Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 192-აპ 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

მ. ისაევი,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 მაისის განაჩენზე, რომლითაც გ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 19.137-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით მისჯილი სასჯელიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელს იხდის 2002წ. 22 აგვისტოდან.

საკასაციო საჩივრით გ. ხ. მიიჩნევს, რომ არ ჩაუდენია შერაცხული დანაშაული და უკანონოდ არის დასჯილი.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით გ. ხ-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ 2002წ. 22 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12 საათზე, ქ. თბილისში, თავის სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შეეცადა ბაბუის მეუღლის, ლ. ს-ის, გაუპატიურებას, მაგრამ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში ამ უკანასკნელის აქტიური წინააღმდეგობის გამო. ამასთან, დანაშაულის ჩადენას მიუსწრო გ. ხ-ს ბაბუამ _ ა. შ-მა და არ მისცა ძალადობის გაგრძელების საშუალება.

მსჯავრდებული გ. ხ. საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ მას არ ჩაუდენია მასზე შერაცხული დანაშაული.

პალატის სხდომაზე გ. ხ-მა განმარტა, რომ მას სურდა ლ. ს-ის ცემა და არა გაუპატიურება.

პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა კასატორს, შეისწავლა საქმის მასალები და განაჩენის კანონიერება, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით.

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია შერაცხულ დანაშაულში მსჯავრდებულ გ. ხ-ის ბრალეულობა და სასჯელის ზომა განსაზღვრულია მართლზომიერად.

პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება მიღებულია განხორციელებული მუქარითა და დაშინების გზით. გ. ხ-მა ჩადენილი დანაშაული აღიარა არა მარტო წინასწარი გამოძიების დროს, არამედ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროსაც. ამის გამო, მისი თანხმობით, სსსკ-ს 473-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განჩინებით საქმე განხილულ იქნა სასამართლო გამოძიების გარეშე.

გ. ხ-ს მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენა მისივე აღიარების გარდა დადასტურებულია დაზარალებულ ლ. ს-შვილისა და მსჯავრდებულის ბაბუის, ა. შ-ის, ჩვენებებით.

ამრიგად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 მაისის განაჩენი გ. ხ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.