საქმე #ბს-158(2კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სს „...ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 27 ნოემბერს ჯ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა შპს „...ა“.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 24 აგვისტოს უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...) განხორციელებული რეგისტრაციის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 17 თებერვლის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 18 დეკემბრის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 22 ნოემბრის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების (რომლითაც დარეგისტრირდა 202 კვ.მ მიწის ნაკვეთი) ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, 2005 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა ქ. მარნეულში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მდებარე #62 მაღაზიის შენობა დაკავებულ 202 კვ.მ მიწასთან ერთად, რაზეც 2005 წლის 7 თებერვალს ნოტარიუსთან შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება და 2005 წლის 10 თებერვალს გაიცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი #32/3 მოწმობა და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მარნეულის საკრებულოს 01.10.2008 წლის #121 განკარგულებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთს მიენიჭა მისამართი - ქ. მარნეული, ...ის ქუჩა N.... აღნიშნულ უძრავ ქონებას ფლობს და სარგებლობს მოსარჩელე. ვინაიდან ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი ელექტრონულად არ ჰქონდა მოსარჩელეს რეგისტრირებული, მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, თუმცა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთი დარეგისტრირებული იყო ...ის სახელზე, სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი შეწყდა.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 17.07.2007 წლის #1-3/490 ბრძანების მე-5 პუნქტით შეტანილ იქნა შპს „...ის“ საწესდებო კაპიტალში საქართველოს 34 რაიონში განთავსებული მიწის ნაკვეთები (ივარაუდება, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მაღაზიის შენობაც) და ამ ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 27.08.2007 წელს შპს „...ის“ სახელზე დარეგისტრირდა ქ. მარნეულში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მდებარე 62 814 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელშიც შედიოდა საჯარო რეესტრში მანამდე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული #62 მაღაზიის შენობა დაკავებულ 202 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთთან ერთად. მოსარჩელე მიუთითებს, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს მის საკუთრებას და მოითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...ა“.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - ჯიარ ქონების მართვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ჯამბულ ხარაზიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 24 აგვისტოს უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...) განხორციელებული რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 17 თებერვლის #...რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 18 დეკემბრის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 22 ნოემბრის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგისტრირდა 202 კვ.მ მიწის ნაკვეთი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სს „...ამ“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა და სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სს „...ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სადავო შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ ჯამბულ ხარაზიშვილს ქ. მარნეულში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რომლის მესაკუთრესაც ამჟამინდელი მდგომარეობით წარმოადგენს სს ,,...ა“.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ სს ,,...ის“ სახელზე სადავო ნივთის რეგისტრაციის მომენტისთვის (2011წ.), მიწის ნაკვეთი უკვე იყო სისტემური რეგისტაციის სახით რეგისტრირებული მოსარჩელის სახელზე (2005წ.). ამდენად, მიწის ნაკვეთთა ზედდების საკითხი მარეგისტრირებელ ორგანოს სწორედ აღნიშნული, პირველი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა გამოეკვლია და გამოერიცხა სს „ს...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისეთ უძრავ ნივთზე, რომელიც უკვე იყო სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული, თუნდაც დაუზუსტებელი მონაცემებით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარეთა მიერ წარდგენილია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, საგადასახადო ინსპექციის ბრძანება, სასამართლოს დადგენილება), საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ზუსტად მოახდინოს იმ ქონების იდენტიფიკაცია, რომელიც კონკრეტული უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე კონკრეტულ პირს ეკუთვნის, ზუსტად უნდა განსაზღვროს მხარეთა საკუთრების ადგილმდებარეობა, კოორდინატები, კონფიგურაცია, საზღვრები, დაადგინოს თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ განახორციელოს რეგისტრაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტო და სს „...ამ“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებით, სასამართლომ ისე სცნო ბათილად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციები, რომ საერთოდ არ იმსჯელა რეგისტრაციების საფუძვლების შესახებ. ცხადია, სასამართლო მითითებული დავის ფარგლებში ვერ შეისწავლიდა სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს“ ბრძანების კანონიერებას, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ბრძანება ძალაშია და მხარის მიერ გასაჩივრებული არ არის, რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობდა. სასამართლომ აღნიშნული გარემოება საერთოდ არ გაითვალისწინა, არ ასახა გადაწყვეტილებაში და შესაბამისად, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებელი, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
კასატორის - სს „...ის“ მითითებით, იმ რეგისტრაციებთან დაკავშირებით, რომელთა სამართლებრივი საფუძველიც, უფლების დადგენი დოკუმენტი სამოქალაქო დავის საგანია (საუბარია სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 17 ივლისის #1/3-490 ბრძანებაზე, რომლითაც კომპანიის კაპიტალში შეტანილ იქნა სადავო უძრავი ქონება), იურიდიულ ძალას ინარჩუნებს, ანუ არ არის გაბათილებული თავად ის აქტი, რომლითაც დადგინდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტისა და 22 აპრილის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სს „...ის“ საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სს „...ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსდა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სადავო უძრავ ნივთზე სს ,,...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, ჯამბულ ხარაზიშვილის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,...ის“ სახელზე სადავო ნივთის რეგისტრაციის მომენტისთვის (2011წ.), მიწის ნაკვეთი უკვე იყო სისტემური რეგისტაციის სახით რეგისტრირებული მოსარჩელის სახელზე (2005წ.). ამდენად, მიწის ნაკვეთთა ზედდების საკითხი მარეგისტრირებელ ორგანოს სწორედ აღნიშნული, პირველი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა გამოეკვლია და გამოერიცხა სს „ს...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისეთ უძრავ ნივთზე, რომელიც უკვე იყო სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული, თუნდაც დაუზუსტებელი მონაცემებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2013წ. #ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა. მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ მხედველობაშია მისაღები აგრეთვე რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურმა ნებისმიერი სხვა პირის საკუთრებაში უძრავი ნივთის რეგისტრაციამდე უნდა გამოიკვლიოს ნივთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარეთა მიერ წარდგენილია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, საგადასახადო ინსპექციის ბრძანება, სასამართლოს დადგენილება), საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ზუსტად მოახდინოს იმ ქონების იდენტიფიკაცია, რომელიც კონკრეტული უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე კონკრეტულ პირს ეკუთვნის, ზუსტად უნდა განსაზღვროს მხარეთა საკუთრების ადგილმდებარეობა, კოორდინატები, კონფიგურაცია, საზღვრები, დაადგინოს თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ განახორციელოს რეგისტრაცია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...ას“ საკასაციო საჩივარზე 22.02.2021წ. #30144 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...ას“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სს „...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინება;
3. სს „...ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.02.2021წ. #30144 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა