საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-890(კს-21) 29 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. რ. ა-ი
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ - ა. რ. ა-მა 2020 წლის 3 აგვიტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და „მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2020 წლის 2 ივლისის №1000691598 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ასევე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის, „მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე“ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ა. რ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 2 ივლისის №1000691598 გადაწყვეტილება და სააგენტოს „ა. რ. ა-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე“ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებით აღინიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების ასლი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2021 წლის 6 ივნისს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 7 ივნისიდან და დასრულდა იმავე წლის 21 ივნისს, 24:00 საათზე. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ...ს ფოსტას წარედგინა 2021 წლის 22 ივნისს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა იმავე წლის 23 ივნისს, რა დროსაც გასული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების ასლი სააგენტოს ჩაბარდა არა 2021 წლის 6 ივნისს, არამედ 8 ივნისს, რაც დასტურდება გადაწყვეტილებაზე დასმული შტამპით (მასზე მითითებულია ჩაბარების რიცხვი). ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააგენტოში შესული კორესპონდენცია აღირიცხება ელექტრონულად, (ელექტრონულ რეესტრში), რომლითაც, ასევე, დასტურდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2021 წლის 8 ივნისს ჩაბარების ფაქტი (კერძო საჩივარს თან ერთვის შტამპდასმული გადაწყვეტილებისა და ელექტრონული რეესტრის მატერიალური ასლი).
კერძო საჩივრის ავტორმა სააგენტოს შრომის შინაგანაწესის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით, დამატებით აღნიშნა, რომ სააგენტოში შაბათი და კვირა დასვენების დღეებია, ხოლო სადავო თარიღი - 2021 წლის 6 ივნისი იყო კვირა დღე, რა დროსაც საქმისწარმოებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც უფლებამოსილია კორესპონდენციის მიღებაზე, არ მუშაობდა. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს მითითებულ თარიღში გადაწყვეტილების ჩაბარების შესაძლებლობას.
ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს უალტერნატივოდ ავალებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას. ამასთანავე, საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებისა და გასაჩივრების ვადის დაცულობის საკითხის გამოკვლევისას ზუსტად უნდა განისაზღვროს საჩივრის წარდგენის ვადის ათვლის დაწყების მომენტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამასთანავე, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს გზავნილის მხოლოდ უშუალოდ ადრესატისთვის ჩაბარების მოვალეობას, არამედ კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, გზავნილი შესაძლებელია, ჩაბარდეს სხვა სუბიექტსაც და მაინც ჩაითვალოს ჩაბარებულად. მათ შორის, დასახელებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გამომდინარე, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმეში მითითებულ მისამართზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს. სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. საქმეში დაცულ სასამართლო უკუგზავნილზე ჩაბარების თარიღად მითითებულია 2021 წლის 6 ივნისი (ს.ფ. 160) და მასზე ფიქსირდება შესაბამისი შტამპი და ხელმოწერა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებულ უკუგზავნილზე განთავსებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მითითებული კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ამოიწურა 2021 წლის 21 ივნისს, 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა იმავე წლის 22 ივნისს, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული გასაჩივრების ვადის დარღვევად და საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს კერძო საჩივარზე თანდართულ სააგენტოში დაფიქსირებული კანცელარიის შტამპისა და რეგისტრაციის ბარათზე მითითებით. აღნიშნული დოკუმენტით გადაწყვეტილების რეგისტრაცია ფიქსირდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სადაც რეგისტრაციის თარიღად მითითებულია განსხვავებული დრო - 2021 წლის 8 ივნისი. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩაბარებული დოკუმენტის ადმინისტრაციულ ორგანოში რეგისტრაციის თარიღს, რომელსაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის გზავნილის ჩაბარების დოკუმენტთან შედარებით უპირატესობა არ აქვს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს დოკუმენტის სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან, ვინაიდან საქმეში დაცულ სააგენტოსთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილზე ჩაბარების თარიღად მითითებულია 2021 წლის 6 ივნისი. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას მართებულად იხელმძღვანელა სასამართლოში დაბრუნებული სააგენტოსთვის გზავნილის ჩაბარების დოკუმენტით. საპროცესო კანონმდებლობა მნიშვნელობას ანიჭებს გზავნილის ჩაბარებას ორგანიზაციისათვის და არა მიღებული დოკუმენტის ამ ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციას. ამდენად, კერძო საჩივარზე დართული კანცელარიის შტამპსა და რეგისტრაციის ბარათზე განთავსებული თარიღი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი არ არის.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარისათვის გზავნილის უქმე დღეს ჩაბარება არ აბრკოლებს გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას. გზავნილის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების შემთხვევაში, საპროცესო ვადის ათვლა იწყება მომდევნო დღიდან იმის მიუხედავად, ჩაბარების ან/და მისი შემდგომი დღე უქმეა თუ არა. საპროცესო კანონმდებლობა უქმე დღეს მნიშვნელობას ანიჭებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ასეთ შემთხვევაში ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო კანონმდებლობით არ არის დადგენილი რაიმე სპეციალური მოწესრიგება ისეთ შემთხვევებში, როდესაც გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ხდება უქმე ან დასვენების დღეს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა ვადის ათვლის მიზნებისათვის მითითებას არ ახდენს სამუშაო დღეებზე. განსახილველ შემთხვევაში კი, რელევანტური არ არის აღნიშნულ გარემოებაზე მითითება,
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებით, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე