრატორს შეეძლო ესარგებლა ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესრულებული აგეგმვითი სამუშაოებით და დოკუმენტებით, მათ შორის, სარეგისტრაციო ბარათებით, სარეგისტრაციო მოწმობებით, მიწის ნაკვეთის გეგმებითა და საკადასტრო რუკებით.
მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული სისტემური რეგისტრაციებით დასტურდება, რომ რეგისტრატორის მიერ მოსარჩელისა და მესამე პირების სახელზე განხორციელდა ერთმანეთის მეზობლად მდებარე ნაკვეთების აღრიცხვა. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ სისტემური რეგისტრაციების განხორციელებისას მხარეთა მიერ წარდგენილი მონაცემები საკმარისად ჩაითვალა საკუთრებების რეგისტრაციისთვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებდა რეესტრში ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას, თუ ადგილი არ ჰქონდა მოსაზღვრე მხარეებს შორის შეთანხმებას და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანას, ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებით საზღვრად ითვლებოდა. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას. დასახელებული კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად. ამასთანავე, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი და 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას. აღსანიშნავია, აგრეთვე ის გარემოება, რომ მხარეთა სახელზე რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის. №206 ბრძანებულებით განისაზღვრა, რომ ახალი გეოდეზიური ქსელით შექმნილი ტოპოგრაფიული რუკებით თანდათანობით დაფარვამდე პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მანამდე არსებული გეოდეზიური ქსელები და ტოპოგრაფიული რუკები. ხსენებული ბრძანებულების შემდგომ გამოცემული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის №327 ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც მოხდა მხარეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არ ითვალისწინებდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენას ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა სახელზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაცია წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს და სასამართლო სისტემური რეგიტრაციების მონაცემებს აფასებს და ანიჭებს უტყუარობის, სიზუსტისა და სანდოობის მაღალს ხარისხს იმ გარემოებიდან გამომდინარეც, რომ თ. გ-ის სახელზე ტექბიუროში აღრიცხული საკუთრების ადგილმდებარეობა და საზღვრები ძირითად ნაწილში ემთხვევა სისტემური რეგისტრაციით მის სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებს (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 დეკემბერს მომზადებული სადავო ტერიტორიის ამსახველი ორთოფოტო). გარდა ამისა, მოსარჩელისა და მესამე პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იურიდიულ საზღვრებსა და ადგილმდებარეობასთან მიმართებაში საქმეზე წარმოდგენილია საკადასტრო აზომვითი მონაცემების შემცველი მხოლოდ ორი მტკიცებულება -სისტემური რეგისტრაციისა და ტექბიუროს მონაცემები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 დეკემბერს მომზადებული სადავო ტერიტორიის ამსახველი ორთოფოტოს მიხედვით, მ. ბ-ის სახელზე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები უშუალოდ ესაზღვრება ერთმანეთს და მათში მოქცეულია სისტემური რეგისტრაციით კერძო საკუთრებაში არმყოფი, თ. გ-ის ნაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე საერთო სარგებლობის გზა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა მესამე პირების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერება, იმ გარემოების გამო, რომ დადგინდეს სადავო მიწაზე საერთო სარგებლობის გზის არსებობა-არარსებობა. საქმეზე დადასტურებულია, რომ საჯარო რეესტრში მ. ბ-ის (ასევე თანამესაკუთრის) სახელზე საკუთრების რეგისტრაციისას მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მოხდა მხოლოდ მ. ბ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მეშვეობით, მხოლოდ მის მითითებაზე დაყრდნობით და მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობისა და საზღვრების შესახებ ეს მონაცემები სხვა რაიმე დოკუმენტსა თუ საჯარო რეესტრში დაცულ რაიმე სხვა ინფორმაციას არ ეყრდნობოდა.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სისტემური რეგისტრაციის მონაცემები დაცულია საჯარო რეესტრის სამსახურში, წარმოადგენს რეგისტრირებულ მონაცემებს და მის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ისეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს სხვა უტყუარი და უფრო ზუსტი საკადასტრო აზომვითი მონაცემები, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, მხედველობაში მიეღო ეს მონაცემები, მით უფრო, რომ როგორც აღინიშნა, სხვა პირების დაზუსტებული რეგისტრაცია მთლიანად ემთხვევა სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდნარე, საჯარო რეესტრში დაცული სისტემური რეგისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიაჩნიეს, რომ თ. გ-ის ნაკვეთის აღმოსავლეთით, ამჟამად მ. ბ-ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებობდა საერთო სარგებლობის გზა, რომლის დიდი ნაწილიც დაზუსტებული რეგისტრაციით მოექცა მის პირად, კერძო საკუთრებაში. გზის არსებობის ნამდვილობის დასადასტურებლად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სისტემური რეგიტრაციის მონაცემებზე, რომლის მიხედვით, ნოდარ ბიბილაშვილის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი № ...) და გუგულა ბიბილაშვილის (მარღიშვილის) (საკადასტრო კოდი № ...) მიწის ნაკვეთებს შორის არსებობდა თინა ბიბილაშვილის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...), რომელსაც ამ გზის გარდა, სხვა მისასვლელი არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასაციის ძირითად მოტივს წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთზე საერთო სარგებლობის გზის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შუამდგომლობებით დაკითხულმა პირებმა სასამართლოს განსხვავებული ჩვენებები მისცეს, თუმცა სოფლის საუბნო გზასა და სადავო ფართის გადაკვეთაზე ჭიშკრის არსებობა ორივე მხარის მოწმეებმა დაადასტურეს, ასევე დაადასტურეს ამ გზის თ. გ-ის მიერ სარგებლობის ფაქტიც. ამდენად, უდავოა, რომ ჭიშკრის შიგნით მოქცეულია მიწის ნაკვეთი, რომლითაც სარგებლობდნენ და სამანქანე გზადაც იყენებდნენ როგორც ბიბილაშვილები, ასევე მოსარჩელის ოჯახი. შემდეგ კი ამავე მიწაზე საკუთრების უფლება შეიძინეს ბიბილაშვილებმა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით და განმარტავს, ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა რეგისტრაციების კანონიერება, ხოლო იურიდიული თვალსაზრისით საერთო სარგებლობის გზის არსებობა/არარსებობის დადგენა, სახეზეა მოსარჩელის კანონიერი უფლების შეზღუდვა. სწორედ სამანქანე გზის შეზღუდვით შეილახა თ. გ-ის ინტერესები, მით უფრო, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დაზუსტებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა პირზე რეგისტრაციის საფუძვლით.
რაც შეეხება კასატორების მოსაზრებას დავის სამოქალქო წესით განხილვის თაობაზე, საკასაციო სამსამართლო აღნიშნულთან დაკავშირებითაც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა, აგრეთვე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის აქტების კანონიერების საკითხი, რომლებიც, საარქივო ცნობასთან ერთად საფუძვლად დაედო სადავო რეგისტრაციებს. ამასთან, მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს სწორედ მათ საკუთრებებთან არსებული სასაზღვრო მიჯნების რეგისტრაციის სიზუსტის კანონშესაბამისობა.
საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ როგორც რეესტრის სამსახურის, ასევე გორის მუნციპალიტეტის მიერ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას და მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადასტურებისას (საერთო სარგებლობის გზის ნაწილში) არასწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, რასაც არასწორი სამართლებრივი შეფასება მოყვა, სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება „საჯარო რეესტრის შესახებ“, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებს სასამართლოს მიერ მითითებული საერთო სარგებლობის გზის ნაწილში და შესაბამისად, ამ ნაწილში ექვემდებარება ბათილად ცნობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მაია და ნ. ბ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - მ. ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2021 წლის 4 მარტს №... საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე