Facebook Twitter

ბს-341(კ-21) 28 ოქტომბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2021წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-მა 06.05.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის გ. გ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. საქალაქო სასამართლოში 16.06.2020წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა მოპასუხის 07.04.2020წ. N03/5306 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.07.2020წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 07.04.2020წ. N03/5306 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გ. გ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) 3.10 მუხლზე, რომლის მიხედვით, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განცხადებებს, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ გარდა ახსნა-განმარტებისა, ვერ წარმოადგინა იმ პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაზეც იგი ამყარებდა თავის გადაწყვეტილებას, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემა მოხდა მ. გ-ზე და არა გ. გ-ის ოჯახზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა, და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 07.04.2020წ. N03/5306 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს. ამრიგად, მოსარჩელე გ. გ-ისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, მისი განცხადების განხილვაზე უარი იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე გ. გ-ს დევნილთა მონაცემთა ბაზის ინფორმაციის საფუძველზე მიღებული ჰქონდა ვაუჩერი, ფაქტობრივად და სამართლებრივად უსაფუძვლოდ მიიჩნია. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავდა პირის უფლებას და ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. გ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2021წ. განჩინება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში დაცული მტკიცებულებები. სადავო აქტის გამოცემა მოხდა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად, რა დროსაც დადგინდა, რომ გ. გ-ი დევნილთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულ იქნა იგივე ნომრით, რითიც მისი და, მარია გ-ი. ამდენად, გ. გ-ი დასთან ერთად, ერთ ოჯახად იქნა უზრუნველყოფილი საცხოვრებელი სახლით, შესაბამისად, გ. გ-ი და მისი ოჯახი განიხილება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, გ. გ-ი 1992-1993წ.წ. არის დევნილი, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, ს. ახალდაბა, ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილია ქ. ქუთაისი, ...ის ქ.N..., შპს „ი...ის“ შენობა, სარეგისტრაციო ნომრით N ....

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 15.06.2020წ. N03-3199 წერილის თანახმად, სააგენტოს დევნილთა ბაზაში არსებული ინფორმაციით მ. გ-ი დევნილად დამისამართებული იყო ქ. ქუთაისში ს/ბ „...ს“ შენობაში 2006 წლის აპრილის ჩათვლით, N... სარეგისტრაციო ნომრით. მონაცემთა ბაზაში დაცული ჩანაწერის თანახმად, 01.05.2006წ. N1889 წერილის საფუძველზე მ. გ-ს დევნილთა ჩასახლების ობიექტის (ს/ბ „...), ხოლო გ. გ-ს დევნილთა ჩასახლების ობიექტის (შპს „ი...ი“) გამოთავისუფლების სანაცვლოდ მიღებული აქვს საკომპენსაციო თანხა ე.წ. ვაუჩერი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზაში განხორციელებული ჩანაწერის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული 01.05.2006წ N1889 წერილი, რომელიც ასახავდა მ. გ-ისა და გ. გ-ის დაკმაყოფილებას, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ 2006 წელს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო არ ახორციელებდა დოკუმენტების სკანირებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულების გარეშე შეუძლებელია გ. გ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ პირად განხილვა. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მ.გ-სა და გ. გ-ს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით მინიჭებული ჰქონდათ ერთი სარეგისტრაციო ნომერი და აქედან გამომდინარე, ორივე პირი განიხილება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მონაცემთა ბაზის მიხედვით, მ. გ-სა და გ. გ-ს მინიჭებული ჰქონდათ ერთი სარეგისტრაციო ნომერი, ამავე ბაზისა და დევნილთა ანკეტის თანახმად, მ. გ-ისა და გ. გ-ის მისამართად მითითებულია განსხვავებული დროებითი საცხოვრებლები: გ. გ-ის შემთხვევაში ქ. ქუთაისი, ...ის ქ.N...(შპს „ი...ი“), ხოლო მ. გ-ის შემთხვევაში ქ. ქუთაისი ს/ბ „...ს“ შენობა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ 2006 წლის დროებითი საცხოვრებელი ფართის გადაცემის (ჩაბარების) აქტზე, ვაუჩერის ნომრით: ..., რომლის თანახმად, აქტის (ვაუჩერის) მიმღები პირია მ. გ-ი, ხოლო მის მისამართზე მასთან ერთად მცხოვრები და ამავე მისამართზე აღრიცხვაზე აყვანილი ოჯახის წევრების გრაფა ცარიელია, შესაბამისად, აღნიშნული აქტი გამორიცხავს პარალელურად გ. გ-ის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა მოცემულ საქმეზე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მასზედ, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ განსახილველ დავაში ვერ წარმოადგინა იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაზეც იგი ამყარებდა თავის გადაწყვეტილებას, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დევნილი ოჯახისათვის ფართის გადაცემა მოხდა მ. გ-ის და არა გ. გ-ის სახელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი