Facebook Twitter

საქმე #ბს-642(კს-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ფ. (ფ. ) ლ-ოს (კ. ლ-ოს სავარაუდო უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია; ნ. ნ-ე (ნ. კ-ას უფლებამონაცვლე)

მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება

დავის საგანი - უფლებამონაცვლეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 8 სექტემბერს კ. ლ-ოსმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ნ. კ-ას მიმართ.

მოსარჩელემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 აგვისტოს #03/2019 ადმინისტრაციული აქტის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ნოემბრის #427 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული #58 საკუთრების უფლების მოწმობის (თანმდევი შედეგებით) ბათილად ცნობა და ბორჯომის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა #18-ში არსებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მდებარე #3 ოთახის, ფართით 21,8 კვ.მ, საქმეზე დართული #4 ნახაზის მიხედვით, საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანით კ./კ./ლ-ოს საკუთრების უფლების აღრიცხვის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ ნ. კ-ას უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. ბორჯომი, ...ის ქ. #18, ს/კ ..., 51.30 კვ.მ ფართი) ყადაღის დადებაზე იშუამდგომლა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით კ. ლ-ოს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოპასუხე ნ. კ-ას (პ/ნ ...), ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა #18-ში მდებარე, 51.30 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ლ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ლ-ოსმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე, აპელანტი - კ. ლ-ოს; მოწინააღმდეგე მხარე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ნ. კ-ა; მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი; დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, შეჩერდა საქმის წარმოება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგინდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ნოემბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება; ადმინისტრაციულ საქმეზე მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) აწ. გარდაცვლილი ნ. კ-ას უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ნ. ნ-ე და ჩაება საქმის წარმოებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქმეზე, აპელანტი - კ. ლ-ოს; მოწინააღმდეგე მხარე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია; ნ. კ-ას უფლებამონაცვლე - ნ. ნ-ე; მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი; დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, შეჩერდა საქმის წარმოება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით კ. ლ-ოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ ან საქმის წარმოების შეჩერების დადგენილი ვადის გაგრძელების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს განცხადებით აპელანტის (მოსარჩელის) წარმომადგენელს/დაინტერესებულ პირს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე, განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.

პალატის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება შეჩერდა გონივრული ვადით, არაუმეტეს 1 წლისა. საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი იყო აპელანტის (მოსარჩელის) გარდაცვალება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლიდან გამომდინარე, გასული იყო საქმის წარმოების შეჩერების კანონით დადგენილი ვადა - 1 წელი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ განცხადებით მხარეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს და არც რაიმე შუამდგომლობა წარუდგენია დაწესებული ვადის გაგრძელების თაობაზე.

სასამართლოს მითითებით, პალატამ გაითვალისწინა შეჩერების საფუძველი - კ. ლ-ოს გარდაცვალება, ასევე გარემოება, რომ სამკვიდროს მიღების მიზნით საბერძნეთის სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება არ მიიღო საქმის წარმოების შეჩერებიდან 1 წლის გასვლისთანავე. ასევე, გაითვალისწინა მსოფლიოში კოვიდპანდემიით გამოწვეული დაბრკოლებები და მხარის შუამდგომლობას დაელოდა დამატებით 6 თვე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის წარმოების შეჩერების შემდგომ გასული იყო წელიწადნახევარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი და უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. ლ-ოს სავარაუდო უფლებამონაცვლემ - ფ. ლ-ოსმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების შეჩერების ვადის გაგრძელება და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, კ. ლ-ოს პირველი რიგის მემკვიდრემ ფ. ლ-ოსმა მიმართა შესაბამის ორგანოს და დღემდე მიმდინარეობს სამკვიდროს მიღებისათვის საქმის წარმოება.

მარწმუნებელი ცხოვრობს საბერძნეთში, რომელიც, ჩვენი ქვეყანის მსგავსად, კოვიდ ინფექციის გამო, ფაქტობრივად, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში იმყოფება.

სამკვიდროს მიღებისათვის 10.06.2021წ. დასრულდა საქმის განხილვა საბერძნეთში, თესსალონიკის სასამართლოში და მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დადგინდა, რომ გაცემულიყო განმცხადებლისათვის მოთხოვნილი სამკვიდრო მოწმობა. საჩივრის თანახმად, თესსალონიკის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბერძნეთის კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა შევიდეს კანონიერ ძალაში და მხოლოდ მას შემდეგ გაიცემა სამკვიდრო მოწმობა, რასაც მარწმუნებლის გადმოცემით, სჭირდება დამატებით 2 თვე.

კერძო საჩივრის თანახმად, ფ. ლ-ოსს არ დაუკარგავს საქმის განხილვის ინტერესი, პირიქით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების დღიდან განუწყვეტლივ, დაჩქარებული წესით ცდილობს მიიღოს სამკვიდრო მოწმობა, თუმცა მისგან დამოუკიდებელი და საყოველთაოდ ცნობილი მდგომარეობის გამო, ვერ მოახერხა სასამართლოს მიერ დადგენულ ვადაში სამკვიდრო მოწმობის მიღება, რაც მას საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ თესსალონიკის სასამართლოს მიერ მხოლოდ 2021 წლის 10 ივნისს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მანამდე ოფიციალურად ვერ მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების ვადის გაგრძელების მოთხოვნით, ვინაიდან მას არ ჰქონდა მტკიცებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით კ. ლ-ოს სავარაუდო უფლებამონაცვლის ფ. ლ-ოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ლ-ოს სავარაუდო უფლებამონაცვლის ფ. (ფ. ს) ლ-ოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ლ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ლ-ოსმა.

2019 წლის 4 დეკემბრის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე კ. ლ-ოსის წარმომადგენლის თ. ი-ის მიერ წარდგენილ იქნა კ. ლ-ოსის გარდაცვალების აქტიდან ამონაწერი (#33/6/2016), საიდანაც ირკვევა, რომ კ. ლ-ოს გარდაიცვალა 2016 წლის 8 ნოემბერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება, რომლითაც კ. ლ-ოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე, განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. ამავე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.

კერძო საჩივრის ავტორი - მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლე სადავოდ ხდის სააპელაციო საჩვრის განუხილველად დატოვებას იმ პირობებში, როდესაც მან ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2019წ. #ას-899-2019 განჩინებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებში მოქცეული სსსკ-ის 281-ე მუხლი, ვიწრო და კონკრეტული შინაარსის საკანონმდებლო დანაწესია, რომელიც ზოგად სამართლებრივ სტანდარტს განსაზღვრავს, თუმცა ყველა სპეციფიურ შემთხვევას არ ამოწურავს, რაც ნორმის სწორი ინტერპრეტაციის გზით უნდა შეივსოს. მართალია ნორმა სიტყვა-სიტყვითი გაგებით, მოსარჩელის გარდაცვალებისას დავაზე უფლებმონაცვლის ჩაბმას დროის ერთ წლიან მონაკვეთს უკავშირებს, თუმცა ამ დროს გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ: სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით საქმის წარმოების შეჩერების ვადაში გამოიკვეთა თუ არა სავარაუდო უფლებამონაცვლის ვინაობა, რა მოქმედებები განახორციელა სასამართლომ უფლებამონაცვლის დასადგენად, რაიმე ფორმით გამოავლინა თუ არა ნება თავად სავარაუდო უფლებამონაცვლემ დავაში მოსარჩელის ნაცვლად ჩაბმაზე (სასამართლოსთვის - სამკვიდროს მისაღებად სანოტარო ორგანოში შეტანილი განცხადების ან სამკვიდრო მოწმობის წარდგენით), ხომ არ იკვეთება უფლებამონაცვლე მემკვიდრეთა სიმრავლე, ხომ არ არის სავარაუდო მემკვიდრეებს შორის დავა სამკვიდროს მიღებაზე და რა სახის გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გარემოებამ სხვა დავაზე მემკვიდრეთა უფლებამონაცვლედ ჩაბმის პროცესუალურ საკითხზე. ჩამოთვლილი გარემოებების ზედმიწევნით გამორკვევა, შესაძლოა ცალკეულ შემთხვევაში ერთ წელზე მეტ დროსაც მოითხოვდეს“.

ამავე საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ „სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, ტელეოლოგიური განმარტების (სამართლის ნორმის ობიექტური მიზნის განსაზღვრის) მეთოდით უნდა განიმარტოს და ნორმაში უნდა ვიგულისხმოთ შემთხვევა, როდესაც მოსარჩელის გარდაცვალებიდან 1 წლის ვადაში სავარაუდო უფლებამონაცვლის ვინაობა არ გამოიკვეთება. ამ ნორმით, ლიმიტირებული დროის განსაზღვრის მიზანი, სამართალწარმოების პროცესის უსასრულოდ ან/და არაგონივრული დროით გახანგრძლივების თავიდან აცილება და არა სამართალწარმოების განხორციელებაზე უარის თქმაა“. სასამართლოს განმარტებით, „ნორმის ტელეოლოგიური განმარტების ფარგლებში ამავდროულად, საგულისხმოა სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი - საპროცესო ეკონომიის პრინციპით ხელმძღვანელობის სავალდებულოობა და დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება“.

მოცემულ საქმესთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლეს არ დაუკარგავს საქმის განხილვის ინტერესი, პირიქით სააპელაციო სასმართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების დღიდან განუწყვეტლივ, დაჩქარებული წესით ცდილობს მიიღოს სამკვიდრო მოწმობა, თუმცა მისგან დამოუკიდებელი და საყოველთაოდ ცნობილი მდგომარეობის გამო, ვერ მოახერხა სასამართლოს მიერ დადგენულ ვადაში სამკვიდრო მოწმობის მიღება. ამდენად, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლის წარუდგენლობა ობიექტური გარემოებების არსებობამ განაპირობა.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საქმეში წარმოდგენილია თესსალონიკის სამომრიგებლო სასამართლოს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ორდერი #81K/2021 (10.06.2021წ.), რომლითაც ფ. კ-ოის და ს. ლ-ოსი არის მთლიანი ქონების (მოძრავი და უძრავი) განუყოფელი მემკვიდრე ლ-ოს კ. ფ-ოის და ს., რომელიც გარდაიცვალა თესსალონიკში 08.11.2016წ. ასევე, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია სამკვიდრო მოწმობა (07.09.2021წ.), რომლის თანახმადაც, ფ. ლ-ოს არის აწ/გარდაცვლილი კ. ლ-ოს კანონისმიერი მემკვიდრე, შვილი პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლის მიზანი არ ყოფილა საქმის გაჭიანურება, არამედ მან ობიექტური გარემოებების გამო ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გარდაცვლილი პირის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ეწინააღმდეგება საქმეზე სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უპირობო აუცილებლობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლის მიერ წარმოდგენილია სამკვიდრო მოწმობის ორდერი და სამკვიდრო მოწმობა, ამასთან, მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლე საქმის განხილვის ინტერესს გამოხატავს, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს უფლებამონაცვლეობის საკითხზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ლ-ოს სავარაუდო უფლებამონაცვლის ფ. (ფ.) ლ-ოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ლ-ოს სავარაუდო უფლებამონაცვლის ფ. (ფ.) ლ-ოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა