გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 182-დად 4 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ნ. გვენეტაძე,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ნ. ლ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹ 2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მსჯავრდებულ ნ. ლ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 19 ოქტომბრის განაჩენით ნ. ლ., ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ”ა”, ”ბ”, ”გ” და ”დ” პუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელის ნაწილი _ 2 თვით თ/აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა 3 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 7 თებერვლიდან.
ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ნ. ლ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ ნ. ლ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
მსჯავრდებული ნ. ლ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ ხასიათდება დადებითად, წახალისებულია ერთხელ, მოხდილი აქვს სასჯელის 2/3, არის ავადმყოფი, დაავადებულია ცეროზით, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ჰყავს მეუღლე და ავადმყოფი დედა, რომლებიც შიმშილის ზღვარზე არიან, მათი ერთადერთი მარჩენალი ის არის.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ ნ. ლ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულმა მ. ც-მ სასჯელის 2/3 მოიხადა 2003წ. 17 ივლისს, ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად, სარეჟიმო დარღვევებში შემჩნეული არ არის, მონაწილეობს აღმზრდელობითი ხასიათის საუბრებში, კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მონაწილეობა აქვს მიღებული დაწესებულების ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებში, ერთხელ არის წახალისებული, არის ავადმყოფი, ასევე აქვს მძიმე ოჯახური პირობები, ჰყავს მეუღლე და ავადმყოფი დედა, რომელთა ერთადერთი მარჩენალი არის მსჯავრდებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ იგი პირობით ვადამდე იქნეს განთავისუფლებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე და 610-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებული ნ. ლ. დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლდეს.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.