საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-91(კ-21) 19 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. ყ-ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ. ყ-მა 2018 წლის 14 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი ოჯახისათვის 120740 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ 2017 წლის 13 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ლ. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის №04/37886 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხეთათვის 2017 წლის 13 ნოემბრის ოჯახის დეკლარაციის „C4“ და „E“ პუნქტებში ცვლილების შეტანის დავალება და მოსარჩელის ოჯახისათვის დეკლარაციის საფუძველზე ახალი სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის ოჯახისათვის 120740 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ 2017 წლის 13 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის №04/37886 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივარი მისი ოჯახისათვის 120740 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ 2017 წლის 13 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი, 2017 წლის 13 ნოემბრის ოჯახის დეკლარაციის „E1“ პუნქტი და მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ცვლილების შეტანა მითითებულ გრაფაში (ელექტროენერგიის ხარჯების სახით); მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის ოჯახისათვის დეკლარაციის საფუძველზე ახალი სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ლ. ყ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ბოლო შესწავლა განხორციელდა 2017 წლის 13 ნოემბერს. შედეგად, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2017 წლის 13 დეკემბერს განისაზღვრა 120740 ერთეულით. აღნიშნული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, ოჯახმა ვერ მოიპოვა ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) დანიშვნის უფლება. სადავო დეკლარაციაში ლ. ყ-ი გაეცნო მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, დაეთანხმა და ყველა გვერდზე დაადასტურა მისივე ხელმოწერით, თუმცა მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით და მოითხოვა სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ 2017 წლის 13 ნოემბერს შევსებული ოჯახის დეკლარაციის და მის საფუძველზე 2017 წლის 13 დეკემბერს მინიჭებული სარეიტინგო ქულის - 120740 ერთეულის ბათილად ცნობა. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხორციელდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული) მონაცემების საფუძველზე, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, პროგრამულად. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, რაც ლ. ყ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია, ოჯახის მიმართ არ დადასტურდა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბერს შევსებული ოჯახის დეკლარაციის და მის საფუძველზე 2017 წლის 13 დეკემბერს ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის - 120740 ერთეულის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
მოცემულ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ლ. ყ-ის ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე მოსარჩელის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს, შიდა სამართლებრივ დონეზე, ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. რაც შეეხება საარსებო შემწეობის დანიშვნას, შეჩერებას, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, რეგულირდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად მიღებული ობიექტური და ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიურების შედეგად მიღებული სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახს კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ამოწმებს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. შემოწმების შედეგად ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს სოციალური შემწეობის მიღების უფლებას. ქულის ოდენობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი გამოთვლის პროცედურა მოიცავს არა მხოლოდ მის მექანიკურ დაანგარიშებას, არამედ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებულ სუბიექტურ ინფორმაციას, საქმეზე დადგენილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭებათ სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების პროცესში. ამრიგად, აუცილებელია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით, რამდენადაც ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს, მათ შორის მიღებულ შემოსავალს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ნოემბერს შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში მოდულში „C - ოჯახის წევრთა განათლება და შემოსავლები“, კერძოდ, C4 გრაფაში დაფიქსირდა, რომ ლ. ყ-მა გასულ 12 თვეში მიიღო ფულადი დახმარება საქართველოში მცხოვრები ნათესავებისა და მეგობრებისაგან 100 ლარი და სხვა არარეგულირებადი ფულადი შემოსავალი 122,55 ლარის ოდენობით, რომელიც ერთჯერადად მიღებული აქვს სს „კოლხეთისგან“. ამასთან, მოდულში „E - კომუნალური ხარჯები“ დაფიქსირდა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადა 273,34 ლარი (E1).
დადგენილია, რომ მოსარჩელემ, 2017 წლის 13 ნოემბერს შევსებული ოჯახის დეკლარაცია და მის საფუძველზე 2017 წლის 13 დეკემბერს მინიჭებული ოჯახის სარეიტინგო ქულა, რამაც შეადგინა 120740 ერთეული, 2018 წლის 26 აპრილს გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და მოითხოვა 2017 წლის 13 ნოემბერს შედგენილი ოჯახის დეკლარაციის და მის საფუძველზე მიღებული იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზე ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა. ადმინისტრაციული საჩივრით ლ. ყ-მა ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურის მიერ მისი ოჯახის შემოწმება და მონაცემების ობიექტურად ასახვა დეკლარაციაში, რადგან დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს; კერძოდ, მას არ გააჩნდა არავითარი შემოსავალი და ასევე არ ჰყავდა ისეთი ახლობელი, რომელიც ფინანსურად დაეხმარებოდა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის №04/37886 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ლ. ყ-ს უარი ეთქვა 2018 წლის 26 აპრილის №40220 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სარეიტინგო ქულა განისაზღვრა ოჯახის დეკლარაციაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და ოჯახის დეკლარაციის სინამდვილეს ლ. ყ-ი ადასტურებდა მასზე ხელმოწერით.
ლ. ყ-ის 2017 წლის 12 ოქტომბრის ახსნა-განმარტების თანახმად (ს.ფ. 100), ოჯახის დეკლარაციის შევსებისას სოციალურ აგენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მატერიალურად დაეხმარნენ 120 ლარით, თუმცა თითქმის 2 თვეა მსგავსი დახმარება მას არ მიუღია. მას ძირითადად ეხმარებიან ეკლესიიდან სურსათით. ამასთან, დასუფთავების თანხას ყოველ თვე იხდის 2,50 ლარს, რაც 1 წლის მანძილზე საშუალოდ შეადგენს 20 ლარს. სს „...ის“ დირექტორის 2019 წლის 16 იანვრის ცნობის თანახმად, სს „...ის“ (...) ყოფილმა თანამშრომელმა ლ. ყ-მა, 2017 წლის მარტში ფირმისგან ერთჯერადი სახით აიღო 122,55 ლარი. კომუნალური გადასახადების ქვითრების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ...ში, ... მ/რ, კორპ ..., ბინა ... გამრიცხველიანებულია მარიამ ყეინიშვილის სახელზე. აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი 2018 წლის 4 ოქტომბრისთვის შეადგენდა 12,80 ლარს, 2018 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით - 11,05 ლარს, 2019 წლის 19 იანვრის მდგომარეობით - 32,29 ლარს, საიდანაც კომუნალური სუბსიდიის მეშვეობით იქნა გადახდილი 10,62 ლარი. (ს.ფ. 62-65). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულია, რომ ლ. ყ-ის ოჯახის დეკლარაციაში ასახულია არაზუსტი მონაცემები, გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ 2017 წლის 9 აგვისტოს შევსებული ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე ოჯახს მიენიჭა 117690 სარეიტინგო ქულა, ხოლო 2017 წლის 13 ნოემბერს შევსებული დეკლარაციით - 120740 სარეიტინგო ქულა, (ს.ფ. 14) თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი 2017 წლის 9 აგვისტოდან 2017 წლის 13 ნოემბრის პერიოდისათვის მოსარჩელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებითაც შეცვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რამაც განაპირობა სარეიტინგო ქულის ზრდა. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გასაჩივრებულ აქტში არ არის მითითებული სოციალური დახმარების მიმღების - ლ. ყ-ის მხრიდან არასწორი ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ოჯახის დეკლარაციის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შედგენა, კერძოდ დეკლარაციაში არასწორი მონაცემების მითითება, რის შედეგადაც ლ. ყ-ის ოჯახს მიენიჭა საარსებო შემწეობის მიღებისათვის საკმარისზე მეტი ქულა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, წარმოადგენს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა