Facebook Twitter

საქმე #ბს-360(კ-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 26 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „...ს“ მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #55-ის მიმდებარე, #... საკადასტრო კოდის მქონე სახელმწიფო ქონებით 2016 წლის 7 დეკემბრიდან 2018 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში არამართლზომიერი სარგებლობის გამო, შპს „...სთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 12697 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, შპს „...“ არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რაც დასტურდება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის აქტით, ადგილზე დათვალიერების ოქმითა და ფოტომასალით.

მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სააგენტოსგან გაფრთხილების წერილი (11.09.2018წ, 24.09.2018წ, 07.12.2018წ. წერილები), რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ, მოპასუხეს არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 2 555 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოპასუხე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელიც სამეწარმეო საქმისნობის განხორცილების მიზნით, არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. აღნიშნული დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით. კასატორის მითითებით, ადგილზე დათვალიერების ოქმით, ფოტომასალით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ორთოფოტოთი და სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხე სწორედ 2016 წლის 7 დეკემბრიდან 2018 წლის 27 დეკემბრამდე სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილით.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.2 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით არამართლზომიერად სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით. ადგილზე დათვალიერების აქტითა და ფოტომასალით დგინდება, რომ მოპასუხე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. კასატორის მოსაზრებით, 2016 წლის 7 დეკემბრიდან სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად ჩაითვლება სააგენტოს მიერ შედეგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი და ფოტომასალა. ოქმი წარმოადგენს ფაქტების კონსტანტაციას, რომელიც ადასტურებს კონკრეტული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #55-ის მიმდებარე, #... საკადასტრო კოდის მქონე სახელმწიფო ქონებით 2016 წლის 7 დეკემბრიდან 2018 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში არამართლზომიერი სარგებლობის გამო, შპს „...სთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 12697 ლარის გადახდის დაკისრება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 2555 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შემოწმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...ს“ მიერ 2016 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი არ დასტურდება.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, შესაფასებელია მხოლოდ 2016 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის შპს „...სთვის“ თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის საკითხი.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.13 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #55-ის მიმდებარე 1089 მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 74,2 კვ.მ შენობა-ნაგებობა #... საკადატრო კოდით სახელმწიფოს საკუთრებად 2016 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. 2018 წლის 27 დეკემბერს აღნიშნულ ქონებაზე ვ. ჯ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...ს“ მიერ 2016 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე შპს „...ს“ მიერ #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებით არამალთზომიერად სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უთითებს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერზე, რომლის მიხედვით, შპს „...“ ...ის ქუჩის მისამართზე მეწარმედ რეგისტრირებულია 2016 წლის 16 მაისს, თუმცა, როგორც 2018 წლის 31 ივლისის აქტიდან ირკვევა, ამ მისამართზე შპს „...ს“ აქვს კუთვნილი ქონებაც, რის გამოც იგი #... საკადასტრო კოდის ქონებით მოსარგებლედ ვერ ჩაითვლება. ამასთან, 2018 წლის 31 ივლისს შედგენილი აქტითა და დათვალიერების ოქმით, ასევე წარმოდგენილი ფოტოსურათები, რომლებიც გადაღებულია 2018 წელს, ვერ დადასტურდება ის გარემოება, რომ შპს „...“ 2016 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე არამარლთზომიერად სარგებლობდა სახელმწიფო ქონებით და ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას.

ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვერ დგინდება შპს „...ს“ მიერ 2016 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი, რის გამოც მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული გასაჩივრებულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა