Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 184-დად 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი, მ. გოგელია

განიხილა ნ. კვირიკაძის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. კ-მ საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის _ ზ. ბ-ს 2003წ. 30 მარტის დადგენილების გაუქმება და მოკვლევის მასალების პროკურატურაში გაგზავნა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2003წ. 9 ივლისის დადგენილებით ნ. კ-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა შემდეგი მოტივით: ნ. კ. არ არის უფლებამოსილი, გაასაჩივროს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც გამოტანილია მისი დის _ დ. კ-სა და ზ. ზ-ს შორის მომხდარი კამათისა და ურთიერთშელაპარაკების ფაქტზე. სასამართლოში ნ. კ-ს არ წარუდგენია დოკუმენტი იმის შესახებ, რომ დ. კ-მ მას მიანდო თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

კერძო საკასაციო საჩივრით ნ. კ. ითხოვს სასამართლო და მოკვლევის დადგენილებების გაუქმებას, ასევე მოკვლევის მასალების პროკურატურისათვის გაგზავნას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოკვლევის დადგენილების გასაჩივრებაზე. მისი აზრით, ის იყო უფლებამოსილი, გაესაჩივრებინა ხსენებული დადგენილება, ვინაიდან სწორედ მისი განცხადების საფუძველზე ჩატარდა მოკვლევა. ზ. ზ-მ თავისი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით შელახა მისი უფლებები.

მოკვლევამ საერთოდ არ იმსჯელა ზ. ზ-ს დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომელმაც შეუმტვრია და დაუზიანა საერთო სარგებლობაში არსებული კარები და ზიანი მიაყენა მას.

პალატის სხდომაზე ნ. კ-ემ მოითხოვა მისი საჩივრის დაკმაყოფილება.

პალატის სხდომაზე დ. კ-მ მოითხოვა სასამართლო და მოკვლევის დადგენილებების გაუქმება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. ჭ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ ნ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის დადგენილება უნდა გაუქმდეს და ნ. კ-ს საჩივრები განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

როგორც მოკვლევის მასალებიდან ირკვევა, 2003წ. 26 თებერვალს ნ. და დ. კ-ებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსს იმის თაობაზე, რომ 24 თებერვალს მათმა მეზობელმა ზ. ზ-მ შეუმტვრია საზიარო კარები, შეიჭრა ყადაღადადებულ ბინაში და დ. კ-ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ნ. და დ. კ-ების განცხადებებისა და მანამდე მიღებული შეტყობინების საფუძველზე ქუთაისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსმა ზ. ბ-მ ჩაატარა მოკვლევა და 2003წ. 9 ივლისს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

პალატა ვერ გაიზიარებს ქუთაისის სასამართლოს დადგენილების მოსაზრებას, რომ ნ. კ. უფლებამოსილი არ იყო გაესაჩივრებინა ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსის _ ზ. ბ-ს 2003წ. 30 მარტის დადგენილება.

საქართველოს სსსკ-ს 269-ე მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 15 დღეში შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორთან ან სასამართლოში დაინტერესებული პირის მიერ. ნ. კ. რომ დაინტერესებული პირია და, ამდენად, სსსკ-ს 269 მუხლის თანახმად, უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ სწორედ მისი და დ. კ-ს განცხადებები გახდა საფუძველი მოკვლევის ჩატარებისა.

ის გარემოება, რომ მოკვლევამ იმსჯელა მხოლოდ დ. კ-სა და ზ. ზ-ეს შორის მომხდარ კონფლიქტზე და ამ ფაქტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, უფლებას არ ართმევდა ნ. კ-ს გაესაჩივრებინა მოკვლევის დადგენილება, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, მოკვლევის ერთ-ერთი საფუძველი გახდა მისი განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა ზ. ზ-ს მხრიდან მისი უფლებების დარღვევის და ზიანის მიყენების შესახებ, რაც მოკვლევის დროს უნდა გამოკვლეულიყო და სამართლებრივად შეფასებულიყო.

ამდენად, პალატა თვლის, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის დადგენილება უნდა გაუქმდეს და ნ. კ-ს საჩივარი არსებითად განსახილველად გადაეცეს სხვა მოსამართლეს.

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით უნდა განიხილოს ნ. კ-ს საჩივარი, შეამოწმოს ქუთაისის შს სამმართველოს უფროსის _ შ. ბ-ს 2003წ. 9 ივლისის დადგენილების კანონიერება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის დადგენილება ნ. კ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გაუქმდეს.

ნ. კ-ს საჩივარი განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.