Facebook Twitter

საქმე #ბს-361(კ-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 26 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „...ს“ მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით ჯამში - 15111 ლარის, 2014 წლისთვის ჯამში - 12456 ლარის, 2015 წლისთვის ჯამში - 15984 ლარის, 2016 წლისთვის ჯამში - 16728 ლარის, 2017 წლისთვის ჯამში - 17712 ლარისა და 2018 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1516 ლარის ოდენობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოპასუხე - შპს „...ს“ უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #7-ში #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრე სახელმწიფოსთვის გადაცემა მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #7 (ს/კ ...), წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით, კერძოდ, შენობის #1-ის 1-ლი სართულის 690.46 კვ.მ ფართით და მე-2 სართულის 667.43 კვ.მ ფართით არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს მოპასუხე შპს „...“. მოსარჩელე მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #5000237418 დასკვნაზე, რომლის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #7-ში მდებარე #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი შენობა-ნაგებობა #1-ის პირველ სართულზე განთავსებული 690.46 კვ.მ ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება 2018 წლის იანვრიდან დღემდე შეადგენს - 1049 ლარს, ხოლო მთლიანი შენობა-ნაგებობა #1-ის მეორე სართულზე განთავსებული 667.43 კვ.მ ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება 2018 წლის იანვრიდან დღემდე - 467 ლარს, რაც შეეხება წინა წლების საიჯარო ქირის ოდენობებს: 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 977 ლარი, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 1038 ლარი, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 1332 ლარი, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 1394 ლარი, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 1476 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „...ს“ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ნოემბრის #7/59765, 2018 წლის 23 იანვრის #7/3854 და 2018 წლის 29 აგვისტოს #7/48232 წერილები, რომლითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის მას სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2012 წლის 17 სექტემბრიდან სარგებლობის საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელის განმარტებით შპს „...ს“ არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, მოპასუხე - შპს „...ს“ მიმართ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრების თაობაზე მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად; ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე - შპს „...ს“ მიმართ, შპს „...ს“ უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #7-ში #... საკადასტრო კოდით უძრავი ქონების გამოთხოვისა და თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - შპს „...ს“, მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2017 წლისთვის ჯამში - 17 712 ლარის, ხოლო 2018 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1516 ლარის გადახდა დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლ (პრიმა) პუნქტზე და განმარტავს, რომ მოცემული კატეგორიის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, დადასტურდეს მოპასუხე მხარის მიერ ქონებით სარგებლობის ფაქტი, რაც რა თქმა უნდა, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთია.

კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ წარდგენილ იქნა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც ამყარებდა სარჩელს, მოპასუხის მიერ კი, არ იქნა წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება (მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება), რაც შესაგებელში მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა და გააქარწყლებდა სააგენტოს პოზიციას. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილია წერილობითი სახის მტკიცებულებები, კონკრეტულად, ოქმები და შენობის ფოტოსურათები, აღნიშნულს ვერ დაუპირისპირდება მხოლოდ მოპასუხის ზეპირი ახსნა-განმარტება. ამდენად, სასამართლო განხილვისას მოპასუხე მხარის ზოგადი ხასიათის მითითებებს, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ გააჩნია მატერიალურ-სამართლებრივი შინაარსი. შესაბამისად, სააგენტოს მიერ მითითებული ფაქტები, რომ მოპასუხე 2012 წლის 17 სექტემბრიდან სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არებული ქონებით, სასამართლოს უნდა მიეღო დადგენილად.

სახელმწიფო ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება (რაც გამოიხატა ადგილზე დათვალიერებასა და ოქმის შედგენაში), რომლის უშუალო ფუნქციაა ქონების მართვა და განკარგვა და რომლის ყოველდღიური საქმიანობა ასეთი ქმედებების ადმინისტრირებაა, ჩაითვლება უტყუარად დადასტურებულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით ჯამში - 15111 ლარის, 2014 წლისთვის ჯამში - 12456 ლარის, 2015 წლისთვის ჯამში - 15984 ლარის, 2016 წლისთვის ჯამში - 16728 ლარის, 2017 წლისთვის ჯამში - 17712 ლარისა და 2018 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1516 ლარის ოდენობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - შპს „...ს“, მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2017 წლისთვის ჯამში - 17 712 ლარის, ხოლო 2018 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1516 ლარის გადახდა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ, მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩვრის განხილვის შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია მხოლოდ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით, 2014, 2015 და 2016 წლებისთვის სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის შპს „...სთვის“ თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის საკითხი.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.13 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი #7, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #..., დაზუსტებული ფართობი - 880.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი - ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - მშენებარე I სართული-818.09 კვ.მ, II-სართული - 787.73 კვ.მ, III-სართული - 793.93 კვ.მ, IV-სართული - 127.17 კვ.მ, 2006 წლის 22 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.

საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 7 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #7-ში, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებით სარგებლობს შპს „...“. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 19 დეკემბრის ადგილზე დათვალიერების ომით დგინდება, რომ ობიექტზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #7, საკადასტრო კოდი: #..., არის უკანონო სარგებლობა და განთავსებულია მოძრავი ნივთები, რომლებიც სავარაუდოდ ეკუთვნის, შპს „...ს“ (ს/ნ ...). საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 12 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ ქ.თბილისი, ...ის ქუჩა #7-ში, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებით სარგებლობს შპს „...“.

ამდენად, ზემოაღნიშნული ოქმებით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #7-ში, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებით სარგებლობს შპს „...“. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად მოპასუხე შპს „...ს“ ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, შპს „...“ უძრავი ქონებით სარგებლობს 2017 წლიდან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შპს „...“ აღნიშნული უძრავი ქონებით სარგებლობდა მანამდეც, კერძოდ, 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2017 წლამდე პერიოდშიც, რის გამოც მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული გასაჩივრებულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა