Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 185-დად 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ნ. ზ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილების 1999წ. 5 ივნისის დადგენილების გაუქმების თაობაზე.

საჩივარი ითხოვს სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების შეცვლას, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გამომძიებლის დადგენილების გაუქმებასა და საქმეზე გამოძიების განახლებას.

აღწერილობითი ნაწილი:

1994წ. 30 მაისს ქ. წყალტუბოს პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მოქალაქე ნ. ზ-ს კუთვნილი 9 სული პირუტყვის ქურდობის ფაქტზე. საქმე გამოსაძიებლად გადაეცა წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილებას. ვინაიდან ვერ დადგინდა, თუU ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, 1999წ. 5 ივნისს საქმის წარმოება შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით. გამომძიებლის ეს დადგენილება 2003წ. 6 მაისს სასამართლოში გაასაჩივრა ნ. ზ-მ და ითხოვა მისი გაუქმება. სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს როგორც სასამართლოს, ასევე გამომძიებლის დადგენილებები და საგამოძიებო ორგანოს დაევალოს ბოროტმოქმედის დადგენა და პასუხისგებაში მიცემა.

პალატის სხდომაზე პროკურორმა დ. ფ-მ მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოქალაქე ნ. ზ-ს პირუტყვის ქურდობა მოხდა 1993-94 წლებში. ამასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 1994წ. 30 მაისს. ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად, გამოძიებამ ვერ დაადგინა ქურდობის ჩამდენი პირი (პირები). დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ს 150-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სასჯელის ღონისძიებად ითვალისწინებდა ერთიდან-ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამჟამად მოქმედი სსკ-ს მე-12 მუხლის შესაბამისად მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც სასჯელის ღონიძიება არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას, წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მიხედვით პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუU ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის დღიდან გავიდა 6 წელი. სსსკ-ს 28-ე მუხლის “ზ” პუნქტით განსაზღვრულია, რომ სისხლის სამართლის საქმე არ შეიძლება აღიძრას, ხოლო აღძრული საქმე უნდა შეწყდეს, თუ გავიდა სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა. კანონთა ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლომ და მიიღოO დასაბუთებული დადგენილება შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის განახლებაზე უარის თქმის შესახებ.

ამრიგად, პალატა თვლის, რომ მოქალაქე ნ. ზ-ს კერძო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოქალაქე ნ. ზ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 ივლისის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ზ-ს საჩივარი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ წყალტუბოს რაიონის საგამოძიებო განყოფილების 1999წ. 5 ივნისის დადგენილების გაუქმების თაობაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.